Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევრო... ევრო ჯორჯია ბეიბე!!!

20 დეკემბერი 2015

ქართული გენეოლოგიური საშემსრულებლო ხელოვნების ბრწყინვალე მკვლევარმა ბატონმა ზუმბამ, იგივე ზაზა კორინთელმა, რამდენიმე წლის წინ ჩასწერა ეს სიმღერა და ის დღეს მეტად აქტუალურია დაახლოებით 64%-ისათვის საქართველოში, ასე არ არის? ბოლო კვლევებით 60%-ზე მეტი უჭერდა მხარს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, ხოდა ჰე, იხარე ერო, წამებულო.

ამ პოსტს თან დართული ფოტო ორნაირად აიხსნება. არა, შეიძლება ბევრნაირადაც: “ცხვრები მიდიან ევროპაში”, და სხვა მსგავსი... მაგრამ როცა ეს სურათი პირველად აღმოვაჩინე, მხოლოდ ერთმა გამიელვა გულში: “ცხვრებიც მიდიან ევროპაში”. გული იქით მიგვიწევს საცა კარგია.

უცხომ, ვინც ცხვრის ხასიათი არ იცის, შეიძლება თქვას  - მერე რაო?! ხოდა ის, რომ ცხვარი დღენიანადაგ ხამს ეძებს. ფარა რომ გაიშლება ხოლმე. მწყემსი წინიდან თუ არ დაუდგა და ხანდისხან მოძალებული ცხვრის რაიოდენობა ხელის აქნევით ან ჯოხის გადაგდებით უკან არ გააბრუნა, ცხვრები ფეხით გადათელავენ კარგ ბალახს, გააფუჭებენ და იმას აღარ მოძოვენ... ანუ ისინი ერთ ადგილას რომ მოძოვენ, და მერე წინ ხედავენ უკეთეს ბალახს. ანებებენ თავსა და გარბიან ხოლმე იმ ახალი ადგილისკენ, რომ არავინ დაასწროთ. მოკლედ, იქით მიიწევენ სადაც კარგია.

ხოდა, ჩვენც მგონი ასე ვიქცევით, მივიწევთ იქით სადაცა ვხედავთ რომ გულს გაუხარდება, დავნაყრდებით და სხვა... ნუ რაც მთავარია, მატერიალური ქვენაგრძნობები პირველ ადგილზეა. რადგან 25 წელზე მეტია ეს ქვენაგრძნობები აცხოვრებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, აკვლევინებს ვინმეს, აპარინებს, აკოტრებინებს, აცემინებს, აცინებს, ამლიქვნელებს, “აპადხალიმებს” და აარაკაცებინებს ხშირად. ამ პერიოდში დაკარგა ხალხმა საკუთარი თავის სიყვარულიც, საკუთარი შრომისაც და იმ შრომით ნაგემი ლუკმის გემო. ეს ობიექტური გარემოებების გამო მოხდა, ჩაირთო მგლური კანონები და მორჩა. ახლა მთავარია. ამას როდის გადავეჩვევით, ვისწავლით ისევ საკუთარი საქმის კეთებას, რუდუნებით, დასახული საბოლოო მიზნით.

ევროპის არცერთი ქვეყანა, სადაც ვყოფილვარ, მუშაობას არ იწყებს 10 საათზე, მითუმეტეს “აუუ მოიცაა რა ერთი ყავა დავლიოთ და მერე გაავაღოთ კარიიი რაა” პრინციპით. არც ისე, სამუშაოს რო მისცემენ კაცს და მერე იმას 2-3 კიდე სხვა უნდა მიუჩინონ - არა იმიტომ რომ გააკეთოს საქმე,  არამედ იმიტომ  - ოღონდ არაფერი გააფუჭოს...

მომწონს ევროპა, და მიყვარს ის ხალხი, ყველა ჯურისა, ყველა კანის ფერისა, აღმსარებლობისა, რადგან მათ იციან რისთვის არსებობენ, რისთვის შრომობენ, თავს არ გაბეზრებენ ჭორაობით, არ კითხულობენ შენ ვისი გორისა ხარ. უბრალოდ გაქცევენ იმ გარემოში სადაც ქაღალდი არ უნდა დააგდო, ხეზე ძროხის ჩამოტყავების სურვილი არ უნდა გაგიჩნდეს, ვიღაცას არ სცემ რადგან რაღაცნაირად შემოგხედა. რაც შეეხება ქართველობას წაგვათმევენო... მაინტერესებს რას ვაღიარებთ და რა მიგვაჩნია ქართველობად? შეგვიძლია კი გადაბმულად 10 დადებითი თვისება ერისა ჩამოვწეროთ? ინდივიდებზე არ მაქვს საუბარი, ერისა, რომელმაც უნდა გამოგვაჩინოს იქ. თუ იმათაც ვათქმევინებთ “თითო ნადირი ყველა ტყეს უნდა ყავდესო” და მაგ პრინციპით მიგვიღებენ თავისთან ახლოს? 

დღეს წავიკითხე, საბერძნეთში დაუჭერიათ ქართველების ჯგუფი 10-11 კაციო და 4-5 ქალიო. კიდე 14 წევრს ეძებენო. 10 მილიონამდე ევროს ღირებულების ძარცვები აქვთ განხორციელებული, აგრე 200 - მდეო. ყველა აგეთი ამბის გაგებაზედ ელეთ-მელეთი მემართება ხოლმე. ასე მგონია, მე მოვიპარე ან მე ჩავიდინე ესა და სად დავიმალო მეთქი. სწორედ რომ ასეთი გრძნობისა მეშინია. იქ ბევრი ხომ ზუსტად მაგიტომ წავა რომ სახელი გაუტეხონ ამ პატარა ქვეყანას, რომლის სადღეგრძელოც ვინ იცის რამხელა განსხვავებულით აქვს დალეული, თუნდაც წასვლის წინ რო სუფრა გაშალა “სამაღარიჩო” აი მაშინ... ნეტა კი არსებობდეს რამე ამის საპრევენციოდ, რომ მერე მე, ან უარესი კიდე... ჩემ შვილს არ ქონდეს ბოდიში სახდელი, ვინმე მისი ევროპელი მეგობრისთვის, თავისი თანამემამულის საქციელის გამო. ეეჰ, მათიც მესმის, აკი დავწერე უკვე, ძალიან ცუდ დროში გავიარეთ. აგე 30 წლისა ვარ და ფაქტიურად 4 ომს მოვესწარი. კიდე პატარა ვიყავი აფხაზეთის დაკარგვის პერიოდში და იმდენად ვერ აღვიქვი ის სიმწარე რაც 2008-ის მერე განვიცდი... ამ არეულობამ მოსპო ჩვენს თაობაში ის მარცვლები, რითიც უნდა შევგებებოდით ალბათ ევროპას. მაგრამ არაუშავს, იმედი მაქვს, რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ჯანი გაგვიმრთლედება, გონება გაგვეხსნება, შრომას შავიყვარებთ იგრევა, და იქაც ტოლ-სწორნი მივალთ და საამაყო სიტყვასაც ვიტყვით როგორც საჭიროა, ისე როგორც ბევრ ჩვენ წინაპარს უთქვამს და ბეჭედიც დაუსვია.

ხო მართლა, რუსეთმაც მაიწადინა თურმე. მაგათი საქმე იგრეა - “კუმ ფეხი გამოყო პენალი დამარტყმეინეთო” რა.  მე ამასაც მივესალმები, რას ვკარგავთ რო, რაც უმაგისოდაც არ დაგვაკარგინეს? ღმერთი მაღალია... ყველა ის სალოცავი გასცემს მაგათ საისტორიო პასუხს რაც რომ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ გაგვიღებეს, იმ საგალობლების მადლი - რაც რომ ძმები კარბელაშვილები და სხვანი რომ არ გამოჩენილიყვნენ, ახლა არავის ეცოდინებოდა, იმ ქართველების სისხლი - რაც რომ მაგათ აჯანყება ჩაუხშიათ “საქართველოს დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე”... 

ხოდა აბა ხალხნო, მაიტა ერთი კოხტად, საგარეო ხმით, ალალი სალამი ვუძღვნათ ცივილიზებულ სამყაროს და ვეცადოთ დავემსგავსოთ იმით რაც კარგი აქვთ (და ასეთი ბევრი აქვთ ძალიან!) და ჭირიანივით ვერიდოთ რაც ცუდია, როგორც ევროპაში, ისე ყველგან: “შინ და გარეთ, საზღვარგარეთ” 

P.S. დიდი მალდობა ყველას დადებითი და თბილი გამოხმაურებისთვის, რაც ჩემს პირველ ბლოგ პოსტს ახლდა. ვეცდები ამის შემდეგი პოსტებით კონკრეტული Success Story -ები (წარმატებული ისტოროები) მოგიყვეთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში. 


განმარტებები:

ხამი ბალახი - ნორჩი ბალახი, რომელიც ახალი ამოწვერილია და არცერთ პირუტყვს არ მოუძოვია.

ბექა გონაშვილი, ფერმერი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^