Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უყურე ცას

02 აპრილი 2016

“არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ბოროტება ვნახე, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველამ აღიქვას, რამდენად მეტია ამქვეყნად სინათლე, ვიდრე სიბნელე” - რობერტ უტტარო

ეს ბლოგი, ერთგვარად ირაციონალური, ნაკლებად განკუთვნილი აზროვნების ცნობიერი შრისთვის, ეძღვნება ყველას, ვისაც კლავენ, ვისაც შვილს უკლავენ, ვისაც აწამებენ, ვისაც ყიდიან, ვისაც თელავენ, ვისაც ხელს კრავენ…

“რატომ სვამ?” - პასუხი მოითხოვა პატარა პრინცმა. “იმისთვის, რომ დავივიწყო,” უპასუხა ლოთმა. “რა უნდა დაივიწყო?” - ჩაეძია პატარა პრინცი, რომელსაც უკვე ეცოდებოდა იგი. “დავივიწყო რომ მრცხვენია,” აღიარა ლოთმა და თავი ჩაქინდრა. “რისი გრცხვენია?” - დაჟინებით იკითხა პატარა პრინცმა, რომელსაც მისი დახმარება მოუნდა. “მრცხვენია, რომ ვსვამ!”  - ანტუან დე სენტ ეგზიუპერი

“რატომ მოიხმარ ნარკოტიკს?” - “სითამამისთვის.” “რატომ გინდა იყო თამამი?” “რომ ვიურთიერთო, გავაბა საუბარი…”, “არაფხიზელ ადამიანთან საუბარი ვინმეს მოსწონს?” “როცა არაფხიზელი ვარ, მაშინ ჩემთვის სულერთია.” “როცა ფხიზლდები მერე წუხხარ, გაინტერესებს რა აზრი დარჩათ შენს საუბარზე?” “არასდროს ვფხიზლდები.” დიალოგი ჩემს პაციენტთან. “პატარა პრინცი” მას წაკითხული არ აქვს.

ხშირად უყურე ცას.

ცას არა აქვს საზღვარი, შენი მზერა რომ დაეჯახოს. იქ, მიღმა, არ არსებობს მაღლა და დაბლა, მსუბუქი და მძიმე, პატარა და დიდი, მარჯვნივ და მარცხნივ… არ არსებობენ ანტითეზები.

უყურე ცას, როცა საკუთარი სისხლის გემოს ვეღარ გრძნობ პირში, გდიხარ მიწაზე და გხვდება წიხლები, მაგრამ ვეღარ ხედავ სისხლის წყურვილით ამღვრეულ თვალებს, შენი სხეული გმინავს, მაგრამ შენ აღარ გესმის სხეულის ხმა, ვეღარ გრძნობ ტკივილს. მხოლოდ ამ დროს, მზერით გადიხარ, ზავდები ცის ფერში და მოდის თავისუფლება, უკიდეგანო თავისუფლება შენი ტკივილის მარტოობაში. ტკივილის, რომელსაც ვეღარ გრძნობ.

ნუ გეშინია მარტოობის, რადგანაც ის თავისუფლებაა, სრულყოფილი თავისუფლება, როცა შენ მთლიანი ხარ და ამ მთლიანობას ჰქვია ღმერთთან ყოფნა.

ნუ გეშინია ტკივილის, - ის გაივლის.

აღარ იქნება ტკივილი, მიიღებ სრულ თავისუფლებას. სრული თავისუფლება სრული მარტოობაა და არაფრის მოლოდინი. “ეს არც ისე ცუდია. გაძლიერებული თვითცნობიერება, იზოლაცია, ფიზიკური სირცხვილის და საკუთარი თავის სიძულვილის შეერთების უუნარობა, ეს ყველაფერი არც ისე ცუდია. ეს დემონები ჩემი ანგელოზები იყვნენ. მათ გარეშე ვერასდროს გავზავდებოდი ენაში, ლიტერატურაში, გონში, სიცილში და ყველა გიჟურ ინტენსივობაში რამაც შემქმნა და რამაც ვერ შემქმნა.” - სტეფენ ფრაი

რა გითხრა ახალი? მე შემიძლია გელაპარაკო მხოლოდ მარტოობაზე. მარტოობა განა ისაა, რომ არავინ მოგაწვდის წყალს? მოგაწვდიან. მარტოობა შენი ტკივილია, რომელსაც ვერავინ გაიზიარებს.

თუ მაშინვე არ მოკვდი, გიკვირს, რამდენის ატანა შეგძლებია. ბევრი შეგიძლია, განუსაზღვრელად ბევრი, უბრალოდ ის აღარ ხარ, ვისაც გიცნობდნენ გუშინ. ახლა სხვა ხარ. მერე კიდევ მოგკლავენ და კიდევ სხვა იქნები. აღარ იქნები ის, ვისაც გიცნობენ დღეს.

ტკივილის შესახებ მხოლოდ ცნობიერის მცირე ნაწილი გატყობინებს. შემდეგ შენ არაფერი გესმის, მხოლოდ ხედავ, რომ სხვებს უხარიათ შენი ტკივილი, ძალიან უხარიათ, რადგან მათი წარმოსახვა შენს ტკივილზე უფრო დიდია, ვიდრე შენი ტკივილი, უფრო სწორად, შენი ტკივილი არ შეიძლება წარმოისახოს ვინმემ, რადგან ამ დროს შენ ვერაფერს გრძნობ. ყველაზე დიდი ტკივილი გრძნობის მიღმაა. შენ მხოლოდ ხედავ, რომ სხვებს ეშინიათ შენი ტკივილის უკიდეგანობის და მათი პანიკა უფრო დიდია და მათი წარმოსახვა შენს ტკივილზე, ვიდრე შენი ტკივილი. უფრო სწორად, შენი ტკივილი არ შეიძლება წარმოისახოს ვინმემ, რადგან ამ დროს შენ ვერაფერს გრძნობ. ყველაზე დიდი ტკივილი გრძნობის მიღმაა.

ეს არ არის გრძნობა. ეს არყოფნაა. მისი წარმოსახვა არ შეუძლია მას, ვინც დამაგრებულია ყოფნაში.

მერე ყველაფერი ჩაივლის. ყველას დაავიწყდება შიშიც და აღტყინებაც, რომელიც შენმა ტკივილმა აგრძნობინა. შენ კი უკვე სხვა ხარ. ყოველი ასეთი ტკივილის შემდეგ სხვა ხარ.

სრულყოფილების გზა მხოლოდ ამ ვიწრო ტალანში გაძრომაა. თუ ამ ტალანის ფსკერის გემო არ გიგრძვნია, ვერასდროს გახდები მთლიანი.

უნდა განადგურდე, უნდა ეგდო ისე დაბლა, რომ ყველამ შეძლოს დაგხედოს ზემოდან. ვიღაცის თვალებში სულის შეძვრას ამოიკითხავ, ვიღაცის თვალებში დემონურ სიხარულს. მერე ეს სადღაც შეერთდება შენს სულში და გაქრება ყოველგვარი უწინდელი ცოდნა და პირობითობა. სამყარო შენთან ერთად გახდება მთლიანი მოცემულობა. არ გაგაკვირვებს ბოროტება და არ გაგაოცებს სიკეთე. სრული თანხმობა დამყარდება შენსა და უსასრულობას შორის. ტანჯვის გავლით დაიბადები განწმენდილი. შენი წამება შენი ამქვეყნად ყოფნის საფასურია, შენი ყოველი სიკვდილი სხვად დაბადება. ყველას ხვედრი არაა, ერთ სიცოცხლეში დაიბადოს ბევრჯერ, თვალებში მხიარული, პირველადი ციმციმი ჩაუქრეს და სანაცვლოდ სხვა და მერე კიდევ სხვა სხივი მიიღოს.

თუ შენ გერგო წილად ეს სხივი, ხედვის სხვა შესაძლებლობის აღქმა გეხსნება, - ეს არის მზერა, რომელიც სულით ხედავს ხის ტოტებზე მიყინულ ჩიტებს, ეს მზერა ამჩნევს სხვაში დალექილ ტკივილს და უწყვეტად გადმოაქვს და ატარებს საკუთარ თავში.

მხოლოდ სულის სიკვდილის და აღდგენის შემდეგ ნამდვილად იცი, გემოთი იცი, როგორ სცივათ ქალებს, ზამთარში რომ გაყინული ხელებით გაყინულ ფორთოხალს ყიდიან. შენ იცი, რას განიცდის ნაცემი და ქუჩაში გაგდებული ბავშვი, იცი, რატომ ინადგურებს, საჯიჯგნად უგდებს თავის გამოშიგნულ, დაცარიელებულ, ნატანჯ და უგრძნობ სხეულს ქუჩის მეძავი პატიოსან ადამიანებს რომლებიც ჩვეული პატიოსნებით ჯიჯგნიან. შენ იცი, რას განიცდის უსახლკარო, ღია ცის ქვეშ მიტოვებული მოხუცი, რადგან შენც იგივე ცა გაქვს ნანახი, რომელსაც ის, ქუჩის ხმაურში დაკარგული შესცქერის ყოველდღე ღია თვალებით.

შენ იცი, როგორ არაფრად ღირს შენი სიცოცხლე, ისევე, როგორც ამ მოხუცის და თქვენ ერთნაირად ხართ გაწირული, როგორც არაფრად ღირებული ორგანიზმები.

ნუ გეშინია ფსკერის. მხოლოდ მისგან იწყება შენი ყველაზე ცოცხალი სიცოცხლე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^