Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - ინტერვიუ ხატია წილოსანთან

02 მაისი 2019

25 აპრილს გაიმართა კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი. კონფერენციაზე გაიმართა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პრეზენტაცია.

შეხვედრაზე, რომელიც ხატია წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემების გაუჯობესებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედებაზე ისაუბრეს. მოგვიანებით კი ხატია წილოსანმა „ლიბერალთან“ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

როგორც კონფერენციაზე მოვისმინეთ, მთავარი პრობლემა ნარჩენების დიდი ნაწილის ნაგავსაყრელზე განთავსებაა, რომელიც ასევე სახიფათო ნარჩენებს მოიცავს და საჭიროა მსგავსი ნარჩენების მართვის სისტემის შექმნა. სწორედ ამას ემსახურება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების პროექტი. განვუმარტოთ მკითხველს, რას გულისხმობს ეს პროექტი და რა სარგებელს მოუტანს ის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას?

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ეს ნიშნავს, რომ ყველა იმპორტიორი და მწარმოებელი, ვისაც სურვილი აქვს განათავსოს თავისი პროდუქცია ბაზარზე, ერთიანდება და პასუხისმგებლობას იღებს მათ მიერ წარმოშობილი ნარჩენების მართვაზე.

განსაზღვრულია 6 ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, ეს არის შესაფუთი მასალისგან წარმოშობილი ნარჩენი, ასევე ელექტრონული ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები, საბურავები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები.

ეს არის 6 ძირითადი ნაკადი, რომელიც წარმოქმნის სპეციფიკურ ნარჩენს და რომლის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დღეის მდგომარეობით ყველა ის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება, ხვდება ნაგავსაყრელებზე. სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები ერთად თავსდება, ისე, რომ არ ხდება მისი სეპარირება, მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება. ეს ქმნის არახელსაყრელ გარემოს იმისთვის, რომ წარმოიშვას მეთანის გაზები, ეს ყველაფერი ადამიანს უბრუნდება უკან ჯანმრთელობის საფასურად.

აქეთკენ არის მიმართული ეს ქმედებები, რათა შევამციროთ ზეწოლა გარემოზე და ამავდროულად მაქსიმალურად გავზარდოთ შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რათა მათი პასუხისმგებლობა იყოს ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს.

ბიზნესსექტორი დაინტერესდა იმით, თუ როგორ მოხდება სწორი რეგულირება. ხომ არ ჩაერევა სახელმწიფო საკითხის მოგვარებაში იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნებში ერევა?

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების პრინციპების აღსრულება ყველა ქვეყანაში ხდება კერძო სექტორის მიერ. მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო არ არის ჩართული ამ საკითხების რეგულირებაში. ყველა სახელმწიფო განსაზღვრავს საკანონმდებლო მიმართულებას და ამ შემთხვევაში ჩვენც იგივე მიდგომა გვაქვს.

ჩვენ დავარეგისტრირებთ იმპორტიორებსა და მწარმოებლებს, ასევე განვსაზღვრავთ გეგმებს, თუ რა რაოდენობის მაჩვენებლებს უნდა მიაღწიოს მწარმოებლის თითოეულმა ორგანიზაციამ იმისთვის, რომ მოახდინონ მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენის სწორი მართვა, ამოღება და უკან დაბრუნება. სახელმწიფოს მხრიდან სწორედ მსგავსი ჩარევები იქნება.

აქვს თუ არა საქართველოში რომელიმე კომპანიას ნარჩენების გადამუშავების გამოცდილება?

რამდენიმე მსხვილ კომპანიას ამის გამოცდილება აქვს, თუმცა ასეთი სისტემური მიდგომა აქამდე არ ყოფილა. მაგალითად, ქუთაისში არსებობს საწარმო, სადაც ხდება გადამუშავებული საბურავისგან ენერგიის აღდგენა/მიღება და ასევე მილების წარმოება, რომლებიც გამოიყენება სარწყავი სისტემების მიმართულებით.

ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ სწორად მართული ნარჩენების შემთხვევაში მათ დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

დაკისრებული დამატებითი ვალდებულებები ხომ არ მოახდენს გავლენას პროდუქტის ფასზე?

ამ პრინციპების სწორად ამოქმედებისთვის თავდაპირველად კომპანიის მხრიდან საჭირო იქნება ინვესტიცია, თუმცა ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვანწილად ფასების ცვლილებას, რადგან შემდეგ მათ უკან დაუბრუნდებათ ყველა ის დანახარჯი, რაც მწარმოებლის ორგანიზაციის წევრობასთანაა დაკავშირებული.

უკან დაბრუნება მოხდება ასე - ამოღებული ნარჩენებისგან მიღებული შემოსავლები კვლავ რეინვესტირდება სექტორში.

თუმცა სანამ ნარჩენი გადამამუშავებელ საწარმომდე მივა, საჭიროა, რომ იგი იყოს სეპარირებული, რისი პრაქტიკაც საქართველოში ბევრგან არ გვხვდება. რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ თვალსაზრისით?

გარკვეულმა მუნიციპალიტეტებმა წელს დაიწყეს ნარჩენების სეპარირება და მათ დამტკიცებული აქვთ ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს სეპარირების გზით ნარჩენების დახარისხებას. შემდეგ უკვე მარტივია სეპარირებული ნარჩენის რეციკლირება და ადვილია უდანაკარგო წარმოების მოწყობა ამ მიმართულებით.

დღეისათვის საქართველოში არის რეციკლირების ობიექტი, რომელიც ამ გადარჩეულ დახარისხებულ ნარჩენს გადაამუშავებს და არის ნარჩენების ექსპორტის საშუალებაც, რომელიც დღესაც ხორციელდება.

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროექტი - „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისთვის“ - გაწერილია ვალდებულებები და კომპონენტები. რამდენად მიჰყვებით ამ გრაფიკს და ხომ არ ყოფილა შეფერხებები ამ კუთხით?

ნარჩენების მართვის მიმართულებით აბსოლუტურად მივყვებით იმ გრაფიკს, რომელიც ჩვენ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გვაქვს აღებული და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, ისინი მუდმივად მხარს გვიჭერენ იმ ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდება ქვეყანაში ნარჩენების სწორად მართვას.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ექსპერტებთან ერთად და ჩამორჩენა ნარჩენების მართვის მიმართულებით არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულყოფილად ვახორციელებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ აიღო.

ასოცირების შეთანხმებით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ სწორად მოახდინოს ნარჩენების მართვა, ამას მოჰყვა კოდექსის შემუშავება და დამტკიცება. კოდექსიდან გამომდინარე ცალკე მიმართულებად განისაზღვრა კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა, რადგან კოდექსი ყველაფერს ვერ დაარეგულირებდა და ასეთი მიდგომით, ევროდირექტივების შესაბამისად, არის შედგენილი კოდექსი, რადგან მოგეხსენებათ, უნდა შედგეს შესაბამისობის ცხრილები, რამდენად დაცულია ის პრინციპები, რომლებიც ევროკავშირშია.

გასაგებია, რომ ბიზნესი თავის წილ ვალდებულებას აიღებს, თუმცა ნარჩენების მართვის ბოლომდე განხორიელებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, რადგან ნარჩენების დიდი ოდენობა სწორედ საყოფაცხოვრებო სახისაა. რამდენად მაღალია საზოგადოების ცნობიერება ამ მხრივ?

ერთ-ერთი გამოწვევა ნარჩენების სწორად მართვისას საზოგადოების ცნობიერებას უკავშირდება, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ხშირია სტიქიური ნაგავსაყრებელების წარმოქმნა მუნიციპალიტეტებში და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის ცნობიერებასთან. მოტივაცია არის, მოიშორონ ნარჩენი და ამის მოვლაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ სხვას და ეს სხვა ხშირ შემთხვევაში არის მუნიციპალიტეტი ან ცენტრალური ხელისუფლება.

ამიტომ გვჭირდება საზოგადოებასთან უფრო მეტი მუშაობა, მეტი ჩართულობა, რათა გავიაზროთ, რომ გარემოს ვქმნით ჩვენ. ბოლო წლებში რიგი ნაბიჯები გადაიდგა ნაგავსაყრელების შემცირების მიმართულებით და მუნიციპალიტეტებს ამაში დიდი როლი ეკირებათ. ბევრი არალეგალური და სტიქიური ნაგავსაყრელი აღარ ფუნქციონირებს და საქართველოში ნაგავსაყრელების რაოდენობა შემცირდა.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით მიმართულებას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც გულისხმობს პირველ რიგში არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალურად ამაღლებას. ვფიქრობთ, რომ ყველა ის გარემოსდაცვითი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს, შეიქმნება ეტაპობრივად და მოსახლეობა თავის თავზე იგრძნობს არსებული გარემოს გაუმჯობესებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^