Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიბნელესა და კოსმოსში მოცეკვავე

28 ოქტომბერი 2019
DOKK - შემეცნებითი, ვიზუალური და შთამბეჭდავი პერფორმანსი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ფხიზელი და საინტერესო შეფასების საფუძველს ნამდვილად იძლევა. თეატრალებს წელს ნაირგვარი არჩევანი ჰქონდათ - აკადემიური და რესპექტაბელური სპექტაკლებით დაწყებული, მულტიმედიური და უახლესი ტექნოლოგიური სანახაობით დამთავრებული. განსაკუთრებით იტალიური კომპანია Fuse უნდა აღვნიშნოთ, რომლის ლაივ-მედია თუ ტექნოლოგიურ-ექსპერიმენტული პერფორმასი სახელწოდებით Dokk, ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ  მოვლენად იქცა.

2007 წელს დაარსებული კომპანიის რეჟისორები არიან მატია კარეტი და ლუკა კამერინი, რომელთა ცოცხალი ინსტალაციები და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობით დატვირთული პერფორმანსები იმთავითვე პოპულარული გახდა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რადგან მათი პერფორმანსების გამომსახველობა და ახალი ენა უფრო ტექნოკრატიკული თაობის მოთხოვნებს პასუხობდა. თუმცა fuse-ეს წარმოდგენები თანადათან გაფართოვდა და დღეს უკვე მათ ინსტალაციებსა და ლაივ-პერფორმანსებს მთელ მსოფლიოში ყავს მაყურებელი.

მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა Dokk სინამდვილის სხვადასხვა კუთხითა და პერსპექტივით ხედვის მცდელობებიდან იშვა. ეს არის ურთულესი ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით მოთხრობილი 70-წუთიანი წარმოდგენა თუ თავგადასავალი ჰაერში მოლივლივე სხეულზე.  მთავარი როლის შემსრულებელს, ელენა ანოვას საოცარი მოძრაობების მიღწევა შეუძლია. მისი სხეული თითქოს უწონობაშია გამოკიდული, რომელსაც ტექნოლოგიური საუნდისა და 3D სივრცის აღრევა-შეერთება შეუძლია.

სხვათა შორის, Dokk ისლანდიური სიტყვაა და სიბნელეს ნიშნავას. ასე რომ, ელენა ანოვას თავისუფლად შეგვიძლია ლარს ფონ ტრიერის ფილმის მთავარი გმირის მსგავსად, „სიბნელეში მოცეკვავე“ ვუწოდოთ. ჰაერში მოლივლივე, მოქნილი და გრავიტაციას მოკლებული მისი სხეული გაცილებით ღრმა და ფილოსოფიური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს მაყურებელს. ვიღაცისთვის ელენა ანოვა გამოყენებული ვიდეო-ტექნოლოგიური სისტემის ნაწილია, ვიღაცას კოსმოსში გაჭრილ უწონო სხეულს მოაგონებს და ვიღაცას მომავალი ტექნოლოგიების მიღმა არსებულ, მარადიულ სივრცე-დროით ფილოსოფიურ ჭვრეტაში ეხმარება.

პერფორმანსი Dokk ამავე დროს, შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც სიცოცხლის მეტაფორა დედამიწის მიღმა, თავგადასავალი კოსმოსში, ან როგორც გრავიტაციის კანონების დარღვევა. რეალობის აღქმა დეფორმირებული და თითქმის სიზმრისეულია, მოძრაობები - შენელებული და გადანათებული. სცენაზე ერთდროულად ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცეა, რომლებიც მონაცვლეობენ. სხეული თავიდან მიწაზეა და მიზიდულობის ძალას ექვემდებარება. შემდეგ ის ნელ-ნელა გადადის უწონო მდგომარეობაში და ბოლოს, მიზიდულობას კარგავს და კოსმოსის, პლანეტების, ვარსკვლავების გარემოცვაში აღმოჩნდება.

მენტალური და ფიზიკური სივრცე, თანხვედრა და განსვლა ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებელს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ ტექნოლოგიურ სიზმარ-პერფორმანსს უმზერს. Dokk მაყურებლის თვალწინ იქცევა წარმოდგენად, სადაც შეიძლება „დაიკარგო“ დროისა და სივრცის აღქმაში. ამ დროს კი გონება საკუთარ სცენარს გვკარნახობს და სცენაზე წარმოდგენილ სანახაობას მიკრო და მაკრო-კოსმოსურ განზომილებაში მოაქცევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^