ავტორი: ნინო დალაქიშვილი
უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხმა განხეთქილება საქართველოს ეკლესიაში მნიშვნელოვნად გამოკვეთა. ყველაზე „მყარი“ არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს ერთმორწმუნე უკრაინელების ავტოკეფალიის აღდგენას მხარი ქართულმა ეკლესიამ, თავად ეკლესიის საუკეთესო ინტერესს ეყრდნობა. ამ მოსაზრების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს დასჯის იმით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციას აღარ აღიარებს. ავტოკეფალიის ცნობის მომხრენი კი ამბობენ, რომ ეს არგუმენტი რეალურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყოველთვის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ამდენად ავტოკეფალიის საფუძველი ადგილებზე არ არსებობს...
გარდა ამისა, პოლიტიკური მოცემულობის თანახმად, რუსეთი, ფაქტობრივ დონეზე, არაფერს აკეთებს ქართული ეკლესიის ადგილზე განმტკიცებისთვის. პირიქით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყველანაირად ცდილობს ქართველი მღვდელმსახურების საქმიანობის ხელშეშლას, პარალელურად კი იქ რუს მღვდელმსახურებს გზავნის. ასევე, არაერთი ფაქტია ქართული ეკლესიების იერსახის დამახინჯებისა იმ მიზნით, რომ შეუძლებელი აღმოჩნდეს მისი იდენტობის გარკვევა სამომავლოდ.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხის ლობირებაში აქტიურადაა ჩართული უკრაინის ხელისუფლებაც.
რონდელის ფონდმა თბილისში დისკუსია გამართა სახელწოდებით „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლი უკრაინის ისტორიაში“, სადაც უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა განაცხადა:
„უკრაინის ეკლესია ძველი ეკლესიაა. კითხვას იმის შესახებ, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხის სურვილს დამოუკიდებელი ეკლესიის შესახებ, ცალსახა პასუხი აქვს: დიახ, რა თქმა უნდა. სწორედ ეს ხალხია ხელისუფლების ძალაუფლების წყარო და მათი სურვილი ჩვენთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სიახლე გახლავთ უნარები და შესაძლებლობები უკრაინელებისთვის, ილოცონ თავის ეკლესიაში, უკრაინულ ეკლესიაში. სწორედ ეს ცვლის ვითარებას. პროვოკაციები კი ყოველთვის მოსალოდნელია, როდესაც გყავს ისეთი მეზობელი, როგორიც პუტინია“.
შეხვედრაზე მოსულმა უკრაინის წარმომადგენლებმა დამსწრეებისთვის სპეციალური მასალა მოამზადეს, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, როგორ და რამდენად ინტენსიურად იბრძოდნენ უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის მისაღწევად.
პავლო კლიმკინი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთან ინტერვიუ ამერიკის ხმის უკრაინულმა რედაქციამ ჩაწერა, იმის შესახებ, თუ რა რეაქციაა მოსალოდნელი უკრაინის მხრიდან საქართველოს პოზიციაზე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და უღიარებლობის შემთხვევაში, ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ხედავს:
„საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. გვჯერა, რომ თანდათან მოვიპოვებთ აღიარებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვინც ახლა ამბობს, რომ ეს რთულია, შეუძლებელია ან შესაძლებელია, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათ აღიარებასაც მივიღებთ და რა თქმა უნდა, მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც. მახსოვს, ჩემი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -სთან. ეს ძალიან თბილი და ადამიანური შეხვედრა იყო და მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია. მითხრა: „აქამდე თქვენ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა იბრძოლოთ“.
ამასობაში, ქართულ ეკლესიაში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის თაობაზე განხეთქილება იმ დონემდე გაღრმავდა, რომ საკითხზე განსხვავებული მოსაზრების გამო, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი გარიცხეს. ამის თაობაზე დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დღეს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი გარიცხეს-გააგდეს საბჭოური ფორმებით: გაკიცხეს აკადემიურ საბჭოზე, რომელიც საბჭოური პარტკომის სხდომას უფრო ჰგავდა შინაარსით. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი გოჩა ბარნოვი კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის აღიარება საქართველოს ეკლესიაზე რუსულ გავლენებს დაადასტურებს,“- ნათქვამია დეკანოზის პოსტში.
თავად გოჩა ბარნოვი კი აცხადებს, რომ მისი ლექციებიდან ჩამოშორების ძირითადი მიზეზი თავისუფალი აზრის გამოხატვაა. სასულიერო აკადემიაში კი აცხადებენ, რომ პროფესორთან მიმართებით საკითხი ორშაბათს, გასაუბრებაზე გადაწყდება.
"ამერიკის ხმა" ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს ესაუბრა, რომელიც სინოდის წევრებს შორის უმცირესობაშია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გამო. ჩვენ მას იმის თაობაზე ვკითხეთ, რამდენად რეალურ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის უფლებების შეზღუდვას.
„რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“,- გვეუბნება მიტროპოლიტი გრიგოლი.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან თბილისში კარგად ესმით, რა ემუქრება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“. მეუფე გრიგოლი ამბობს:
„ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ მიაღებინონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. მის (ილარიონ ალფეევი - ნ.დ.) არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყებს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას“.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას მიტროპოლიტი გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზე. ის აღიარების პროცესს მრავალმნიშვნელოვნად ხედავს, რომელშიც, მისი აზრით, სახიფათო ნაღმებია დამალული.
„ამ საკითხში იმდენად ძლიერია პოლიტიკური შემადგენელი, რომ რელიგიურს ტოლს არ უდებს. იქნებ, საზოგადოების აზრი შეგვესწავლა და ის გაგვეზიარებინა? ეს თემა იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მისი გავლენა აისახება არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყანის ცხოვრებაზე. მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ეკლესიას ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, საქართველო დააბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც გამოვედით, მაგრამ ბოლომდე არ დაგვიღწევია თავი. ესაა საბჭოთა მენტალიტეტის, საბჭოური ისტორიის წიაღი. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პროცესია. ბოლომდე არ ვართ წარსული გავლენებისგან თავისუფალი“,- გვეუბნება მიტროპოლიტი გრიგოლი.
რამდენად ბევრი თანამოაზრე ჰყავს ფოთისა და ხობის ეპოსკოპოსს სინოდის წევრებს შორის, ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ ვერ გვეტყვის, რადგან არ იცის. თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდამჭერები უმრავლესობაში არ არიან. იმედის ერთადერთ ეფექტს იმის თაობაზე, რომ ქართულმა ეკლესიამ საკითხზე, შესაძლოა, უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღოს, ის ქმნის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
„ამერიკის ხმის" მასალა