Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგოს მამის მანიფესტი

05 მაისი 2017

მე გოგოს მამა ვარ და მომენტალურად ნივთად ვაქცევ ნებისმიერს, რომელიც მეტყვის, რომ ჩემი შვილი ნივთია, რომელიც ვინმეს უნდა მი-ვათხოვო.

ჩემი შვილი ვინმეს (მათ შორის, არც ჩემი) იმედის, ან მოთხოვნების გასამართლებლად არ დაბადებულა.

მე თავისუფალ ადამიანს ვზრდი - ისეთს, რომელსაც არ შერცხვება საკუთარი ბუნებრივობის, იმ ყველაფრის, რაც ღმერთმა უბოძა და არც „კაცთა ხელოვნებით შეთხზული“ აკრძალვების გამო დაიკომპლექსებს თავს.

მე გოგოს მამა ვარ და როცა ჩემი გოგო დაიბადა, უბედნიერესი გავხდი კაცთა შორის.

მე შვილი მხოლოდ გვარის გამგრძელებლად არ მჭირდება.

არც ოჯახის ღირსების და არც ტრადიციების დამცველად.

ჩემი შვილი მე მხოლოდ ბედნიერებისთვის მჭირდება.

ჩემი კი არა, მისი ბედნიერებისთვის.

თუ ჩემი ოჯახის ღირსება ჩემი შვილის თავისუფლების, თავისუფალი არჩევანისა და პირადი ბედნიერების ხარჯზე უნდა მქონდეს, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი ოჯახის ღირსებისთვის.

ჩემი ტრადიცია თავისუფლებაა.

ადამიანს თავისუფალს ხდის არჩევანისა და შეცდომის უფლება.

მე გოგოს მამა ვარ, მკიდია პატრიარქალური საზოგადოების „ზნეობრივი ჩარჩოები“ და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს შვილს არჩევანისა და შეცდომის უფლება ჰქონდეს.

ნებისმიერი არჩევანის, ან ნებისმიერი შეცდომის მიუხედავად, ის მაინც ჩემი შვილი იქნება და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ ნებისმიერს, რომელიც მეტყვის, რომ ეს ასე არ არის.

ჩემს შვილს მოვალეობებზე წინ უფლებები აქვს და მის უფლებებს ნებისმიერი გზით დავიცავ.

მე გოგოს მამა ვარ და როცა ჩემი შვილი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, მაშინ შექმნის.

თუ საერთოდ არ გადაწყვეტს, ესეც მისი არჩევანი იქნება და ამ არჩევანსაც პატივს ვცემ.

თუ რამდენჯერმე გადაწყვეტს, ესეც მისი არჩევანი იქნება და ამ არჩევანსაც პატივს ვცემ.

თუ ქორწინების გარეშე გადაწყვეტს შვილის ყოლას, ესეც მისი არჩევანი იქნება და ამ არჩევანსაც პატივს ვცემ.

ჩემს პირად შეხედულებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან, ჩემ გამო, გადაწყვეტილებები არ შეცვალოს.

მე გოგოს მამა ვარ და ღორივით დავკლავ ნებისმიერს, რომელიც, რაღაც იდიოტური ტრადიციების გამო, ან მის „მოტაცებას“ შეეცდება, ან „მაჭანკალს“ მოუგზავნის „გასარიგებლად“.

ჩემი შვილის პირად ცხოვრებაში მე არ ვაპირებ ჩარევას.

მე მხოლოდ მრჩეველი ვიქნები მისი ცხოვრების გზაზე და დავიცავ მას და მის უფლებებს მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

მე გოგოს მამა ვარ და ჩემი ქალიშვილი აუცილებლად მიიღებს ისეთ განათლებას, როგორიც მის ინტელექტს შეეფერება.

პროფესიასაც თავად აირჩევს, საკუთარი გადაწყვეტილებით.

საცხოვრებელ სახლსაც.

მე ადამიანს ვზრდი და არა ვინმეს დაკვეთის შემსრულებელს.

ქალი სულაც არაა ვალდებული, ვინმეს მორჩილი იყოს და ჩემს შვილს ეს კოვზის სწორად დაჭერასთან ერთად ვასწავლე.

იმასაც აუცილებლად ვასწავლი, რომ ქმარი არაა ოჯახის თავი და ოჯახს, თუ ნამდვილად ოჯახია, თავი და ბოლო კი არა, ჰარმონია სჭირდება.

იმასაც ვასწავლი, რომ ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია და არავის, აბსოლუტურად არავის აქვს უფლება, მის არჩევანში ჩაერიოს, თუ თავად არ მისცემს ამის უფლებას ვინმეს.

მე გოგოს მამა ვარ და ჩემი გოგო თავის ნაბიჯებზე პასუხისმგებლობასაც თავად აიღებს.

არ ვიცი, ეს ნაბიჯები როგორი იქნება, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ეს მისი ნაბიჯები იყოს და არა ვინმეს ზეგავლენით ნაკარნახევი.

მე გოგოს მამა ვარ და კარგად მესმის, რომ მარტო ჩემი პოზიცია რეალურად გარდატეხას ვერ შეიტანს სიტუაციაში.

ამიტომ აუცილებლად შემოვიკრებ ჩემნაირად მოაზროვნე, გოგოების მამებს და მათთან ერთად, ერთობლივი ძალით შევეცდებით, მახინჯი სტერეოტიპებისგან, ყალბი და შემოგდებული ფასეულობებისგან გავწმინდოთ საზოგადოების ცნობიერება და ნორმალურ, ჯანმრთელ თაობებს მოვუმზადოთ საფუძველი.

მე გოგოს მამა ვარ, ამიტომ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი შვილის ცხოვრებაში არავინ ჩაერიოთ, არც კეთილი და, მით უმეტეს, არც ბოროტი სურვილებით.

მდიდარი იქნება, ღარიბი, მრავალშვილიანი, მოცეკვავე, ფეხბურთელი, მეძავი თუ მონაზონი  - ის მაინც ჩემი გოგო იქნება, ვიდრე პირში სული მიდგას და მისი ნებისმიერი, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი გადაწყვეტილების დასაცავად დაუფიქრებლად გავწირავ ყველაფერს.

მე გოგოს მამა ვარ და ეს ძალიან მაგარია!

დროებით!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^