სულხან წულაძეს ტროლინგისთვის უკვე მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და არის შანსი, დიდი ხნით გაუშვან ციხეში.
მე არ ვარ forum.ge-ზე და იქაური ამბები ცუდად ვიცი. მაგრამ ცოტა ხანი ჭირდება იმის გარკვევას, რომ სპლიყვი ხან საშუალოდ ტროლაობს, ხან ისე რა, მაგრამ ტროლია.
ტროლი, ანუ ვირტუალურ საზოგადოებაში ძირითადად ანონიმურად მოქმედი სუბიექტი, რომელიც მიზანმიმართულად ურევს - ხან "სკანდალური" ინფორმაციის გამოდებით, ხან სერიოზულ დისკუსიაში ირონიულ კვანტებს უდებს მოკამათეებს, პროვოცირებს, მაიმუნობს, ათას სისულელეში დროებით არწმუნებს ბადეს ამოყოლილ იუზერებს და კვდება სიცილით. ტროლინგი ძალიანაც აკადემიური კვლევის საგანია კარგა ხანია. ჭკუით სავსე ხალხი იკვლევს, პორთფელში ხარისხით და პირში უნივერსიტეტის დისკურსით.
გამოხატვის თავისუფლების სამოქალაქო დამცველები ხმას არ იღებენ. მწერლებიც დუმან - როგორც ჩანს, მათთვის გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პრემირებულ ნაცნობებზე ვრცელდება. არადა, თითქოს გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთია იმ სიკეთეთა შორის, რომელსაც მონდომებით იცავენ - სახელმწიფოსგან თუ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისგან.
თითქოს ყველასთვის ცხადია, რომ წულაძე ინტერნეტხულიგანია, რომ თავდასხმის სქემას ღია ფორუმებზე არ გეგმავენ. მაგრამ პოზიციები იგვიანებს. დაბნეულობაა. ეტყობა, რომ ამ დაბნეულობის მიზეზი ტროლინგის ადრესატია - აშშ-ის ელჩი იან კელი.
ჩვენში საინფორმაციო ველის ჩამომყალიბებელთა ექსპერტული გავლენა და სიბოლური კაპიტალის ხარისხის სერთიფიკატი ხშირად სწორედ აშშ-ის საელჩოს გავლით დგინდება. ამიტომ ეს დაბნეულობა თუ დუმილი გასაკვირი არაა, მაგრამ უხერხულია რაღაცნაირად.
ამას მივამატოთ პროკურატურისა და სასამართლოს გადამლაშება, გადასული ასე ვთქვათ თვითდაჩმორებაში - ერთმა წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, მეორემ დაუდასტურა. სამარცხვინო კუდის ქიცინი. და ერთი უწყინარი კითხვა დავსვათ - ხომ არ გამოდის ისე, რომ ყველას დატროლვა შეიძლება აშშ-ს ელჩის გარდა?
მხარდაჭერა სულხან წულაძეს!