Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელიზაბეთ ჟაკე დე ლა გერი - ბაროკოს ეპოქის ვირტუოზი

01 ნოემბერი 2018

ვუძღვნი თიკო კვალიაშვილსა და გვანცა ბუაძეს - ამ ორ მუსიკალურ სტიქიას. დიდ მადლობას ვუხდი პროფესიონალური რჩევებისათვის, მუსიკალური ტერმინების სამყაროში მოგზაურობისას წინამძღვრობისათვის

ელიზაბეთ-კლოდ ჟაკე დე ლა გერს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს ეპოქის მარგალიტი შეარქვეს, საუკუნის სასწაული, მუსიკალური საოცრება, გენია უწოდეს და კლავესინის ოსტატადაც შერაცხეს (ცხადია, ანრი ჯოხაძეს არასოდეს უნახავს ეს შეფასებები და ამიტომაც, ბუნებრივია, დიდი კომპოზიტორი ქალი ვერ ეღირსა აღიარებას ამ მომღერლისგან). წარჩინებული ხელოვანებისა და მუსიკოსების ოჯახში დაბადებული ქალიშვილი თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ნოტებისა და საკრავებისადმი. სენ-ლუი-ან-ილელი ვუნდერკინდიც კი უწოდეს საოცარი ნიჭისა და შესრულების უჩვეულო, მომაჯადოებელი მანერის გამო. მამამ მისცა დაწყებითი მუსიკალური განათლება. იგი მეორე შვილი იყო კლოდ ჟაკესი და ან დე ლა ტუშისა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ლუი მეთოთხმეტის წინაშე შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები კლავესინის თანხლებით და ასე გაითქვა სახელი, როგორც ნორჩმა გენიამ. გამოხდა ხანი და საფრანგეთის სამეფო კარზე მიიღეს; „მეფე-მზის“ ფავორიტმა, მარკიზ დე მონტესპანმა ითავა მისი მფარველობა და დაოსტატება. ძირფესვიანად შეიცვალა მისი ცხოვრება; იხილა მონარქის ბრწყინვალე, უზრუნველი ყოფა და ეზიარა სამეფო კარის საიდუმლოებებსა და ინტრიგებს. ელიზაბეთი დიდგვაროვნებთან ერთად ცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ, ვიდრე ეს უკანასკნელნი ვერსალის სასახლეში არ გადავიდნენ. შემოქმედებით წვაში გაილია მისი დღენი. აქტიურად წერდა კომპოზიციებს და საოცარი კონცერტებით ატკბობდა მაყურებელს. დიდი აღიარება და პატივი ხვდა წილად. მისი დიდოსტატობის წინაშე ქედს იხრიდნენ ცნობილი კომპოზიტორები, მუსიკათმცოდნენი, მეცენატები, სწავლულები, სამეფო კარზე მოღვაწენი. ქალი რეპეტიტორადაც მუშაობდა, რათა შემოსავლის კიდევ ერთი წყარო ჰქონოდა. მისი შემოქმედება ჟანრთა მრავალსახოვნებითა და ნარფეროვნებით გამოირჩევა. საბედნიეროდ, საკადრისად დააფასეს მისი ტალანტი და მიღწევები.

1687 წელს გამოცემული მისი ნამუშევრები, ე.წ. „განუსაზღვრელი ზომით“ გამოირჩევა (ანუ ნოტის გაჟღერების ხანგრძლივობა არ არის წინასწარ დადგენილი და მთლიანად დამოკიდებულია შემსრულებელზე). ეს გამოცემა პიონერული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის საფრანგეთში არ იყო დაბეჭდილი კლავესინისთვის დაწერილი კომპოზიციების კრებული. 1690 წელს ელიზაბეთმა დაწერა ბალეტი, მაგრამ წლების შემდეგ ხელნაწერი უკვალოდ დაიკარგა. კომპოზიტორს ეკუთვნის ოპერა, „კეფალოსი და პროკრიდე“, 1694 წელს რომ დაიდგა საფრანგეთის მუსიკის სამეფო აკადემიის სცენაზე. კეფალოსისა და პროკრიდეს ბერძნული მითი შთაგონების უშრეტ წყაროდ ექცა. აი, ასე გახდა ელიზაბეთი პირველი ფრანგი ქალი, რომლის დაწერილი დიდებული ოპერაც სასცენო წარმოდგენად იქცა. ესაა ხუთმოქმედებიანი ლირიკული ტრაგედია ალეგორიული პროლოგითურთ.

ცხადია, იგი არ შემოფარგლულა თავის ქვეყანაში გავრცელებული ტენდენციებით; გასცდა საფრანგეთის შემბოჭველ საზღვრებს, მეზობელ იტალიაში ფესვგადგმულ ჟანრებსაც გადასწვდა, არაერთი უკვდავი სონატა და კანტატა უსახსოვრა მსოფლიოს. ელიზაბეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი პიონერი იმათ შორის, რომელთაც ტრიო-სონატა, როგორც ჟანრი, დაამკვიდრეს ბაროკოს ეპოქის საფრანგეთში. ეს ნამდვილად ეგზოტიკა იყო ფრანგ კომპოზიტორთათვის. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ დროს გაუსწრო. მუდამ ხარბად ესწრაფვოდა ახალ-ახალ აღმოჩენებს. დღემდე უდავოდ დგას ნოვატორთა, გარდამქმნელთა, გარდამტეხი ძვრების მომტანთა მოწინავე რიგებში. პროფესიონალების თანახმად, მისი ნაწარმოებები ჭეშმარიტი გენიის ცეცხლითაა დადაღული. მუსიკათმცოდნენი აღნიშნავდნენ, რომ ჟაკე დე ლა გერს თანაბრად შეეძლო ახალ-ახალი მიმდინარეობების შექმნა, თანამედროვე და ანტიკური ჟანრების „ხმაშეწყობილად“ შერწყმა, ოსტატურად შეხამება.

დე ლა გერის ეპოქაში ცხარე კამათი გაჩაღდა იმის თაობაზე, ფრანგული მუსიკა უფრო დიდებული იყო, თუ იტალიური. ელიზაბეთმა თავი აარიდა ამ ბავშვურ შეკითხვას და ასეთი გამოსავალი იპოვა: გადაჭრით მიემხრო „მოდერნისტებს”, ტრადიციონალისტების წინააღმდეგ გაილაშქრა და „გემოვნებათა ჰარმონიულ შეხამებაზე“ გაამახვილა ყურადღება. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია იტალიური მუსიკის გავლენით. ქალმა ყველა ჟანრში სცადა ბედი: ტრადიციულ ფრანგულ პიესაში, სასულიერო და საერო მუსიკაში, სონატაში, კანტატაში...

სებასტიან დე ბროსართან ერთადაც მუშაობდა. 1707 წელს გამოაქვეყნა ვიოლინოსათვის და კლავესინისათვის დაწერილი ექვსი სონატა და სხვა კომპოზიციები. მისი უდიდებულესობა ძალზე თავაზიანად ესაუბრა მადმუაზელ დე ლა გერს... ხოტბა შეასხა და დიდად შეაქო კიდეც მისი სონატები... მისმა სიტყვებმა დაგვარწმუნა, რომ მეფეს არა მხოლოდ დიდებული ეჩვენა მისი მუსიკა, არამედ ორიგინალურიც, რაც დიდი იშვიათობაა დღეს. ასეთი კომპოზიტორი სანთლით საძებარია!“ - იხსენებს იგი. იმ ეპოქაში (და არა მხოლოდ) ქალებს მხოლოდ დაწყებით მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ. იძულებული იყვნენ, მოყვარულის სტატუსს დასჯერებოდნენ. წარმოუდგენელი სკანდალი ატყდებოდა ხოლმე, როცა ქალი განიზრახავდა დამოუკიდებლად გზის გაკვალვას, კარიერული მწვერვალების დაპყრობასა და ,,მოყვარულის“ ხატის დამსხვრევას. ელიზაბეთმა მშვენივრად იცოდა, ქალისთვის „შეუფერებელ“ საქმეს რომ მიჰყო ხელი; გააზრებული ჰქონდა, რა ბარიერებს აწყდებოდნენ თავისი სქესის წარმომადგენელნი. ხელმწიფის მფარველობამაც კი ვერ დაიცვა გენდერული დისკრიმინაციისაგან, რამეთუ მოღვაწეობდა იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. ცხადია, სქესის გამო ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, ვერ შეაღო უნივერისტეტის კარი და ვერც სამეფო კარზე მოიპოვა ფორმალური თანამდებობა იმავე მიზეზით. გარდა ამისა, ქალი კომპოზიტორების, მუსიკოსებისა და შემსრულებლების საზღვარგარეთ გამგზავრება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც, ჟაკე დე ლა გერი ისე ხშირად ვერ დაიარებოდა იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში, როგორც მისი კოლეგა კაცები. კომპოზიციების წერა და მით უმეტეს, გამოქვეყნება, უღირს საქციელად, ამბიციურ ნაბიჯად და კარიერისტობად მიიჩნეოდა (ქალისთვის).

სულ რაღაც 26 წლის იყო, როცა ცნობილმა მეცენატმა, ერუდიტმა და მწერალმა, ევრარ ტიტონ დიუ ტილემ, დაწერა მის შესახებ: "სასწაულებრივი ნიჭი აქვს... საოცრად ლაღად უკრავს პრელუდიასა და ფანტაზიას“. სწავლულმა ყურადღება გაამახვილა მის დიდოსტატობაზე, შემოქმედების მრავალფეროვნებაზე, დახვეწილ გემოვნებასა და ორიგინალობაზე. 1732 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - “Le Parnasse Français” - ავტორმა ხოტბა შეასხა დიად ფრანგ კომპოზიტორებსა და მწერლებს. ამ სიაში აღმოჩნდა ელიზაბეთ ჟაკე დე ლა გერიც. ელიზაბეთი იყო პირველი ფრანგი კომპოზიტორი, რომელმაც სასულიერო კანტატა, როგორც ჟანრი დაამკვიდრა თავის ქვეყანაში. გარდა ამისა, სწორედ ის გამოდგა ერთ-ერთი იმ პიონერთა შორის, ოპერა-ბალეტი რომ შექმნეს. მისი ნაწარმოებები ხშირად იდგმებოდა სამეფო აკადემიაში.

ჟაკე დე ლა გერს არასოდეს მოჰკლებია მაქებარ-მადიდებელი. რასაკვირველია, მეფისა და მისი ფავორიტის კეთილგანწყობაც მხნეობით ავსებდა. მუსიკათმცოდნეთა შეფასებით, მისი კომოზიციები შარავანდედივით აცისკროვნებდა მონარქის ზეობის წლებს; განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამეფო კარზე მიღებულ ინტელექტუალთა წრეში. უდავოდ იდგა შემოქმედებით ავანგარდში, რამეთუ შექმნა ძალზე ინდივიდუალური, ყველასაგან გამორჩეული, განუმეორებელი სტილი და გამომსახველობითი მრავალფეროვნებითაც ისახელა თავი.

1707 წელს გამოქვეყნდა მისი ახალი კრებული, სახელწოდებით: “Pièces de Clavecin qui peuvent se jouer sur le Violon”. ამას მოჰყვა ექვსი სონატა ვიოლინოსა და კლავესინისათვის. ეს ნამუშევრებია ბრწყინვალე მაგალითი ახალი ჟანრისა. გვნუსხავს „ობლიგატო“ (რომელიმე საკრავის პარტია, რომლის გამოტოვება არ შეიძლება და აუცილებლად უნდა შესრულდეს) და ვიოლინოს კვნესა. კომპოზიტორმა მადლობა გადაუხადა მონარქს მხარდაჭერისათვის, რამეთუ მან თავიდანვე შეამჩნია მისი ბრწყინვალე ნიჭი და მიდრეკილებანი. ამიტომაც, კომპოზიტორმა ხელმწიფეს მიუძღვნა ნაშრომი. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მიუბრუნდა ვოკალურ ნაწარმოებებს და გამოსცა ორი წიგნი სათაურით: “Cantates françoises“. მისი უკანასკნელი ნამუშევარი იყო საერო კანტატების კრებული, 1715 წელს რომ იხილა მზის სინათლე.

არც თანამედროვე ეპოქაში განელებულა ინტერესი მისი შემოქმედებისადმი. ჟაკე დე ლა გერს სიცოცხლეშივე ეწვია საერთაშორისო აღიარება, დიდება და სახელი, რადგან მისი შემოქმედება მოიცავდა არა მხოლოდ ოპერებს, კანტატებსა და სონეტებს, არამედ „ბასო კონტინუოსაც“ და ასევე, კლავესინისთვის დაწერილ სიუიტებსაც. სწორედ ამ მიღწევებისათვის უწოდეს „სწორუპოვარი“, „უბადლო“, „ნაყოფიერი გენია“ და „სასწაული“. სერ ჯონ ჰოუკინსი ყურადღებას ამახვილებდა კომპოზიტორის ნაწარმოებების ჰარმონიულობაზე, ჟანრთა სიუხვესა და სინატიფეზე, რომელიც, მისივე თქმით, საუკუნოდ ატყვევებდა მსმენელს. « La merveille de notre siècle » („ჩვენი საუკუნის სასწაული/საოცრება/საკვირველება“). სერ ჯონი მკითხველს მოუთხრობს, რაოდენ ბრწყინვალე ნიჭით იყო დაჯილდოებული ელიზაბეთი; რა ოსტატურად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს; რაოდენ შესანიშნავად უხამებდა ერთმანეთს სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობას, პრელუდიასა და ფანტაზიას. სწავლულები გამუდმებით უსვამდნენ ხაზს იმ უხვ, მრავალფეროვან, ნატიფ ჰარმონიას, მის კომპოზიციებში რომ ჟღერს; მის მრავალნაწილიან სონატებს, მაღალი ოსტატობის ნიმუშებს, მკვეთრი მელოდიითა და თამამი ჰარმონიით შემკულთ. მუსიკათმცოდნენი დღესაც შეისწავლიან ელიზაბეთის ნაწარმოებების ფორმას, კომპოზიციურ ტექნიკასა და შინაგან არქიტექტონიკას, მისი საერო კანტატების სტილისტურ თავისებურებებს და ა.შ. მათი თქმით, იგი უჩვეულოდ იყენებდა ბასს, გრავესა და ობლიგატოს. სწავლულებმა აღნიშნეს, რომ ჟაკე დე ლა გერი იყო პირველი ფრანგი კომპოზიტორი, რომელმაც გამოიყენა ვიოლა ბასის „გასაორმაგებლად“. მუსიკათმცოდნეებმა გამოაცალკევეს მისი სტილისა და ზოგადად, შემოქმედებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მაჟორისა და მინორის უეცარი, მაგრამ ხმაშეწყობილი მოდულაცია, თამამი, ჰარმონიული პროგრესია, დამატყვევებელი სინკოპები და ა.შ. ჟაკე დე ლა გერი იმ თვალსაზრისითაც გამოირჩეოდა თავის თანამედროვეთაგან (მაგალითად, ფრანსუა კუპერენისა და ლუი-ნიკოლა კლერამბოსაგან), რომ არ იკმარა ერთი ჟანრის კომპოზიციების შექმნა, სიმამაცე გამოიჩინა, მრავალფეროვანი შემოქმედებით დაიმკვიდრა ადგილი მუსიკის ოქროს ფონდში და სავსებით სამართლიანად გაითქვა სახელი ამის წყალობით. რაც მთავარია, სწავლულები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კომპოზიტორი თანაბარი ოსტატობითა და ორიგინალობით გამოირჩეოდა ყველა ჟანრში და არცერთი ცალკეული ტიპი და „სახესხვაობა“ არ გამხდარა მისი მარცხის მიზეზი. ჟაკე დე ლა გერი თავის ნებაზე ცვლიდა საკუთარი ნაწარმოებების ფორმალურ „ყალიბს“, რათა კიდევ უფრო გაემძაფრებინა ემოცია, უფრო მკვეთრად და მკაფიოდ გამოეხატა ლიბრეტოს ღრმა აზრი და მნიშვნელობა; ამ ექსპრესიისთვის რომ მიეღწია, მუსიკალურ ქარგაში კოხტად აქსოვდა ინსტრუმენტულ სიმფონიას, არიოზოს მონაკვეთებს, იყენებდა რეჩიტატივს, ცვლიდა ტემპს არიებში... გარდა ამისა, დროდადრო ჩამოწოლილი მდუმარება (ესეც ოსტატურად ჰქონდა წინდაწინ გათვლილი) მეტად ამძაფრებდა დრამატულ ეფექტს.

სამწუხაროდ, დიდი უბედურება დაატყდა თავს კომპოზიტორს. გაცისკროვნებული ზეცა საავდრო ღრუბელმა დაფარა. ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალა ხელიდან საყვარელი ადამიანები და ახლობლები: დედა, ერთადერთი ვაჟი, მეუღლე, ძმა... სულიერად გატეხილი და დაძაბუნებული ქალი სიკვდილამდე განაგრძობდა ნაყოფიერად მუშაობას. ბაროკოს ეპოქის ეს ვირტუოზი და საუკუნის სასწაული 1729 წლის 27 ივნისს აღესრულა. „ნაყოფიერ გენიად“ შერაცხულმა შემოქმედმა დაგვიტოვა ულევი და უკვდავი მემკვიდრეობა, რომელიც თვალისმომჭრელი შარავანდედივით აცისკროვნებს არა მხოლოდ ბაროკოს ეპოქის, არამედ ყველა დროის ხელოვნებას, მაგრამ ანრი ჯოხაძეს მაინც არაფერი სმენია მისი სიდიადისა და გენიის შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^