Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის გამზირი - პროტესტის მუდმივი ადგილი

27 ივნისი 2019
რისხვა არა მხოლოდ რუსეთისკენ არის მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული ხდება მოსახლეობის ფართო სეგმენტებს შორის. თომას დე ვაალი კარნეგის ევროპის ცენტრის უფროსი მკვლევარია. „ლიბერალი“ გთავაზობთ მის თვალსაზრისს თბილისში განვითარებული ბოლო მოვლენების შესახებ. 

საქართველო ფიცხი დემოკრატიის ქვეყანაა. Gallup-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, ქართველთა 27-მა პროცენტმა აღიარა, რომ გამოკითხვის წინა დღეს „გაბრაზებულები“ იყვნენ. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეს, პროტესტის ნიშნად, ზღვა ხალხი გამოსულიყო თბილისის საპროტესტო აქციების ტრადიციულ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე, სადაც მათ ქართული პოლიცია სასტიკად მოექცა - ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაუხვდა.

რუსებს შეიძლება გაუკვირდეთ კიდეც, რამდენად სწრაფად და ძალადობრივი გზით განვითარდა მოვლენები საქართველოს დედაქალაქში - მოვლენები, რომლებიც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის გამოჩენას [საქართველოს] პარლამენტში. 2008 წლის ომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ადამიანთა შორის კავშირების დონეზე ხომ საგრძნობლად გაუმჯობესდა - შარშან საქართველოს მილიონი რუსი ტურისტი ეწვია.

თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, 2008 წლიდან მოყოლებული, ქართველებში ღრმად გამჯდარი რისხვა რუსეთის მიმართ და ამ ქვეყნისგან დამცირების შეგრძნება. 20 ივნისს სერგეი გავრილოვი საპარლამენტო სესიის უბრალო მონაწილე რომ ყოფილიყო, ალბათ, არაფერი მოხდებოდა; მაგრამ სხდომათა დარბაზში სპიკერის სავარძელში მისი მოკალათება - სპიკერის სავარძლის „ოკუპაცია“ - ბევრი ქართველისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

იგივე ქართველები, რომლებიც რუს ტურისტებს გულითადად მასპინძლობენ თავიანთ მაღაზიებსა თუ ვენახებში, ამავე დროს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნებისმიერი ფორმით, სანამ რუსეთის ჯარები დგანან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, ადამიანთა შორის კავშირების გაბმამ მოიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია, მაგრამ ვერ გადაჭრა ღრმად გამჯდარი პოლიტიკური უთანხმოება.

თუმცა, ეს მრისხანება მარტოოდენ რუსეთის წინააღმდეგ როდია მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული ხდება მოსახლეობის მრავალრიცხოვან სეგმენტებს შორის. ქალაქის საზოგადოების მაღალი შუა ფენის წარმომადგენლებს აღიზიანებენ ჩრდილში მყოფი ფიგურები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, მაგრამ არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებულნი. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ნათლიმამის, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა - კაცი, რომელსაც 2012 წელს მხსნელის შარავანდედით ამკობდნენ, დღეს ყველაზე „უარყოფითად შეფასებული“ პოლიტიკოსია საქართველოში. 

ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანია და საქართველოში არსებობს საკმარისი დემოკრატიული კულტურა, რათა ცვლილებებისკენ მოწოდებებს ანგარიში გაეწიოს. ასე რომ, ის, ვინც 20 ივნისს, წესით, სპიკერის სავარძელში უნდა მჯდარიყო - ირაკლი კობახიძე - გადადგა, რითაც გადაიხადა წინდაუხედაობისა და გაუმართლებელი გადაწყვეტილების საფასური. კობახიძე, რომელიც არასდროს ყოფილა პოპულარული პოლიტიკოსი, წარმოადგენს რიტუალურ მსხვერპლს, გაღებულს „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ თავისი შეცდომების გამოსასყიდად.

და მაინც, რისხვა ყოველთვის ინთხევა ქუჩებში. საქართველოში არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქუჩის დახმარებით სურთ რეჟიმის შეცვლა, და ისინი ამისთვის საბაბს ეძებენ. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს. მისი ერთგული სატელევიზიო არხი - „რუსთავი 2“ დღესაც გადასცემს ეთერით მის გზავნილებს. საპროტესტოდ გამოსულთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა მაქსიმალისტური მოთხოვნა წამოაყენა, კერძოდ, მთავრობის კაბინეტის მთლიანი შემადგენლობის გადადგომა, ხოლო ზოგიერთი მათგანი პარლამენტის შენობის შტურმით აღებასაც ეცადა.

ეს კი მიუთითებს საქართველოს მუდმივ სისუსტეზე - მისი პოლიტიკა იმდენად პოლარიზებულია, რომ არ არსებობს ლიდერი, რომელიც მთელი ერის სახელით ილაპარაკებდა. უწინ, გარკვეულ შემთხვევებში, ეს შეეძლო ეტვირთა პატრიარქ ილია მეორეს, მაგრამ 86 წლის ასაკში მას უბრალოდ ფიზიკურად აღარ შესწევს ამის უნარი. ცნობილი პირები კი (სახელმწიფოს ნომინალური მეთაური - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულისებს მიღმა ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი ლიდერი სააკაშვილი) ჩართული არიან ისეთ აგრესიულ რიტორიკაში, რომელიც ერს, გაერთიანების ნაცვლად, ანაწევრებს.

ამის მაგივრად, ქართველები, - ისევე როგორც აქამდე, - პოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას ერთი კონკრეტული ქუჩის - რუსთაველის გამზირის მეშვეობით ცდილობენ. 1956, 1978, 1989, 1991, 2003, 2007 და 2012 წლებში (ასევე ბოლო ორი დღის განმავლობაში) რუსთაველი იყო და რჩება პოლიტიკური დრამის - ზოგჯერ სისხლიანი, ზოგჯერ კი მშვიდობიანი დრამის - სცენად.  

სამწუხაროა, რომ, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიუხედავად, დავის გადასაწყვეტად საქართველოში დღესაც ამ მეთოდს მიმართავენ. ათი წლის წინ ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია წერდა: „ახალი პოლიტიკური კულტურის გამოჩენის გარეშე, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობების გარეშე, ხალხს მოლოდინი ყოველთვის გაუცრუვდება, ხოლო რუსთაველის გამზირი, და არა ქართველი პოლიტიკოსები, იქნება ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის მთავარი მოთამაშე“.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მოვლენები თბილისში კიდევ ერთხელ სწორედ ასეთი სამწუხარო სცენარით განვითარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^