Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამწუხაროდ, მას...

19 ივლისი 2017

„ზოსიმე, ბახუტ და გოჩა. სამივე დასჯილები ხართ და დღეს მთელი ღამე იქნებით ბანაკის დარაჯები. დადექით თითო კარავთან, გაიმართეთ, ხელები ზურგზე და ზუსტად ასე იდგებით დილამდე, გასაგებია?“

ხმის ჩახლეჩამდე აღარაფერი მაკლია და დასჯილი სამეულიც ძარღვების დაბერვით მპასუხობს:

„დიახ მას“

დანარჩენებმა დაშლის ბრძანება მიიღეს და კარვებში გადანაწილდნენ. შეკრების მეორე დღეა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, სულ რატო ვყვირი და რატო ვუსვამ ხაზს გუნდურობის მნიშვნელობას. ზოგი ალბათ ნანობს კიდეც წამოსვლას.

...

ზუსტად ნახევარ საათში რაღაც ფაჩუნი მესმის, ჩუმად ვიწყებ მომზადებას. კარვიდან უხმაუროდ მინდა გამოვიდე, „დარაჯებს სამსახურეობრივ გულგრილობაზე რო წავასწრო“ და ამ დროს რაზმი იწყებს საქართველოს ჰიმნს, ფარანი მივანათე და წინ მიდგას ჯაჭვი, ყველა გარეთაა, დარაჯებს უდგანან. გვერდით ხელები აქვთ ერთმანეთზე გადახვეული და „სასჯელს“ თანაბრად ინაწილებენ“.

სიხარულისგან არ ვიცი რა ვქნა, ვუმატებ ყვირილს:

-არ გვეძინება?

- არაა, - მპასუხობენ ერთხმად.

- კარგია, იდგებით დილამდე.

შევბრუნდი კარავში, წინა შეკრების მონაწილეები წელს დამხმარე მწვრთნელები არიან. ვდგავართ და გვიხარია, რომ ზუსტად 2 დღეში ერთმანეთისთვის უცნობი ბიჭები ერთმანეთისთვის ღამეს ათენებენ და გვერდში უდგანან ბანაკელებს.

...

გუნდურობის ასეთი მაგალითები კიდევ ბევრჯერ დაიდო. 5 დღის განმავლობაში 100 კილომეტრზე მეტი გაიარეს. თავიდან 5-წუთიან ძუნძულს წუწუნი მოჰყვებოდა, ბოლო დღეს 55 წუთი იძუნძულეს, ერთ-ერთ მონაწილეს ბოტასზე ძირი გაძვრა.

- ასე გავაგრძელებ მაას.

- არა, - მას დავეხმარებით.

- გაჩერდა რაზმიიი, - ზუსტად ერთი წუთი გაქვთ იმისთვის, რომ გიოს მიეხმაროთ და რამე მოუფიქროთ.

ატყდა ფუსფუსი, იდეების „ზეიმია“ და ზუსტად ერთ წუთში გიოს ბოტასი „გამრთელდა“ -  შორტების ზორტით ძირი ზედა მხარეს მიაბეს და ჩარგლის გადასახვევამდე შეუსვენებლად ირბინეს. მოსაცდელში დასხნენ, ამოისუნთქეს და უცებ ერთმა მეორეს უყვირა. ყვირილის მასტრეკლასმაც არ დააყოვნა:

  • რომელი იყოო?
  • მე, მას, - მპასუხობს „დამნაშავე“.

სანამ გადავწყვიტე, როგორ დამესაჯა, მეორე წამოდგა.

- არა, მე ვიყავი, მას.

და სანამ ამ დუეტისთვის „წამახალისებელ საჩუქარზე“ დავიწყებდი ფიქრს, დგება ვატო, ერთი შავგვრემანი, ეშმაკური ღიმილის მქონე ხმელი ბიჭი და ნიშნის მოგებით მეუბნება:

  • ყველამ ვიყვირეთ, მას.

ბედნიერებისგან თვალზე ცრემლი მომადგა და მომენტალურად გავეცი ბრძანება - ყველა მუშტებზეე, დროზეე.

„ხეზე ასვლა“ ისწავლეს  და  ამათმა თვალზე ცრემლი რომ დამინახონ, მერე აქეთ მომცემენ ბრძანებებს.

 აზიდვებს, რომ მორჩნენ შევაქე და მადლობა გადავუხადე ასეთი გუნდურობისთვის. წახალისების და კარგი შეფასების გარეშე მალე მობეზრდებათ, მალე დაიღლებიან და წასვლა მოუნდებათ. წასვლამდე კიდევ ორი დღეა თავის ღამის განგაშებით, რაგბის თამაშებით და მოულოდნელობებით.

 კოცონთან ყოველ საღამოს სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ. ხან განათლების მნიშვნელობა, ხან ურთიერთპატივისცემა, ქვეყნის სიყვარულის გამოხატვის ფორმები და ასე შემდეგ. სწორედ ამ კოცონთან მოვაწყვეთ „ნათლობა“. მომენტი, როდესაც გუნდი ერთმანეთს მეტსახელებს ურჩევს. გაიცანით: პონჩიკა, ბალუ, ჰაუსი, კროსი, ჩინელა, ბახუტა, ლეგენდა, კრიჭა, ლიფსიტა, კუნთა, რიკო და ჩემი ჯერია. ჯერ „ტარზანა“ გადაწყვიტეს და უცებ ბახუტამ გააბათილა არჩევნების შედეგები.

  • მაას, იმდენჯერ წაგვიყვანეთ ჩარგალში რაის ტარზანა, იმენა ჩარგალა ხართ მაას.

ბევრი ვიცინეთ. დაშლის ბრძანება მიიღეს. ყველა კარავშია ასისტენტებთან ერთად მზაკვრულ გეგმას ვამზადებ. ღამის 2 საათზე ბანაკში განგაში ტყდება. 20 წუთის მანძილზე ბიჭები მოწყობაზე დგანან, მღერიან ჰიმნს, აკეთებენ აზიდვებს და ბუქნებს.

- ძმებო, ჩარგალში რამდენ ხანში ავრბივართ?

- საათ-ნახევარში, მაას.

- ჰოდა საათ-ნახევარი ადგილზე ვიძუნძულებთ ყველა, გასაგებია?

- დიახ, მას.

დაიწყეს ძუნძული, ნამძინარევი სახეებით, დარბიან ადგილზე, ზოგს ეღიმება, ყველას ეძინება და უცებ ლიფსიტას ორი ფრაზა:

- ჩინელ, თასმა შეიკარი, არ წაიქცეე.

- ძმებოო, დაველოდოთ კროსს, ვერ გვეწევა.

მხიარულად მიდის ყველაფერი და ნანატრ ძილსაც დამსახურებულად იღებენ.

დასკვნით დღეს ფშაველ მოზარდებთან ვითამაშეთ რაგბი, მაღაროსკარელებმა ფშაური ფოლკლორიც მოასმენინეს, მერე ფშაური სამზარეულოც ახლოს გავაცანით და კარგად დაღლილ-დანაყრებულებს კარგადაც ჩაეძინათ.

...

ბანაკი ავშალეთ, ვიმღერეთ, შეძახილები ბოლოჯერ გავიმეორეთ და თბილისისკენ დავიძარით. დიდი ღრიანცელია სამარშრუტო ტაქსიში, ერთობიან, ხუმრობენ.

ვზივარ და ვიხსენებ ამბებს:

ეს ის ბიჭები არიან, ადუღებული წყალი რო გათავდა და ჩაის გარეშე დარჩენილ ჩინელას ყველამ რო თავისი ჭიქიდან გადაუსხა და „შეუვსო სასმისი“;

ესენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე და დაღუპული სამხედროების შვილები არიან;

ეს ის ბიჭები არიან, არასდროს რო არ ავიწყდებოდათ ორი ჯადოსნური სიტყვა „მადლობა“ და „ბოდიში“;

ეს  ის ბიჭები არიან, ქუჩაში სხვის დაყრილ ნაგავს ბუნკერში რო ყრიდნენ;

4 დღეში 100 კილომეტრამდე რო გაიარეს;

კიდევ ბევრი რამ რომ აქვთ სასწავლი;

ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც იციან, რომ სანამ არ ვიტყვი „შეკრება დასრულდა“ შეკრების წესებს უნდა დაემორჩილონ.

და დადგა ის მომენტი, ზუსტად ისეთი შეგრძნება რომ მეუფლება, როგორც რაიონებში მცხოვრებ ბებია-ბაბუებს სექტემბრის მოახლოებისას. ვერ ვიტან ამ მომენტს, მშობლების თანდასწრებით ბიჭები მოვაწყე  და სალაშქრო სუვენირების დარიგება დავიწყე.

  • ძმებო, მე ბედნიერი ვარ, რო ეს ხუთი დღე ასე მაგრად გავატარე. მადლობა თქვენ ამისთვის. მიხარია, რო ასე დამეგობრდით და გაიგეთ, რა არის გუნდურობა.

ბოლო ლიფსიტა დგას, გავუწოდე საჩუქარი.

- შეკრება დასრულებულია.

- სამწუხაროდ, მას...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^