ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გადაცემა დაახლოებით ერთი წლის წინ დააანონსა. მაშინ ის ამბობდა, რომ ქვეყანას “სწორი ანალიზი” სჭირდებოდა და ის ამ დეფიციტის შევსებას აპირებდა. ამისთვის მან საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 60-მდე ადამიანი შემოიკრიბა და იმ მინიშნებით, რომ ჯგუფში უნდა იმსჯელონ, რა გზით განვითარება ქვეყანა 2030-წლისათვის, ამ გაერთიანებას “ საზოგადოება 2030” უწოდა.
IRI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, ქართული მედიის მუშაობა მოსახლეობის 82%-სთვისა მისაღებია, 30% კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თემების გაშუქებისას მედია სრულიად თავისუფალია. შედარებისთვის, 2010 წლის კვლევის თანახმად, მედიას თავისუფლად გამოკითხულთა 11% მიიჩნევდა. მეტად თავისუფალი, მაგრამ რამდენად სასარგებლო? ამ შეკითხვას საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ვერ ან ნაკლებად პასუხობს.
პოლიტიკურ თემებზე მომუშავე მედიის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში. ამისთვის მედიამ მომხმარებელი მაქსიმალურად უნდა მოამარაგოს გადაწყვეტილების მიმღებთა და პოლიტიკურ მოთამაშეთა პოზიციებით, ხედვებით, არგუმენტებით. რა ხდება მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიმღებთა წრე გაუმჭვირვალეა, პოლიტიკურ მოთამაშეთა პოზიციები, ხედვები და არგუმენტები კი - სუსტი და ხშირად არარელევანტური? ალბათ, ხდება ის, რასაც ჩვენს პოლიტიკურ ტოკშოუებში ვაკვირდებით.
სასარგებლოობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ყაირათიანობაცაა. დასავლური რადიო-ტელე სადგურები საკუთარ მედიაპროდუქტს ონლაინ ისე გვთავაზობს, რომ მოსმენა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ აჩქარებულადაც შევძლოთ. ისინი ჩვენს დროს უფრთხილდებიან. იციან, რომ ამ აჩქარებულ სამყაროში რთულია დღეში რამდენიმე საათი მედიას დაუთმო. ჩვენთან რამდენიმესაათიანი ტოკშოუების ავტორები ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. საინფორმაციო გამოშვებებიც კი საათზე მეტია ეთერში. შედარებისათვის - გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყველაზე ხანგრძლივი გამოშვება, რომელიც მთელი მსოფლიოს ამბებს ჰყვება, 35 წუთიანია.
2030 - მსჯელობა თუ ინსტრუქცია?
რა, რა და GDS-ის ეთერში ახლახან გამოჩენილი ყოველდღიური გადაცემა ბევრ დროს ნამდვილად არ გვართმევს. სადაგ დღეებში ქრონომეტრაჟი ნახევარი საათია, კვირაობით, როცა სტუდიას ტელეკომპანიის მფლობელის მამა და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ექსპოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი სტუმრობს - 1 საათი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროდუქტი მაინცდამაინც ფართო მაყურებელზე არაა გათვლილი. ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გადაცემა დაახლოებით ერთი წლის წინ დააანონსა. მაშინ ის ამბობდა, რომ ქვეყანას “სწორი ანალიზი” სჭირდებოდა და ის ამ დეფიციტის შევსებას აპირებდა. ამისთვის მან საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი 60-მდე ადამიანი შემოიკრიბა და იმ მინიშნებით, რომ ჯგუფში უნდა იმსჯელონ, რა გზით განვითარდება ქვეყანა 2030-წლისათვის, ამ გაერთიანებას “ საზოგადოება 2030” უწოდა.
კვირის დღეებში გადაცემა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას არჩევს და მათ შესახებ 2030-ის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გვთავაზობს. წამყვანი მათ ნაწილს 2030-ის წევრად წარადგენს, ნაწილს - 2030-ის ანალიტიკოსად. გადაცემის მეორე ნაწილში რომელიმე კონკრეტულ თემაზე საუბარი საზოგადოების წევრებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით იმართება.
ყოველდღიური გადაცემა “საზოგადოება 2030-ის” საჯარო პლატფორმაა. ეს წინასწარაა დეკლარირებული და, შესაბამისად, თავიდანვეა განსაზღვრული, რომ ამ პროდუქტის ტრადიციული მედიასტანდარტებით განხილვა რთულია. რთულია სამიზნე აუდიტორიის ზედმიწევნით განსაზღვრაც. ამ ასპექტში გასარკვევად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. რადგან „2030“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია, წევრები კი - მისი შერჩეული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემის პირველ ნაწილში ანალიტიკოს-წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ექსპრემიერიც ეთანხმება.
შესაბამისად, ეს გადაცემა, ალბათ, ყველაზე მეტად იმათ დააინტერესებთ, ვინც გადაწყვეტილების მიღებისას ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ითვალისწინებს. ასეთი კი ამ ქვეყანაში ბევრია.
ჯერჯერობით ძნელი განსასაზღვრია, რამდენად გავლენიანია „2030“ პოლიტიკურ პროცესში. ამისთვის საკმარისი დრო არ გასულა. თუმცა, გადაცემაში კონკრეტული გზავნილები ნამდვილად მოვისმინეთ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, 2016 წლის არჩევნებამდე მაჟორიტარული სისტემით არჩევა უნდა რეფორმირდეს. გადაცემაში დაწვრილებით აგვიხსნეს, რა პროცედურები და რა ვადებშია საჭირო, რომ არჩევნებამდე ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მოხერხდეს. იდეას, სავარაუდოდ, ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარებშიც. ზოგადად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ყველა პოლიტიკური ძალა საუბრობდა, ოღონდ ხელისუფლებაში მოსვლამდე. ხელისუფლებებს კი ყოველთვის უჭირთ ამ კომფორტული საარჩევნო ინსტრუმენტის ხელიდან გაშვება. მოკლედ, ამ პროცესზე დაკვირვება 2030-ის გავლენიანობაზეც შეგვიქმნის წარმოდგენას. დანამდვილებით კი დღეისათვის ის ვიცით, რომ გადაცემაში ბევრ ახალგამოჩეკილ ანალიტიკოსსა და ახალ გზავნილს უნდა ველოდოთ.
“რეაქცია” - ყველა კითხვა, ნაკლები პასუხი
ყოველ პარასკევს, 22.00-ზე “რეაქციის” დროა. რეიტინგები ადასტურებს, რომ ამ გადაცემას, რომელსაც ქვეყნის ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი უძღვება, სანახაობას დახარბებული მაყურებელიც და პოლიტიკოსებიც ერთნაირი გულისყურით უყურებენ. გადაცემის სტუმარი, შესაძლოა, არქიმანდრიტი ანთიმოზიც გახდეს და საქართველოს პრეზიდენტიც. წამყვანი “ხალხის ხმაა” - ესაა ორსაათიანი შოუს მთავარი იდეაც - აქ დაისმება ყველა შეკითხვა და მიიღებთ ყველა პასუხს, როგორც გრიგოლია აანონსებს.
შეკითხვების ნაკლებობას “რეაქცია” არ უჩივის. არც სტუმრებისას. ავანსცენაზე მსხდარი მთავარი მონაწილეების გარდა, პირდაპირ ეთერს რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი აუდიტორიაც ესწრება. ეს არ არის სატელევიზიო გამოსახულების “გასაკეთილშობლებლად” უნივერსიტეტებიდან მოყვანილი სტუდენტების ჯგუფი, რომელთაც მხოლოდ მრავალრიცხოვანი, მაგრამ პასიური მაყურებლის ეფექტი უნდა შექმნან. ეს ერთგვარი “ნოეს კიდობანია” - კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ყველა მოსაზრების, თუნდაც ძალიან მარგინალურის, აქტიურად მატარებელი.
გადაცემის დროისა და წამყვანის შთამბეჭდავი ენერგიის დიდი ნაწილი სწორედ ამ აუდიტორიის მართვაში იხარჯება. როგორც ჩანს, ესაა ავტორების მთავარი მიზანიც - ეთერში დაპირისპირების ცეცხლი დაანთონ, რომ ეკრანებს ვერ მოვწყდეთ. ვერც ვწყდებით, როგორც ამას გაზომვადი მაჩვენებლები ადასტურებს.
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებული “რეაქციიდან” მაყურებელს ერთი ნაკლებად ცნობილი მსახიობის უკვე მოარულად ქცეული რეპლიკა დაამახსოვრდა. "ალბათ მოსაკლავი იყო, რამდენი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. იქიდან გადმონაშთია, გამწარებული ყავთ ძალიან ბევრი ხალხი", - უპასუხა ხათუნა ბოკუჩავამ წამოძახილს აუდიტორიიდან. მანამდე სტუდიაში გართულებულ კრიმინოგენურ ვითარებასა და, რამდენიმე მონაწილის ინფორმაციით, პოლიციელებზე გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობდნენ.
ხათუნა ბოკუჩავას გარდა, ინგა გრიგოლიას ტოკშოუს მთავარი სტუმრები იყვნენ თაკო ჩარკვიანი, რომელიც საჯარო სივრცეში ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილად და სამართლიანობის აღდგენის განუხრელ მომხრედ პოზიციონირებს; გადაცემის ხშირი და ფრიად ხმამაღალი სტუმარი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული მაია ორჯონიკიძე და სკანდალური, მაგრამ დაუსაბუთებელი განცხადებებით ცნობილი ელისო კილაძე, რომელიც ამ სკანდალურ განცხადებებს საკუთარი რედაქტორობით გამოცემულ გაზეთ “ქრონიკა +”-ში ტირაჟირებს.
ავანსცენაზე პოლიტიკური კლასისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ერთი წარმომადგენელიც იჯდა - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნანა ყეინიშვილი. გადაცემის წამყვანმა დასაწყისში კი გვითხრა, რომ საზოგადოების პირდაპირი შეკითხვების საპასუხოდ ოფიციოზის წარმომადგენლები იშვიათად არიან მზად და ამ მზადყოფნისთვის ყეინიშვილს განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა, მაგრამ არ განუმარტავს, რატომ არ არიან სტუდიაში ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ თემასთან უფრო რელევანტურად არიან დაკავშირებული.
გადაცემის თემასთან დეპუტატის ერთადერთი ლოგიკური ბმა ის არის, რომ პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების შემდეგ შეიმუშავა, სამი პირი ყეინიშვილის ოჯახის წევრი იყო. ძმები ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები მისი მაზლები არიან. პროცედურის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მის ძმას, ზაზა ყეინიშვილს მიენიჭა. ცხადია, არის შეკითხვების საფუძველი.
თუმცა კითხვები ქალბატონ ყეინიშვილთან საჯარო პოლიტიკაში მის აქტიურ ჩართულობამდეც გაჩნდა. 2001 წლიდან ის საქართველოს “წითელი ჯვრის” პრეზიდენტი იყო.
“რა ხდებოდა ნანა ყეინიშვილის არჩევამდე? ყრილობაზე უაღრესად ნერვული ატმოსფერო იყო. სხდომა მიდიოდა წამყვანის ლამის უწყვეტი ლაპარაკის ფონზე. ჩქარეული ლაპარაკობდა მიკროფონში და ძალიან ხმამაღლა. არანაკლებ მაღალი ხმით ყვიროდნენ ოპონენტები და მომხრეები, რომელთაც სახეები ალეწვოდათ და კისრები დაძაბვოდათ” - იუწყებოდა მაშინ რადიო “თავისუფლება”.
აქტიურ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილმა ქმრის, ურუზმაგ ქარქუსოვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2010 წლის დეკემბერში, მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, თუ მათი მოღვაწეობის ინტერნეტ-კვალს გადავხედავთ. მაშინ რეგიონული მედია იუწყებოდა, რომ ცოლ-ქმარი, პარტიაში გაწევრიანების სანაცვლოდ, ოჯახის თითო წევრს 1000 აშშ დოლარს ჰპირდებოდა.
ყველა კითხვა? ყველა პასუხი? ინგა გრიგოლიას ეს შეკითხვები მისი საავტორო გადაცემის ხშირი სტუმრისთვის ჯერ არ დაუსვამს. ქალბატონი ნანა მწვავე შეკითხვებსაც მშვიდად და მონოტონურად პასუხობს. ისე არა, როგორც, მაგალითად, მაია ორჯონიკიძე, ან ხათუნა ხუბუტია.
“არჩევანი” - საკუთარი არჩევანის დამალვის მცდელობაში
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, გიორგი გაბუნია და მისი გუნდის წევრები დეკლარირებულადაც რომ აღიარებდნენ, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს. როგორც, მაგალითად, ამას ტელეკომპანია “ტაბულა“ აკეთებს.
ცხადია, აქვთ მათ ამის საფუძველი. აქვთ საფუძველი დაასკვნან, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომელსაც ეთერში იწვევენ, რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ისიც დანამდვილებით იციან, სად და ვის მიერ მიიღება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
მაშ რა არის პრობლემა? პრობლემა სუბიექტურობის არაღიარებაშია. გიორგი გაბუნიას სრული უფლება აქვს, რომელიმე პოლიტიკურ ცენტრს უჭერდეს მხარს, მაგრამ უფრო გულწრფელი იქნებოდა, ამის შესახებ მისმა მაყურებელმაც დანამდვილებით იცოდეს. ცოტათი დამაბნეველია, როცა საგანგებოდ უემოციო დიანა ჯოჯუას კოლეგა “კურიერში” ხელისუფლების წარმომადგენლებზე ამბობს ფრაზას - “ისრიალეთ, მაგრამ ფრთხილად, არ მოსრიალდეთ”, საკუთარ საავტორო გადაცემაში კი, ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან ინტერვიუში, როცა რესპონდენტი ყვება - რა უპასუხა ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვით 2008 წელს ძალიან შეწუხებულ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს (“ჩემი პასუხი იყო, სულ რომ ყველა დაგვეღუპოს, ჩვენ არ უნდა გავცეთ პასუხი“), არ დასვა შეკითხვა, მაშ რამ გამოიწვია სამხედრო კონფრონტაცია? წამყვანს არც სააკაშვილის სკურილური ფრაზა შეუმჩნევია შევარდნაძის კაბინეტიდან გადმომხტარი “თვითმკვლელი კატის” შესახებ.
სუბიექტური, საკუთარ მოსაზრებებსა და პოლიტიკურ გემოვნებაზე დაყრდნობილი ჟურნალისტიკის კეთების მთავარი საფუძველი ისაა, რომ შენს ფაქტობრივ თანამოაზრესთან ინტერვიუში კონტრარგუმენტებად ყველაზე რელევანტური, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაზე დამაჯერებელი გარემოებები შეარჩიო და არა ის, რაც შენს რესპონდენტს დღის გმირად წარმოაჩენს. ამ შემთხვევაში ნამდვილად ეხმარები, თუნდაც შენი პოლიტიკური გემოვნების გამზიარებელ ამომრჩეველს, გადაწყვეტილების მიღებაში.
“იმედის კვირა” - ეკლექტიკა არსაით
“ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური სიჭრელე „პლურალიზმს“ და „არაავტორიტარულობას“ კი არ ნიშნავს, არამედ ამორფულ და ამღვრეულ რეალობას, რომელშიც უძრაობა იკიდებს ფეხს. რეალურად ესაა ეკლექტიკა არსაით”, - დაწერა სალომე ასათიანმა პოლიტიკური გარემოს შეფასებისას. თუკი რამე ზუსტად ასახავს იმას, რაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კვირა საღამოს ხდება, ეს სწორედ - ეკლექტიკაა არსაით.
“იმედის კვირის” მაყურებელს არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ხუთი წამყვანი თუნდაც გადაცემის თემატიკაზე არიან წინასწარ კარგად შეთანხმებული და მომზადებულები. ხელოვნურია თემების თითო წამყვანზე პერსონიფიცირებაც, რადგან საბოლოო შედეგით ეს გადაცემა მაინც ინგა გრიგოლიას ერთ-ერთ შოუდ აღიქმება.
გარე მოვაჭრეები ციალა კვერნაძე და თალიკო ჯანჯღავა კვირას „იმედში“ ინგა გრიგოლიამ მოიწვია. თქვა კიდეც - გავიცანი, როცა „რეაქციას“ ვამზადებდიო. ქალბატონები დუხჭირ ცხოვრებაზე საუბრობდნენ, რომ აუცილებელია გარევაჭრობის კანონმდებლობით დარეგულირება, რათა ისედაც შეჭირვებულებს თვითდასაქმების ადგილებისთვისაც აღარ უხდებოდეთ ბრძოლა. მთავარი ამ განცხადებების შემდეგ დაიწყო, როცა ეთერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ჩართეს. ცხადია, როცა შეჭირვებულ ადამიანებს პირდაპირ ეთერში ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეკითხვის დასმის შანსს აძლევ, ძალიან კარგია. მაგრამ, ალბათ, კითხვაც და პასუხიც რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგზე ორიენტირებულადვე უნდა შეარჩიო კონკრეტულ თემებზე მოპასუხე პირი, ან, სულ მინიმუმ, უნდა განმარტო, რატომ იწვევ ერთი შეხედვით არარელევანტურ რესპონდენტს. შესაძლოა, შოუს უფრო წაადგეს, რომ ვაშლზე მოსაუბრეს მსხლის ზედმიწევნით მცოდნემ პასუხობს, მაგრამ საკითხავია, წაადგება თუ არა ამ დისკუსიისას მიღებული ინფორმაცია მაყურებელს?
როგორც ჩანს, „იმედის კვირა“ ქვეყანაში უდავოდ არსებულ სისტემურ სიდუხჭირეზე აკეთებს აქცენტს, მისი ცალკეული შემთხვევების გამოვლენას ცდილობს. სვამს კითხვებს, მაგრამ არსაით.
გუგული მაღრაძეს იმ გადაცემაში დეპუტატის მაღალი ხელფასის გამოც მოსთხოვეს პასუხი. პრეტენზია გულწრფელი იქნებოდა, საკუთარ თავთანაც რომ ასეთი მომთხოვნები ვიყოთ. რთულია განსაზღვრო, რატომაა უფრო სასარგებლო საზოგადოებისთვის ის, რასაც ამ გადაცემის წამყვანები აკეთებენ, სავარაუდოდ, ქალბატონ მაღრაძეზე არანაკლები საზღაურით.