„ბავშვობიდან მინდოდა საქართველოში ცხოვრება, როგორც ჩემი მამა-პაპის სამშობლოში და ვფიქრობდი, რომ ის ჩემი ქვეყანაც იყო“.
ხალილ სარვაროვი ადიგენიდან გადასახლებული მესხების შთამომავალია და ის ახლა თავის ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში ცხოვრობს. ხალილი ახლა 28 წლისაა და ამბობს, რომ მას და მის ოჯახს საქართველოსთან დიდი ისტორია აკავშირებს.
სარვაროვი ამბობს, რომ სწორედ ამ გენეტიკური მეხსიერების გამო თავს ვალდებულად თვლიდა, ეს კავშირი არ გაეწყვიტა და ამიტომ საქართველოში დაფუძნება გადაწყვიტა. ამ მიზნის მისაღწევად მან რამდენიმე წელი ქართული ენის სწავლას დაუთმო და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.
სწავლის პარალელურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, რომლებიც მესხების თემას უკავშირდებოდა.
თუმცა ის უნივერსიტეტის ბოლო სემესტრის დასრულებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, საზაფხულო არდადეგებიდან (2018 წლის 7 ოქტომბერს ) საქართველოში მომავალი ხალილი მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს.
მისი თქმით, მას უარის მიზეზი არ განუმარტეს. ის დღემდე ცდილობს შესაბამისი უწყებებისგან იმის გაგებას, თუ რატომ უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე.
„მე ჩამოვედი საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებიც მესხებთან დაკავშირებით მუშაობს. ეს ორგანიზაცია ეხმარება მესხებს, რომლებიც მსოფლიოს 10 ქვეყანაში ცხოვრობენ. საქართველოში ჩამოვედი ისევე, როგორც სხვა სტუდენტები ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. თუმცა უმრავლესობა აზერბაიჯანიდან იყო. მე ჩამოვედი, როგორც მესხების შთამომავალი“, - ამბობს ხალილ სარვაროვი.
ხალილი ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქართულ ენას. ამის შემდეგ კი ჩააბარა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ამბობს, რომ ყოველთვის ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემას, რომელიც საზღვარზე შეექმნა სხვადასხვა პროექტში მის მონაწილეობას უკავშირებს.
„ბოლო დრომდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მეოთხე კურსზე ვიყავი, თან ვსწავლობდი და ვაქტიურობდი სხვადასხვა კუთხით. სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა მომწონდა. მაგრამ ამას ვაკეთებდი ოფიციალურად. ჩემი ყველა ქმედება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია. სულ ბოლოს გავაკეთე სათბურები ახალციხეში, თურქეთის მხარის დახმარებით, ორგანიზაციაა ასეთი -TIKA. კოოპერატივი გვაქვს, ოფიციალურად გავიარეთ რეგისტრაცია. „კოოპერატივი - ჩემი სოფელი“ ასე ჰქვია მას. მანამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ კონფერენცია მესხების თემაზე. ეს მოხდა 2018 წელს. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში ისლამური ძეგლების აღსაწერად, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტი იყო. დიახ, მე ვაქტიურობდი და არ ვიცოდი, ამის გამო პრობლემები თუ შემექმნებოდა“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ხალილი.
მისი თქმით, მას მანამდე საქართველოში არცერთ ორგანოს წარმომადგენელთან, იქნებოდა ეს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თუ სხვები, შეხება არ ჰქონია, არავინ დაინტერესებულა მისი საქმიანობით.
„7 ოქტომბერს, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, აზერბაიჯანის მხარის საზღვარი ჩვეულებრივად გავიარე. ქართული მხრიდან მესაზღვრემ მითხრა, რომ მე მეკრძალებოდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. საზღვარზე მითხრეს, რომ მათ არ იცოდნენ, რატომ არ მიშვებდნენ ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოდან უნდა მიმეღო“, - ამბობს ხალილი.
ხალილ სარვაროვის თქმით, ის მივიდა საქართველოს საელჩოში ბაქოში. საელჩოში უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ურჩიეს. რის შემდეგაც დაუკავშირდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას, თუმცა ხალილის თქმით, მას პასუხი დეკანისგანაც არ მიუღია.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში ის ასევე დაუკავშირდა სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტს, სადაც განუმარტეს, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხალილთან მიმართებაში და არ ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში მის შემოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
„18 დეკემბერს საგამოცდო დეპარტამენტიდან მოკლედ მომწერეს: „თუ საქართველოში ხარ, მობრძანდით ფინალურ გამოცდებზე“. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი ვალდებული იყო დამხმარებოდა. მე მათი სტუდენტი ვიყავი. იქნებ მართლაც ვარღვევ კანონს? ან ტერორისტი ვარ? როგორ არ უნდა დაინტერესდეს ამით უნივერსიტეტი?“ - ამბობს ხალილ სარვაროვი.
რას ამბობს უნივერსიტეტი და საგარეო უწყება?
„ლიბერალი“ დაუკავშირდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტისგან მიღებული ინფორმაციით, მათ 2018 წლის ოქტომბერში ხალილს მისი მოთხოვნის შესაბამისად სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა გაუგზავნეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთაში უნდა დახმარებოდა.
„2018 წლის ოქტომბერში მან მიმართა ფაკულტეტს, შემდგომში სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტს და ითხოვა თსუ-ში სწავლის დამადასტურებელი ცნობის გაცემა. მისივე განმარტებით, ცნობა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა. თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტმა აღნიშნული ცნობა ხალილ სარვაროვს ელფოსტით მიაწოდა. ამ დრომდე მას დამატებითი კომუნიკაცია ფაკულტეტის დეკანატთან სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით არ ჰქონია“, - უთხრეს უნივერსიტეტიდან „ლიბერალს“.
ხალილ სარვაროვი უნივერსიტეტის ამ განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა უნივერსიტეტთან მიმოწერა, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარებას ითხოვდა.
ჰალილ სარვაროვმა სიტუაციის გასარკვევად, უნივერსიტეტის გარდა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განცხადება დაწერა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ხალილ სარვაროვს ოფიციალურ პასუხად მიუვიდა, რომ მისი შეკითხვა, თუ რატომ არ უშვებდნენ საქართველოში, გაგზავნილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ამის შემდეგ მე ველოდები ოფიციალურ პასუხს საქართველოს მხრიდან, მაგრამ პასუხი არ არის. დავრეკე ძალიან ბევრჯერ საელჩოში, სამინისტროში, საქართველოს კონსულთან აზერბაიჯანში“,-ამბობს ხალილი.
„ლიბერალმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს კითხვებით მიმართა - რატომ არ მიეცა საშუალება ხალილ სარვაროვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება; რა ეწერა ნოტაში, რომელიც აზერბაიჯანის მხარემ გაუგზავნა საქართველოს მხარეს და განვლილი თვეების განმავლობაში რატომ ვერ მიიღო პასუხი სარვაროვმა ოფიციალურად უწყებიდან.
10 სამუშაო დღის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ლიბერალს“ საჯარო ინფორმაციაზე უპასუხეს. მათი თქმით, ისინი ვერ გაახმაურებდნენ პირის პერსონალურ მონაცემებს ამ პირის თანხმობის გარეშე.
მათი თქმით, სამინისტრომ დაამყარა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და ეს ეცნობა დაინტერესებულ მხარეს.
5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰალილ სარვაროვი ქვეყანაში არშემოშვების მიზეზებისა და პასუხების გარკვევას ცდილობს. სარვაროვი ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის უნივერსიტეტში სწავლას დაასრულებდა და ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებდა.
ხალილ სარვაროვის თქმით, მის მშობლებს, როგორც საქართველოდან გასახლებულ მესხებს, რეპატრიანტის სტატუსი აქვთ. ამიტომაც სარვაროვს, ბავშვობიდან სურდა, ეცხოვრა წინაპრების მიწაზე, შეესწავლა ქართული ენა, კულტურა და აქ მიეღო საუნივერსიტეტო განათლება.
„ჩემს მშობლებს 2014 წლიდან რეპატრიანტის სტატუსი აქვთ, რომელიც მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში ცხოვრება მინდოდა. მინდა, ვიცოდე კანონი და გავეცნო საქართველოს კულტურას. ბავშვობიდან მინდოდა საქართველოში ცხოვრება, ჩემი მამა-პაპის სამშობლო ჩემი ქვეყანაცაა, ასე ვფიქრობდი მთელი ბავშვობა. მარტო ახალციხე კი არა, საქართველოს ნებისმიერი ტერიტორია ჩემი სამშობლოა“, - ამბობს ხალილი.