Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნათლობა

07 ნოემბერი 2016

ბლომად ვნახე სახეზე გრიმნაცხები სტუდენტების ფოტოები. უკვე მეორე კურსზე ვიყავი. თეატრალურის ხელმძღვანელობამ ძველი ტრადიცია აღადგინა და დრამის ფაკულტეტის სტუდენტებს ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში ნათლობა - გრიმის ცხება მოუწყო. მსგავსი ნათლობა არც კურსით მეკუთვნოდა და არც ფაკულტეტით... 

ჩემი და ჩემი კურსელების ნათლობა ბევრად უფრო პომპეზური, მასშტაბური და დაუვიწყარი იყო...  თეატრალურის წინ რამდენიმე ოცეულმა მარშით ჩაიარა. სრული ეკიპირება და შესაშური სინქრონი ნაბიჯებში, სწორედ მათ „გაწმინდეს“ რუსთაველის გამზირი - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ეს ოცეულები ჩვენი უნივერსიტეტის მიმდებარედ რამდენიმე ერთეულმა საპატრულო ეკიპაჟმა ჩაანაცვლა. 

ვიღაც პატრულის მანქანას ეცა, ჩოჩქოლი, ყვირილი, ცრემლსადენი აირის ღრუბლები და ამ დროს საერთოდ არ გჯერა მამის მოქეიფე ძმაკაცის სიტყვები, რომ „სტუდენტობა მართლა კაია, ეეჰ. „... უცებ იმ წრის რგოლი გავხდი, რომელიც გაბრაზებული ხალხისგან პატრულს იცავდა. 70 წლამდე ჯანიანი, ჭაღარა ბაბუ გვდირიჟორობდა და ხალხსაც აწყნარებდა - „რა ამათი ბრალია სპეცნაზმა, რო დაგვცხოო“...  წრეში 5-6 ადმიანი ვიყავით. აქედან მხოლოდ ორს ვიცნობდი. მე ზურგით ვიდექი თავისუფლების მოედნისკენ და ხელებით მაგრად ვებღაუჭებოდით ერთმანეთს. უცებ ჩემმა მეგობარმა თავი ჩახარა და სანამ უკან მივიხედე რაკურსი შემეცვალა, ბევრ მოძრავ ფეხსაცმელს ვხედავდი და ვგრძნობდი. ფოსფორისფერ ლაბადადამშვენებულმა კანონდამცველებმა იხსნეს ხალხის ხელში ჩავარდნილი პატრულები.

როგორც იქნა შენობაში შევაღწიე. დათვიჯვრის უღელტეხილს რომ გააკვირვებს, ისეთი ნისლი მოიხურა რუსთაველის გამზირმა. უვარგისი მოკრივის კბილებივით გამოიყურებოდა თეატრალურის შესასვლელი. ძალიან ბევრმა ადმიანმა შეაფარა თავი. 

უცებ მაგრად ამეწვა თვალები, სუნთქვა შემეკრა, დაბნელდა და დავეცი... ალბათ სამყაროსთან ჩემი პირველი შეხვედრაც ისეთი უცნაური იყო, როგორც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა... არავინ იცის რატომ, მაგრამ პირველად სწორედ მაშინ მოვწიე სიგარეტი... ვეგდე ლიფტთან თავი მუხლებზე მედო. ვფიქრობდი, რა მანერით ვეწეოდი სიგარეტს და რას ვაპირებდი მერე...

„წამოო გასასვლელი ვიცი“, - დამიძახა გაბელამ და გავყევი. გადავედით კინოს ფაკულტეტის მხარეს. რეზო ესაძის აუდიტორიის საკუჭნაოდან იტალიური ეზოს სახურავზე გადასასვლელი ყოფილა. გისოსები ერთობლივი ძალებით მოვგლიჯეთ, გადავედით სახურავზე, ჩავძვერით სხვენში და რამდენიმე წუთში ოპერასა და თეატრალურს შორის აღმოვჩნდით. ამ რაკურსით თეატრალურის შენობა არც დღეს ვარგა, მაგრამ მაშინ უარესი იყო... ლექტორები და სტუდენტები სხვადასხვა აუდიტორიებიდან ითხოვდნენ დახმარებას.  

ჩვენ დავბრუნდით შენობაში, რადგან ბევრმა ამ გასასვლელის შესახებ არაფერი იცოდა, მთელ 4 სართულზე დავიწყეთ სირბილი და ყველას ესაძის აუდიტორიაში ვეპატიჟებოდით. მოდუნებულმა ორგანიზმმა თითქოს მოძრაობა დაიწყო, თითქოს ხელები გათბა, ტვინი ამუშავდა... ჩვენ ათამდე ვიყავით... 100-მდე ადამიანი გავიყვანეთ... მერე რამდენჯერმე მოგვხვდა სანამ რუსთაველიდან გავაღწიეთ. იმ დღეს გაბელასთან დავრჩით. ერთად ვუყურეთ დარბევის კადრებს, იმედის გათიშვას და მერე ჩვენც გავითიშეთ.

დილის ფერები ისეთივე შეგრძნებას ტოვებდა, როგორც იმ ცრემლსადენი გაზის „პახმელია“... თითქოს ამ დილისთვის შეიქმნა ზუსტადო. გავიღვიძეთ ქალაქში, სადაც საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული, რამდენიმე კაცი მივედით თეატრალურთან. ფორმიანებმა ჩვენს პირადობაში მითითებულ მისამართებზე შორს გაგვგზავნეს. ჩვენც დავემორჩილეთ და გავუყევით გზას. გაზი ფილტვებში, ხელკეტები გვერდებში და ღირსება ჯიბეში... 

2008-ში, ამ ისტორიებს რომ პირველკურსელებს ვუყვებოდით, ალბათ იმათ ჩვენი შურდათ, ჩვენ - იმათი; ჩვენ მათი ნათლობის, მათ - ჩვენი ნათლობის... ჩემი „ნათლობიდან“  დიდი დრო გავიდა. 7 ნოემბერი 9 წლისაა და 2 რამეს მივხვდი ზუსტად! თუ ადამიანი იცვამს ფორმას, ამ ფორმას მოჰყვება „ინსტრუქცია“, რომლის თანახმადაც ეს ადამიანი ემორჩილება ბრძანებას; და მეორე - არ არსებობს სისტემა, რომელსაც „ევასება“ თავისუფალი და განსხვავებული აზრი. ყველა თავისებური ფორმებით ცდილობს, მოგაქციოს თავის ჩარჩოებში.  

და თვითმართველობის ბიუჯეტისთვის ბრძოლა, პოლიტპარტიების პლაკატებით სირბილი და სკანდირება ზუსტად სტუდენტობის ჟამს არ უხდება. „სტუდენტობა დიდი ძალაა“ და ამ ძალის „მორჯულება“ ყოველთვის პრიორიტეტია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^