Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

13 ივნისის წლისთავი: ჩუმი რევოლუცია

13 ივნისი 2016

13 ივნისის ტრაგედია საქართველოს და მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. სტიქიის მიზეზებსა და მსხვერპლის შესახებ რეპორტაჟების გარდა, ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია უამრავ მოხალისეთა ქცევამ. ისმოდა მოწოდებები მეტი მონაწილეობის შესახებ. ერთ მოხალისე მეორეს წერდა: “სახლიდან ნუ მელაპარაკები, გამოდი გარეთ და რამე გააკეთე”.

მოგვიანებით ამ მოვლენების აღსაწერად ლექსიკონის ძიება დაიწყო. გამოცემები წერდნენ მოხალისეების აქტიურობის შესახებ. “მოხალისეები გამოდიან, რომ დაალაგონ თბილისი”, - წერდა ერთ-ერთი გამოცემა. “თბილისის წყალდიდობამ მოხალისეობის დიდი ტალღა მოიტანა”,  ასევე, “გმირი მოხალისეები ერთიანდებიან რათა წყალდიდობით დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარონ”.

13 ივნისის მიმართ მოხალისეების რეაქციამ გამოავლინა, რომ საქართველოში ჩუმი რევოლუცია მიმდინარეობს. ეს ტერმინი კარგად ასახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების როლებისა და ურთიერთობის გადაწყობის პროცესს, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო.

თავისთავად შეიძლება ეს ცნება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, ვინაიდან თითქოს რევოლუცია და სიჩუმე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენ ვიცით და გამოცდილი გვაქვს ხმაურიანი რევოლუციები, მუშტებით, ყვირილით, ტრანსფარანტებით, შიმშილობებით, კონფრონტაციებით და ბოლოს და ბოლოს ჩაის სმით. მაგრამ როგორია რევოლუცია, რომელიც ჩუმია?

ტერმინი “ჩუმი რევოლუცია” გამოხატავს პერიოდს კანადის ისტორიაში, როდესაც კანადის პროვინცია კვებეკში დიდი სოციალური ცვლილებები მოხდა. ეს ტერმინი ახსენა ინგლისელმა ჟურნალისტმა, რომელმაც 1960-იან წლებში კვებეკში მომხდარი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები რევოლუციას გაუტოლა, თუმცა ისინი რევოლუციისათვის დამახასიათებელი ხმაურის გარეშე განხორციელდა. 1960 წლამდე კვებეკს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც გამოირჩეოდა ეკონომიკურად კონსერვატიული იდეებით, დაბალი გადასახადებით, ეკონომიკაში სახელმწიფოს ძალიან მწირი როლით, მწირი განათლებით და მოსახლეობის, ძირითადად, როგორც სოფლის მეურნეობის მწარმოებლისა და მომხმარებლის გაგებით. საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით ეკონომიკურ სფეროში დამკვიდრებული იყო თვითრეგულირების იდეა, როდესაც გასაჭირში მყოფი ადამიანების ბედი ძირითადად ქველმოქმედებას იყო მინდობილი.

1960 წელს კი ხელისუფლებაში მოვიდა ჟან ლესაჟის მთავრობა, რომლის მიერ გატარებულ რეფორმებს დაემთხვა სოციალური გარდაქმნა. ახალი ხელისუფლების დევიზი იყო Maîtres chez nous! ანუ როგროც ილია იტყოდა, ჩვენი თავი ჩვენადავე უნდა გვეყუდნოდესო”. ხელისუფლებამ გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომელთა უმეტესობა უკავშირდება კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეას, ანუ  სახელმწიფოს გაზრდილ როლს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში. მათ შორის შეიქმნა განათლების სამინისტრო და განათლებას ჩამოაცილა კათოლიკური ეკლესიის გავლენა, შეიქმნა საყოველთაო დაზღვევის სისტემა, მოხდა ელექტრონერგიის წარმოებისა და განაწილების სისტემის ნაციონალიზაცია.

ამავე დროს კვებეკურ საზოგადოებაში, რომელიც მანამდე ძირითადად კანადის ინგლისურენოვან მოსახლეობას ექვემდებარებოდა, ჩამოყალიბდა საკუთარი კულტურის ახლებური გაგება. გაჩნდა კვებეკური იდენტობა. განათლების რეფორმამ ხელი შეუწყო და წაახალისა ახალგაზრდების ახალი ფასეულობები, ხელი შეუწყო ქალების ემანსიპაციას. მოგვიანებით ჩუმი რევოლუცია გარდაიქმნა პარტიულ პოლიტიკაში რომელიც რენე ლევეკის ნაციონალისტური პარტიის შექმნაში გამოიხატა.

ეს ცვლილებები თანხვედრაში იყო, რა თქმა უნდა, იმ დროის გლობალურ მოვლენებთან. 1960-იანი წლები მსოფლიოს მასშტაბით დიდ ცვლილებების ხანა იყო: მსოფლიოს სამხრეთი მოცული იყო ანტიკოლონიური მოძრაობით, როდესაც აღმოცენდა ყოფილი კოლონიური სახელმწიფოების იდეა ახალი მომავლის შესახებ.

ამავე დროს, მსოფლიოს ჩრდილოეთში მიდიოდა დიდი ბრძოლა და ფიქრი, მსოფლიოს ახალი წეს-წყობილების შესახებ და მოცული იყო მსოფლიოს ახალგაზრდების გამოსვლებით, სამოქალაქო უფლებების მოძრაობით.

კანადური ჩუმი რევოლუციის მემკვიდრეობა დღესაც აქტიურად განიხილება კანადურ პოლიტიკაში. ზოგის აზრით, რევოლუციამ დატოვა მაღალი გადასახადები, გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატი და დიდი შიდა ვალი. ზოგის აზრით კი, სწორედ რომ რევოლუციის შედეგად შეიქმნა კვებეკში ძლიერი პროფკავშირები, ძლიერი საშუალო კლასი, კვებეკელების გამორჩეული კულტურული იდენტობა და განსაკუთრებული როლი კვებეკის პროვინციისა კანადის ფედერალურ სტრუქტურაში. კვებეკი მსოფლიოში დღესაც ლიდერია ცხოვრების უმაღლესი დონით, საუკეთესო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებითა და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებით.

უცნაური არ არის რომ ჩუმი რევოლუციის სიმპტომები სწორედ რომ 13 ივნისის კრიზისმა გამოავლინა. კრიზისს, როგორც ჩვეული წესრიგის რღვევას ერთი ჩვევა აქვს - დაწესებული წესრიგისა და მასთან ერთად დაწესებული იერარქიების აღრევას უწყობს ხოლმე ხელს. კრიზისის დროს მიღებული წესრიგის რყევის პერიოდში გამოჩნდება ხოლმე თავისუფალი სივრცე, რომლის ფარგლებში შეიძლება მოხდეს ძალების გადანაწილება და შემოქმედებითობის აღმოცენება.

13 ივნისი შედეგების მიმართ მოხალისეების ქცევა უნდა დავინახოთ როგორც სიმპტომი ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე ჩუმი რევოლუციისაა, რომელიც სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში ჩუმად, დიდი ფანფარების გარეშე მიმდინარეობს. ამ რევოლუციის აზრი, ისევე როგორც კვებეკში, სახელმწიფოსა და ადამიანის როლის გადახედვა და ახლებური გააზრებაა. ამ მოვლენების მოწმენი ახლა ჩვენ ვართ. იმ სახელმწიფოდან, რომლის სოციალური სფერო შეზღუდული და მწირი იყო, დამსჯელობით სფერო კი - დიდი, ჩვენ გადავდივართ ახალ სახელმწიფოზე, რომელიც სოციალურ სფეროში აქტიურია, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს შევხედავთ. თუ დავაკვირდებით სასჯელაღსრულებით სფეროში განხორციელებულ ამნისტიას, ან სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე თვითშეზღუდვებს, ამას სადამსჯელო სფეროში სახელმწიფოს როლის შემცირებაც ერთვის. გამოთავისუფლებულ სივრცეში ჩანს მოქალაქეთა თვითორგანიზებისა და საკუთარი იდენტობის დადასტურების ახალი საფეხური, რომელიც გამოიხატება 13 ივნისს მოხალისეთა თვითორგანიზებაში, მოქალაქეების მიერ საცობების თვითრეგულირებებეში, ქალთა და შშმ პირების უფლებების მოძრაობებში. ეს რევოლუცია ჩუმია, ვინაიდან მას გრადნიოზული და გაცხადებული რადიკალური ფორმა არ გააჩნია. ამასთანავე, ჩვენნაირი საზოგადოებისათვის, რომელიც ხმაურიან რევოლუციებსაა შეჩვეული, ეს რევოლუცია მით უფრო შეუმჩნეველია.

ამ რევოლუციას უნდა მოჰყვეს სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის ხელახალი ექვილიბრიუმის ჩამოყალიბება. ამ პროცესში, როდესაც სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის ახალი გადანაწილება ხდება, ხშირად წავაწყდებით ხოლმე ურთერთგამომრიცხავ მოწოდებებს: გვინდა მეტი სახელმწიფო და ამავე  დროს გვინდა ნაკლები სახელმწიფო. გვინდა, რომ მერიამ დაგვილაგოს სადარბაზოები; და გვინდა, რომ ჩვენ ყველამ ვისწავლოთ სადარბაზოების დალაგება; გვინდა, რომ გვასწავლონ სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა; და გვინდა, რომ თავი დაგვანებონ და არ გვარბენინონ სანგრებსა და ბუნკერებში; გვინდა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ არ გვინდა პროგრესული გადასახადები, რომ დაფინანსდეს მასწავლებლის გაზრდილი ხელფასი; გვინდა უკეთესი საგზაო მოძრაობა და უკეთესი ჯანდაცვა, მაგრამ არ გვინდა მკაცრი რეგულირება; საბოლოო ჯამში, ასეთი დებატების ეტაპი გარდამავალია. ასეთ დებატებს, რომლებსაც ვხედავთ ყველგან - სახლში, სკოლაში, ტელევიზორში,  მოჰყვება სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებისა და როლის ახლებური გააზრება და სისტემური დალაგება. ამ მოლოდინზე სწორედ 13 ივნისის კრიზისმა მიგვანიშნა. 

ანა დოლიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^