გილოცავთ ახალ წელსა და ბედობასაც, ღმერთმა მრავალს დაგვასწროს და მოგვასწროს.
მინდოდა საახალწლო თემატიკაზე დამეწერნა დღევანდელი ბლოგი, მაგრამ რა ვქნა, ვერაფრით ავუქნიე ხელი იმას, რაც ძალიან მადარდებს და ვერ ამიხსნია.
რამდენიმე თვის წინ მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. როცა გაჩნდა ინიციატივა რომ “მთის კანონზე” იწყება მუშაობა, ძალიან გამიხარდა. მომეწონა იდეა, ინტერვიუც მთხოვეს და ვთქვი კიდეც ჩემი აზრი. ეს აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ძველი კანონის პრინციპი განსაზღვრებისა მაღალ მთიანი რეგიონებისა იყო, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი, იმედი მქონდა, რომ სწორედ ეს პრინციპი შეიცვლებოდა, მაგრამ… პირიქით მოხდა, ეგ დარჩა ზუსტად და სიახლე, რაც ახალ კანონში გაჩნდა, მხოლოდ სამთავრობო საბჭოა, რომლის შემადგენლობაში შედიან უმეტესობა მინისტრებისა, პარლამენტარები, გუბერნატორები და რამდენიმე ექსპერტი.
ვინაიდან ნინოწმინდის რაიონს ბავშობიდან კარგად ვიცნობ, მინდა განვიხილო ერთი იქაური სოფელი, გორელოვკა. იქ ადრე რუსები, დუხობურები ცხოვრობდნენ. ახლა კი სულ 30-მდე რუსული ოჯახია დარჩენილი, დანარჩენი ოჯახები სონხურია. ბოლოს დროს აჭარლებიც ჩამოსახლებულან. სოფელში. დაახლოებით 5000 სულამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, დიდი ტერიტორიები და საძოვრები აქვთ. და საკმაოდ კარგადაც ცხოვრობენ სხვა მაღალმთიან, თუნდაც ფშავის სოფლებთან შედარებით, შუაფხო, ხევსურეთზე და თუშეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრშია, რომელსაც უმტკივნეულოდ 3 საათში ფარავ ახალი გაზიზინებული გზით. 5000 ძროხიდან დაახლოებით ნახევარი რომ მეწველად ჩავთვალოთ და თითო ფურიდან, წელიწადში საშუალოდ 350 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 850 ტონა ყველი რომ მივიღოთ, კილოგრამი ყველის ღირებულება სულ მცირე, საბითუმოდ, 6 ლარი რომ ვიანგარიშოთ, ეს დაახლოებით 5 000 000 ლარია. ამას ემატება ნამატი პირუტყვის რეალიზაციაც.
ალბათ დამეთანხმებით, რომ აღმოსავლეთ ან თუნდაც დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონების სოფლების ნახევარში ამდენი თანხა წლის განმავლობაში არ შედის.
ნამდვილად არ ვცდილობ სხვისი ჯიბის თვალიერებას, მაგრამ არ მგონია სწორი იყოს, ამ დასახლების ან სხვა მსგავსი დასახლებების (მათ შორის ისევ ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, რომლებსაც ინფრასტრუქტურის განვითარება უფრო მეტად ესაჭიროებათ, რომ მსგავს სოფლებს დაეწიონ) ერთნაირ რეგულაციებში მოქცევა.
არც შოვინისტური მიდგომები დამწამოს ვინმემ, რადგან ბავშობიდან იქ ვიზრდები და პირადადაც ძალიან კარგად ვიცნობ ამ ხალხს, ვმეზობლობთ, ვმეგობრობთ და გამოდის, რომ მათ ბიუჯეტში ჰექტარზე 16 ლარს ვიხდი, რადგან ცხვარი სამომთაბარეოდ იქ დაგვიდის. თუმცა თავად ისინი აქამდე 7.5 ლარს იხდიდნენ, ახლა კი ეგ გადასახადიც უუქმდებათ, მე კი ალბათ მომიმატებენ კიდეც. ანუ მათთვის შეღავათების მინიჭება მე უნდა შევავსო. პრობლემა არ არის. მაგრამ მგონი სჯობს, იმ რეგიონებში განაწილდეს მეტი ფინანსები, რომლებსაც მეტად სჭირდებათ ჩემი ეს დახმარება. თუ უკან დავწევთ იმ რეგიონებს თავიანთი ეკონომიკური განვითარებით, სხვა რეგიონსაც მერე გავუთანაბროთ.
ვის უნდა ზეტოქსიურ ქალაქში ცხოვრება, თუ ის რეგიონში ცხოვრებითაც მიიღებს იმ შემოსავალს, რაც მის ოჯახს გამოკვებავს და კმაყოფილი იქნება.
ასე რომ, დავეშვათ ზღვის დონეებიდან და ადამიანური დონეები მოვაკეთილოთ, ჯერ ისა სჯობია.