„მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობდა. პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედაჩემს სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია”.
ამონარიდი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილის განცხადებიდან
თუ დაიბენით, არა უშავს, მეც დაბნეული ვარ.
აქ ისეთები ხდება, დაბნევა მინიმალურია, რაც შეიძლება, დაგემართოს.
იმ საბჭოთა დროინდელი, წვერებიანი ანეკდოტის არ იყოს, მუმუ თუ ტურგენევმა დაწერა, ძეგლებს ლენინს რატომ უდგამენო - უყურებ და ვერაფერი გაგიგია: ცოლებს ძველი ბიჭები, ბაბულიკები და პოლიციელები ხოცავენ, ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლას კი არასამთავრობოებსა და ევროპას აბრალებენ.
თან ბოლო 2 წელია, თეა სირაძის გათავისუფლებას რომ ითხოვენ: არიქა, 5 შვილის დედაა და 5 ინდოელის ცემის გამო რატომ დაიჭირესო, ზუსტად იგივე ხალხი ზის სოციალურ ქსელში და 4 შვილის დედის სადისტურ მკვლელობას ამართლებს - ღირსი იქნებოდაო. როგორ გინდა, ამის შემხედვარე, არ დაიბნე და საღ გონებაზე დარჩე?
და ეს უკვე მერამდენე ყოფილი ცოლის მკვლელობაა ყოფილი ქმრის მიერ ჩადენილი, ზუსტად არავინ იცის, სათვალავი აგვერია უკვე.
მე არ ვაპირებ ახლა აქ მკვლელობის სავარაუდო მიზეზებისა და მოტივების გაშლას.
არც მკვლელის ფსიქოტიპზე ვილაპარაკებ - ბლოგში ეგ თემა არ დაეტევა.
მთავარი საზოგადოების დამოკიდებულებაა.
მიუხედავად ოჯახური ძალადობის შედეგად ჩადენილი მკვლელობების არნახული მატებისა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა მკვლელს, ე.წ. „გამპრავებელი“ არ გამოუჩნდებოდა სოციალურ ქსელში.
გასაგებია, რომ ზოგი ასე ცდილობს, ორიგინალური გამოჩნდეს, მაგრამ როცა ადამიანის სიცოცხლის მოსპობასთან კავშირში ისმის სიტყვები „ადათი“, „ტრადიცია“, „ოჯახის ღირსება“ და „პატიოსნება“, ეს უკვე სოციალური პრობლემაა და არა ინდივიდუალური ტრაგედია, როგორც ხშირად გვგონია ხოლმე.
და ამ ყველაფერს გარნირად ერთვის მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოჯახის ინსტიტუტთან ბრძოლას დასავლურ სამყაროს, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებს, ჯორჯ სოროსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ლიბერალიზმს აბრალებს.
არადა, რომ დააკვირდე, დიდი განათლებაც არ გჭირდება, ისედაც მიხვდები, რომ ამ ქვეყანაში ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა, ვისაც არ ეზარება.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა დედა, რომელიც ვაჟს ეუბნება, რომ „არაქალიშვილ გოგოს სახლში არ მიაყვანინებს“.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მამა, რომელიც სამშობიაროს ეზოში გოგოს დაბადებას წუთიერი დუმილით ხვდება.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მეგობარი, რომელიც მამაკაცს ეუბნება, რომ „ქალს ხმა არ უნდა ამოაღებინო, ბიჭო, და ქალის ჭკუაზე არ უნდა გაიარო, გაიგე, ბრატ?“
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მღვდელი, რომელიც აღსარებაზე მისულ წამების მსხვერპლს უქადაგებს, რომ „ქმარი თავია ოჯახისა“ და რომ „ოჯახის გადასარჩენად და შვილების გულისთვის“ არაადამიანური მოპყრობა უნდა აიტანოს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა პოლიციელი, რომელიც დახმარების თხოვნით მოსულ ქალს ეკითხება: რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდათო და რომელიც პოლიციელის მოვალეობაზე მაღლა მამაკაცურ სოლიდარობას აყენებს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მოსამართლე, რომელიც ცოლის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილს გირაოთი ათავისუფლებს და შანსს აძლევს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს და ფემიციდის კანონის მიღების ნაცვლად კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩაწერას ითხოვს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მეზობელი, რომელსაც ყოველდღე ესმის მეზობლის ოჯახიდან გამომავალი მტვრევის, გინების, ბავშვების ტირილისა და უბედურების ხმა და მის ჩასახშობად ტელევიზორის ხმას უწევს - სხვის ოჯახში ხომ არ ჩაერევა, სადაური წესია, ევროპაში ხომ არ ვართ (!).
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა ფეისბუქიუზერი, რომელსაც სიტყვა „ოჯახურის“ წაკითხვისას ხორცთან ერთად შემწვარი კარტოფილი ახსენდება და იქვე მიწერილ მეორე სიტყვას - „ძალადობას“ უბრალოდ თვალს არიდებს - ეს ხომ მას არ ეხება.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა ჟურნალისტი, რომელიც არსებულ პრობლემას საკუთარი შოუს რეიტინგისთვის იყენებს და ამით პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა ტელევიზიის მესვეური, რომელიც ინდურ და თურქულ სერიალს უშვებს ეთერში და ამით აზიურ, ჩაკეტილ, მრავალთაობიან ოჯახს დამატებით რეკლამირებას უწევს.
ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ყველა მასწავლებელი, რომელიც ფიქრობს, რომ სექსუალური სამეცნიერო განათლება გარყვნილებაა და რომ ბავშვებს ამ თემაზე სკოლაში არავინ უნდა ესაუბროს.
დაბოლოს, ოჯახის ინსტიტუტს ებრძვის ის, ვინც, უკვე 200 წელზე მეტია, რეალურად ებრძვის ყველაფერ ქართულს, ვინც დიდ ფულს იხდის, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ჩამოვთვალე და ვინც საკუთარ დაჭაობებულ ტვინში მოხარშულ იდეოლოგიურ ოკუპაციას „ქართულ ტრადიციად“ ასაღებს.
და რაკი ოჯახის ინსტიტუტს ამდენი მტერი ჰყავს, „ოჯახის მსოფლიო კონგრესის“ ჩატარება საქართველოში, თან მაინცდამაინც 17 მაისს, უბრალოდ მავნებლობა და რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობა მგონია.
დროებით.