Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Say Cheese, ანუ ქართულად „ციიიცქა“

23 მარტი 2017

სხვათა შორის, ჩვენი ლაბრადორის მეტისი, რომელიც აღმა-დაღმა დაეხეტებოდა პავლოვისა და ტაშკენტის კვეთაზე და ძაღლებისა და ჩვენი საერთო მეგობრების დახმარებით, არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენთან, მარტვილში ამოყო თავი, ბედნიერი ფეხის გამოდგა. მეორე დღესვე გვეწვივნენ ოჯახური ღვინის მოყვარულები და ჩემი 2015 წლის მოსავლის სამი ყუთი, ანუ 18 ბოთლი ღვინო დაუფიქრებლად იყიდეს, 2 ყუთიც წინასწარ დაიბევეს. ზედმეტ კეკლუცობად ნუ ჩამომართმევთ და 5 ყუთი ჩემი პირველი წლის ღვინოების ლამის მეოთხედია, ამიტომ სამახსოვრო ფოტოს რომ ვიღებდით, იმ წუთას გამიელვა, შევცდით, ძაღლისთვის ბროლია უნდა დაგვერქმია-მეთქი.

მას შემდეგ ტომის დიდი მადლიერი ვარ. ამას წინათ რომელიღაც ვებწყაროზე საინტერესო კვლევას წავაწყდი - მადლიერების გრძნობა ტვინში ისეთ ჰორმონებს ააქტიურებს, რომელიც ათასი წელი და იმის იქით, დეპრესიას არ შეგყრითო. არ მინდა, ძალიან სასაცილოდ გამომივიდეს, მაგრამ ეპოქაში, რომელშიც სულიკოს რომანტიკული ძიება პოკემონისამ შეცვალა, მე ქათმებისაც მადლიერი ვარ (კი გამომივიდა იოსებ ნონეშვილის ლექსწყობით) - ყოველ საღამოს ვითვლი აქოთქოთებული დედლების მონაგარს და დილით ბავშვებს მზისფერ ყიყლიყოებს ვუბრაწავ. სპეციალისტობიდან დეპარტამენტის უფროსობამდე კარიერულ ზრდაზე მეტად  ნერგზე ამოყრილი მორჩის ზრდა, კვირტის გამოღება და ნაყოფის მომწიფება მახარებს. თითოეულ მოქმედებას სახელიც როგორი ხატოვანი და მეტაფორული აქვს, დიდი ემპათია და პატივისცემა რომ იგრძნობა - გაფურჩვნა, ცის გახსნა, ნამხრევის შეცლა, გადაწვენა, ვაზის ცრემლის გადმოდენა. წაგიკითხავთ ეთნოგრაფიული ჩანაწერები, კახელი გლეხი რომ ამბობს, ეს ვენახი „იგეთ მტევნებს გამოიღებდა, გეგონებოდა, ბალღებიაო“? ეგ ამბავია.

მოკლედ, რესპუბლიკის მოდელი გვაქვს, რომელიც, როგორც კლასიკური რესპუბლიკა, წარმომადგენლობითია - 5 ქათამი და 1 მამალი (კაცები ნუ მიწყენთ, გენდერული დისბალანსი როდია, საქართველოს დემოგრაფიის რეპრეზენტაციაა), 1 ცუგა, 2 ბავშვი, დედა, მამა. ზაფხულისთვის რამდენიმე ქვოტა წიწილებზე და გოჭებზეც დავუშვით და საერთოდ, ძალიან მინდა საგანმანათლებლო კონტაქტური ზოოპარკის და ასეთივე მცირე მეურნეობის გაკეთება. როცა ჩვენს მარანს ტურისტები ეწვევიან, თანმხლებ ბავშვებს ცხოველებთან და მცენარეებთან გავართობთ. ერთი კია, ჯერჯერობით ვერ გავიხსენე ფონდი, რომელიც ისეთი იდეების ხორცშესხმას უწყობს ხელს, რომლებიც არც ძალადობასთან ბრძოლას ითვალისწინებს და არც ჩაგრულთა დაცვას. არადა, საკითხი მარტივად დგას - მეტი ინვესტირება განათლებაში - ნაკლები ძალადობა. რატომღაც, ხშირად ავიწყდებათ, რომ პრევენცია მანკიერებებთან ბრძოლის საუკეთესო გზაა. ყველაფერთან ერთად, ჩემი იდეა მაინცდამაინც დიდი ინოვაციურობითა და გამომგონებლურობითაც ვერ დაიკვეხნის. საქმე საქმეზე მიდგეს და პროექტი დაწერო, დიდი-დიდი სიტყვა „მდგრადი“ ჩააკვეხო სადმე.  

ამასობაში, მარტია და ჩვენი მწვანე რესპუბლიკაც ძალას იკრებს. სულ მალე აგრარული კულტურებიც დივერსიფიცირებული გვექნება. მეგობრების წყალობით, ერთი საოცარი ონლაინმაღაზია აღმოვაჩინე, სადაც არაგენმოდიფიცირებული ორგანული თესლები იყიდება და ვაპირებ იქიდან გამოვწერო ათასგვარი მაიმუნობა, ისე, რომ წლევანდელ სეზონზე ცოტათი გაბრაზებული სახის ადგილობრივი ტურისტები მენიუში თეთრ ბადრიჯანსა და იისფერ პომიდორს რომ ამოიკითხავენ, სუ „ქართველობას გვართმევენ“ ვაძახებინო.

ჯერჯერობით კი ჩვენს კარ-მიდამოში ვაზია დომინანტი. სხვათა შორის, ჩემს ქმარს ძალიან ეამაყება და ხშირად მახსენებს, რომ სწორედ მისი ცოლია ის მეღვინე ქალი, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი ვენახი და მარანი აქვს, ამ ამბავში კი, ვინ, თუ არა ქმარმა შეუწყო ხელი. ეს წინადადება შეიცავს სარეკლამო ხასიათის გზავნილებს, შეგიძლიათ, გამოტოვოთ და გადახვიდეთ შემდეგ აბზაცზე.  

ჩემი ვენახი, რომელიც ეზოშივე გავაშენეთ, 550 ძირ ვაზს იტევს. აქედან ძირითადი ნაწილი ოჯალეშია და 20-მდე ჭვიტილური. ისე არ გავკადნიერდები, აზატი გლეხების შთამომავალმა და არამეგრელმა ოჯალეშის ღირსებებზე სიტყვა დავძრა. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ისტორიულ წყაროებში მოგზაურები მას ბორდოს სტილის ღვინოებს ადარებდნენ. ჭვიტილური კი თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. ამპელოგრაფიული წყაროების ჩხრეკის შემდეგ გადავწყვიტე, 2016 წელს მცირე რაოდენობით, საცდელად გამეშენებინა. წელსაც მინდოდა იშვიათი მეგრული და აფხაზური ჯიშების - პანეშის, ჩერგვალის, ავასირხვასა და კაჭიჭის დარგვა, მაგრამ ჯერჯერობით, ჯიღაურას მეურნეობიდან ნერგები ვერ მოვიპოვეთ.

დასავლეთ საქართველოში უფრო და უფრო მეტი მცირე მარანი ცდილობს ვენახის ჯიშურ დივერსიფიკაციას, იშვიათი ჯიშების - ციცქას, კრახუნას, ოცხანური საფერეს, ალადასტურის, ოჯალეშის, ჩხავერის - გაშენებას. არსებობს სახელმძღვანელო მაგალითები, რომლებიც ოჯახურ მარნებს აჩვენებს ამ მეურნეობის, როგორც ბიზნესის რენტაბელურობას. ცალკე აღნიშვნას ის ფაქტი იმსახურებს, რომ საქართველოში სულ უფრო მრავლდება ბარები, მაღაზიები და რესტორნები, რომლებიც ინტერესდებიან ოჯახებში წარმოებული ნატურალური ხელქმნილი ღვინოებით (Handmade Wines).

თუმცა ადგილობრივი ბაზარი შეიძლება უფრო ნაკლებ იყოს ამ გამოწვევისთვის მზად, ვიდრე მსოფლიოს ის ქვეყნები, სადაც ღვინის სამომხმარებლო კულტურა განვითარებულია. ღვინის მოყვარულები, ე.წ. ძველი და ახალი სამყაროების ცნობადი გემოებით მიღებული მოწყენილობის კვალობაზე, დაუცხრომელი ვნებით ეძებენ ახალ ჯიშებს, ახალ რეგიონებსა და ახალ სტილისტიკას. ამ ფონზე განსაკუთრებით სევდის მომგვრელ ისტორიათა შვიდტომეულში შეიძლება ჩაიწეროს ის ამბავი, რომ დღეს საქართველოში ვაზის 525 ენდემური ჯიშის მეათედიც კი არ იწარმოება.  

ჩემთვის, როგორც დამწყები მეურნისთვის ისიც ერთგვარად უცნაურია, რომ უახლოეს წარსულში, ვიდრე 2017 წლამდე ღვინის სამშობლოში მევენახეობა-მეღვინეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობდა. რაც შეეხება, მცირე და ოჯახური მეღვინეობების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამას, ასეთი დღემდე არ მოქმედებს.

სამართლიანობა მოითხოვს, მადლობა ვუთხრათ ღვინის ეროვნულ სააგენტოს საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე მცირე მეღვინეობების ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, „ახალი ღვინის ფესტივალისთვის“, რაც, ერთ-ერთი, სწორედ მცირე მარნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. თუმცა ამჯერად, იმ ტიპის პროგრამებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ითვალისწინებს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ მხარდაჭერას, ან ახალი ვენახების გაშენების საქმეში ხელშეწყობას, თუნდაც, მხოლოდ იმ მეწარმეებისთვის, ვინც რესურსების სიმწირის გამო ღვინოს შეუსაბამოდ  შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს და საბაზრო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.  

სხვა მრავალთა შორის ასეთია იაგო ბიტარიშვილი. რამდენიმე წელია, მისი სახელი მსოფლიოში ქვევრის ღვინოსთან გაიგივდა. „იაგოს ღვინომ“, რომელსაც მსოფლიოს მაღალი კლასის ღვინის ბარები და რესტორნები საკუთარ მომხმარებელს სთავაზობენ, ქართული ღვინის, ქვევრისა და ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა, შარშან მისმა მარანმა და მეურნეობამ პროგრამაში - „აწარმოე საქართველოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს კიდევ არაფერი, იაგოს ოჯახი წყალს დღემდე სატვირთო მანქანებითა და რეზერვუარებით ეზიდება სახლსა და მარანში, რომელიც საქართველოს ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი დესტინაციაა. ვითომ, რით იქნებოდა ურიგო ერთი კოხტა სახელმწიფო პროგრამა ასეთი ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ მეურნეობაში უძველეს ჯიშებს - ჩინურს, ჟღიას, კამურს, ჩეჭიფეშს, კაბისტონს დაუბრუნებდა მევენახეობის თანამედროვე გამოცდილებას და ვისაც არასდროს უცდია მანიპულირება ვენახის აჩეხვით?  

დღეს კი ასეთი მოცემულობაა - სოფლის მეურნეობის სექტორის არცერთი პროგრამა არ არის მიმართული მცირე და ოჯახური მეღვინეობების საჭიროებებზე. მევენახეობა-მეღვინეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა საკმაოდ უცნაურ პირობებს უყენებს მეურნეებს - ისინი გიგანტურ კოოპერატივად უნდა გაერთიანდნენ და თუკი 20 ჰექტარ ვენახებზე მოწეული მოსავლების გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ, სახელმწიფო მათ აღჭურვილობის შეძენაში დაეხმარება. დასანანია, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო პროგრამა რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს და არა, თუნდაც, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს პირობა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო მევენახეობის განვითარებას მხოლოდ კახეთის რეგიონში მოიაზრებს. სხვანაირად როგორ შეიძლება ჰიპოთეტურად დავუშვათ 20 ჰა ვენახების მქონე მეურნეთა კოოპერატივების დაფუძნება მცირემიწიან იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, რაჭაში და სხვ.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინიცირებული აგრიკულტურული პროგრამებიც, როგორც წესი, მევენახეებსა და მეღვინეებს კოოპერატივების ჩამოყალიბების მოთხოვნას უყენებს. ჩვენთვის - ორგანული მეურნეობის მიმდევართათვის კი საკმაოდ რთული გამოწვევაა, იპოვო, მინიმუმ, 5 თანამოაზრე, რომლებთანაც ეთიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებზე შესაძლებელი იქნება შეთანხმება. ამ საკითხებმა სამომავლოდ შესაძლოა განხეთქილების ვაშლის ფუნქციაც შეასრულოს.

რაც შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოქმედი ფერმერების მხარდაჭერაზეა მიმართული (მაგ. IFAD), კულტურათა ჩამონათვალში, რომელთა გაშენებასაც ისინი საქართველოში უჭერენ მხარს, ვაზი საერთოდ არ მოიაზრება. გამოდის, მცირე საოჯახო მარნები საკუთარი უნარების, რესურსებისა და არცთუ ხელსაყრელი საკრედიტო პირობების ანაბარა რჩებიან.

თუმცა, არა მხოლოდ.

თავის დროზე ქალაქ მარტვილში საოჯახო მარნისა და ენოტურისტული პროდუქტის განვითარების თაობაზე ჩემი ბიზნესგეგმა, როგორც ჩანს, იმ ადამიანების ხელში მოხვდა, ვისაც სამეგრელოში მცირე მეღვინეობის შესაძლებლობებზე მაინცდამაინც მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ჩემი facebook-პოსტი აღმოჩნდა ბუნებრივი ღვინისა და მცირე მარნების გულშემატკივრებთან. წელს მათი დახმარებით პირველ ტურისტულ ჯგუფებს ვუმასპინძლებთ. ჩემი მაისის პროგრამაში უკვე სამი რეზერვია, მათ შორის, ორი პროფესიული ჯგუფის - ღვინის ექსპერტებისა და Slow Food-ის საუნივერსიტეტო პროგრამის წარმომადგენლების.

ერთხელ რაინჰესენში სტუმრობისას მითხრეს, სამახსოვრო ფოტოს დაჩხაკუნების მომენტში Cheese-ის მაგივრად „რიიისლინგს“ ვიძახითო. ჩვენ რომ „ციცქა“ ვთქვათ-მეთქი? ჰოდა, ასე დავამკვიდრეთ ჩვენს სტუმრებთან: „Say Tsiiiistka!“

მაისიდან უამრავი ასეთი ფოტო გაჩნდება ჩემს Newsfeed-ზე - გულებით, სიცილებით, wow-ებით. ამ ფოტოებს იმ სახელმწიფო პროგრამის ექსპერტებიც გაიზიარებენ, რომელთაც მევენახეების საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებათ. და, რა თქმა უნდა, მეურნეების საჭიროებებზე მიყურადების მცდელობები ჰიპერრეალობისა და სიმულაკრების საყოველთაო კარნავალში ჩაიკარგება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^