Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

11 თებერვალი 2022
მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დაუნდობელ დიქტატორებს ეძღვნება, უნიკალური საარქივო მასალებისა და ავტორის გამორჩეული სტილის წყალობით, ისე კარგად იკითხება და ისე იტაცებს მკითხველს, რომ ადამიანს ერთი სული აქვს ბოლომდე ჩავიდეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გამოქვეყნდა ჯერ პატარა წიგნაკი - „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, შემდეგ კი კარლ მარქსის „კაპიტალი“და წარმოქმნა გარკვეული ილუზია, რომ მეცნიერულ აზროვნებას შეუძლია არა მარტო ყველა საჭირბოროტო კითხვაზე პასუხის გაცემა, არამედ საყოველთაო ბედნიერების მისაღწევად ერთადერთი სწორი გზის განსაზღვრაც. და აი, მაშინ, როდესაც სოციალიზმის იდეები ისეთი პოპულარული გახდა, რომ ლამის მთელ მსოფლიოს მოედო, სამ, ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულ, ქვეყანას თავისი არსით ერთნაირი ურჩხულები მოევლინენ - სტალინი, მუსოლინი და ჰიტლერი. სამივე მათგანი მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში დაიბადა (1878, 1883 და 1889 წწ.) და სამივე უზარმაზარი მასების ბელადად იქცა, რის შედეგადაც კაცობრიობას მანამდე არნახული მასშტაბების სისასტიკე და ხოცვა-ჟლეტვა დაატყდა თავს - პირველი მსოფლიო ომის უბედურებებიც რომ გადაფარა. 

დღეს ძალიან ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რატომ მივიდა კაცობრიობა მე-20 საუკუნის შუა წლებში იმ საშინელ კატასტროფამდე და სად იყო ამის საფუძვლები - სიგიჟის ზღვართან მიახლოებული ნიცშეს ზეკაცის კულტსა და ტრაგიკულ შეგრძნებაში, რომ „ღმერთი მოკვდა“, თუ სოციალისტურ იდეებსა და ახალ ეკონომიკურ მოძღვრებაში; მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ერთდროულად აღმოცენდა იტალიური ფაშიზმი, გერმანული ნაციზმი და რუსული ბოლშევიზმი და, ერთი შეხედვით, სრულიად მოულოდნელად რელიგიის ადგილი ახალმა იდეოლოგიებმა დაიკავა, ასეთ დროს კი მასებს უცილობლად წინ უნდა მიუძღვებოდს ახალი მესია, ბელადი, დუჩე.

შეიძლება თავი ვინუგეშოთ, რომ ჩვენ ბედნიერი და თავისუფალი საზოგადოება ვართ, ჩვენ გადავრჩით - იმ სასტიკ დიქტატურაში არ გვიცხოვრია და სულიერი ღირებულებების საშინელ დევალვაციასა და ზნეობრივ დეგრადაციას არ მოვსწრებივართ. მაგრამ ასეა კი? ვითომ მართლა გადავრჩით და ის საშინელება ჩვენ არ შეგვხებია? და ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიის კუთვნილებაა?

თუ ის ისევ აქ არის, ჩვენ გვერდით და ყოველ წუთს შეიძლება გაცოცხლდეს, მკვდრეთით აღდგეს და ისევ იმ არნახული მასშტაბის რეპრესიების ხანაში დაგვაბრუნოს? რამ უნდა დაგვიცვას წარსულის კოშმარების განმეორებისაგან? იქნებ იმან, რომ კარგად უნდა გავიაზროთ - რა მოხდა და როგორ? თავის დროზე ერთმა ქართველმა მოაზროვნემ თქვა: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“. მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გვახსოვდეს, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, რომ წინაპართა ღვაწლს პატივი მივაგოთ, არამედ იმიტომაც, რომ წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ და ისევ კერპთაყვანისმცემლებად არ ვიქცეთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ იმ სამი ურჩხულიდან, რომლებიც მილიონობით მსხვერპლს არ ერიდებოდნენ, ერთი ქართველი იყო - ქართველი, რომელიც თავის დროზე პირადად შეხვედროდა ილიასაც და ვაჟასაც.

„არ შეიძლება დიქტატურის გაუბრალოება და შეუფასებლად დატოვება, რადგან დიქტატურა, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დროსა და სივრცეზე მიჯაჭვული ფენომენი, ის შეიძლება ნებისმიერ საუკუნესა და ნებისმიერ ქვეყანაში წარმოიშვას“, - ასე ამთავრებს რუსუდან გორგილაძე თავის ბრწყინვალე მონოგრაფიას „დიქტატურის გემო“. 

ეს არის წიგნი, რომელიც ნამდვილად გამოდგება იმის ნიმუშად, თუ როგორ უნდა მოიქცეს თანამედროვე საზოგადოება იმ მიზნის მისაღწევად, რომ გაბედულად შეძლოს თქმა, ასეთი რამ მეტი აღარ განმეორდებაო. აი, ასე, - როგორც რუსუდან გორგილაძე აკეთებს, - ძირის ძირამდე უნდა შეისწავლო, ისე დეტალურად უნდა იკვლიო მაშინ შექმნილი იდეოლოგიური ხრიკები და ტვინის გამორეცხვის ხერხები, რომ საბოლოოდ დაინახო დიქტატურის ჭეშმარიტი სახე. შელამაზების, გაიდეალებისა და ახალი მითების შექმნის გარეშე უნდა განსაჯო, რომ ისევ ლიბრი არ გადაგეკრას თვალებზე და დაინახო - ეს ზეკაცი სინამდვილეში სულიერად დაავადებული, ზნეობრივად დაუძლურებული და პარანოიით შეპყრობილი ადამიანია.

რუსუდან გორგილაძის წიგნი ეძღვნება მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ სამ ზნეობრივ ურჩხულს, რომელთა შესახებ მსჯელობაც წიგნში ფაქტობრივად ასე იწყება:

 „მათგან თითოეულს ჰყავდა მზრუნველი, მოსიყვარულე და მორწმუნე დედა და მკაცრი, უხეში მამა, რომელიც გამეტებით სცემდა ვაჟს...

თითოეულის დედა ცდილობდა ეკლესიასთან დაეახლოვებინა თავისი ვაჟი და განათლება მიეცა მისთვის, მაგრამ რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, სამივე უღმერთო ადამიანად ჩამოყალიბდა.

სამივემ იწვნია სხვადასხვა მიზეზებითა და სხვადასხვა ვადით ციხე და უკიდურესი გაჭირვება.

სამივეს უყვარდა ხელოვნება: მუსოლინი ვიოლინოზე უკრავდა, ჰიტლერი ხატავდა და ფორტეპიანოზე უკრავდა, სტალინი ლექსებს წერდა და მღეროდა.

სამივეს სჭირდა მეგალომანია, რომელიც ფსიქოლოგიაში ნარცისტულ პიროვნულ აშლილობას ნიშნავს და საკუთარი უნიკალურობის, განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის, სხვებზე აღმატებულობის, გრანდიოზულობის, ყოვლისშემძლეობისა და განსაკუთრებული ნიჭის გამო საკუთარი მისიის ურყევ რწმენას გულისხმობს“.

კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსუდან გორგილაძე არ ჰგავს ჩვენი ეპოქის მკვლევრებს, ის  იმ თაობის  მეცნიერთა გზას მიჰყვება, რომლებმაც ერთი საუკუნის წინ პირველი ქართული უნივერსიტეტი შექმნეს და მეცნიერების ყველა სფეროში უნიკალური ნაშრომები დაგვიტოვეს. სწორედ ივანე ჯავახიშვილის თაობა მუშაობდა ასე: ყველა წყარო უნდა შეისწავლო, რომ ამა თუ იმ საკითხის შესახებ კვლევა გამოაქვეყნო. განსაცვიფრებელია, სად და რა გზით შეძლო რუსუდან გორგილაძემ იმ წყაროების მოძიება, რომლებსაც „დიქტატურის გემო“ ეყრდნობა. 

წიგნში დიდი ადგილი ეთმობა საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეულ ნიმუშებსა და მათ როლს სააგიტაციო სტრატეგიაში და თვალსაჩინოებისთვის მრავალთაგან ერთი ასეთი მაგალითიცაა მოხმობილი: 1936 წელს მიქოიანის სახელობის ხორცკომბინატის სცენაზე შედგა წარმოდგენა სახელწოდებით „სიუხვე“, რომლის ტექსტიც ავტორმა არა მარტო მოიძია ყველას მიერ მივიწყებულ არქივებში, არამედ წიგნის დანართში ორიგინალის გამოქვეყნებას არ დასჯერდა და კოტე ჯანდიერის მშვენიერი თარგმანიც შეიტანა იმ მიზნით, რომ ყოველ მკითხველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ბოლომდე ჩაწვდეს ბოლშევიკური პროპაგანდის მთელ აბსურდულობას - დღეს უაღრესად კომიკურად რომ მოჩანს, სინამდვილეში კი სასტიკი დიქტატურის საშინელ სახეს რომ ამხელს:

ინდუსტრიაში, ვით ათინათი,
კიაფობს ჩვენი ხორცკომბინატი,
საამქროში კი დიდი ხანია,
გვაქვს სანიმუშო სანიტარია.
სწორედ ამიტომ ჩვენი ნაწარმი
კაპიტალისტურს სჯობნის ათასწილ!

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დაუნდობელ დიქტატორებს ეძღვნება, უნიკალური საარქივო მასალებისა და ავტორის გამორჩეული სტილის წყალობით, ისე კარგად იკითხება და ისე იტაცებს მკითხველს, რომ ადამიანს ერთი სული აქვს ბოლომდე ჩავიდეს. თითქოს რაღა უნდა გავიგოთ ახალი ტირანებზე, რომლებზეც ტონობით ლიტერატურა შექმნილა და ათასობით ფილმიც გადაღებულა, მაგრამ ავტორის განსაკუთრებული ხედვის გამო ეს წიგნი მაინც უნიკალური მოვლენაა - იგი ისეთი კუთხით წარმოგვიდგენს ბელადებსა და ტოტალიტარულ რეჟიმებს, რომ პირადად მე მსგავსი რამ არსად შემხვედრია. მაგრამ რაც არ უნდა ვისაუბროთ მის განსაკუთრებულობასა და  თავისებურებებზე, მაინც უშუალოდ გაცნობისას მიღებულ შთაბეჭდილებას ვერაფერი შეცვლის და ამიტომ ყოველ მკითხველს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უნდა ვურჩიო მისი წაკითხვა. მეტიც, არა მარტო უნდა ვურჩიო, არამედ, დიდი ქართველი მწერლისა არ იყოს, მინდა მივულოცო კიდეც „პირველი წაკითხვის ბედნიერება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^