Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე ცუდი ქალი ვარ

30 ოქტომბერი 2017

“კარგმა ქალმა არც მომცა და არც გამცაო.”

ხალხური ანდაზა

მე ცუდი ქალი ვარ. ძალიან ცუდი. მე ის ქალი ვარ, ოღრაშ კაცს რომ ძღომისთვის უნდა. მე ის ქალი ვარ, სხვას რომ მისცა და შენ არასდროს მოგცემს!  საშიში ქალი ვარ. სამარცხვინო. უპატრონო ქალი. ლიბერალი. ტვინგამორეცხილი მონა. “პედარასტების” ქომაგი და, მგონი, ფემინისტიც. შენ რომ ესე ძალიან გინდა და დედას რომ არ მოეწონება, ის ქალი ვარ. ქალი, რომელიც გინდა, დაამცირო, იყიდო ფულით ან ძალით და გავლენით მოიპოვო და მაინც არასოდეს იქნება შენი. ქალი, რომელიც გინდა, გააჩუმო, აკუწო და სიცოცხლე წაართვა. ის ქალიც მე ვარ, რომელმაც არც მოგცა და გაგცა კიდეც. გამხილა და შეგარცხვინა!

მე არც თუ ისე ლამაზი, არც თუ ისე მაღალი და არც თუ ისე ჭკვიანი ქალი ვარ და ჩემი კაბის სიგრძე ჩემი საქმეა! მე არ მეშინია შენი იმიტომ, რომ მე ვარ ელენე დარიანი-ბაქრაძე, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, კატო მიქელაძე. მე ივდითი და ლილითი ვარ. მე ვარ ყველა ერთად და არც ერთი ცალ-ცალკე. უფრო კონკრეტულად კი მე თათია სამხარაძე ვარ და ძალიან მრცხვენია!

მრცხვენია შენი ჟინის გასამართლებლად. გელას და გიას აზრებისთვისაც მარტო მე მრცხვენია. მრცხვენია, რომ გავჩნდი შენს თანასწორად და მიღალატე. მომატყუე. დამჩაგრე. აღმოჩნდი სუსტი და ყეყეჩი, ყოვლად უვარგისი და მომთხოვნი. მე შენ მაგივრად მრცხვენია, როცა ითხოვ იმას, რაც არ გერგება და რაც არ გერგება, აბა, რატომ უნდა შეგარგო?!

ყოველწლიურად მილიონობით ქალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექვემდებარება და ნებდება ამა თუ იმ სახის ძალადობას კაცების მხრიდან. ასაკს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ზოგს მცირეწლოვანი ბავშვებისკენ აქვს სექსუალური მისწრაფებანი, ზოგიც საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ქალის დამცირებით, გაუპატიურებით თუ მკვლელობით ცდილობს. არიან ისეთებიც, ვინც ბნელ მიწისქვეშა გადასასველელებში ცხოველებივით საკუთარ ინსტიქტებს აყოლილები ელიან მსხვერპლს, რომელსაც ზარ-ზეიმით წარუდგენენ საკუთარ ერთადერთ “ღირსებას” და იქვე სწრაფადვე დააგვირგვინებენ საკუთარ სიმცირეს. თუ სწრაფად გაივლი და თანაც თვალებს დახუჭავ, არსებობს იმედი, სამუდამოდ ტვინში არ ჩაგეჭედოს ეს სანახაობა, მაგრამ შეგრძნებებს ვერსად გაექცევი. გრძნობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასულს ვინმე ოღრაში ტრაკზე ხელს არ მოგიფათურებს ვითომდა შემთხვევით, ვერასოდეს გაამხელ, ანდა გააზიარებ. თუმცა შენ ნუ იყვირებ, ნუ ამოიღებ ხმას. უბრალოდ შეგრცხვეს, რომ შემდეგ მსხვერპლად სწორედ შენ შეგარჩიეს. ბედს დაემდურე და არასოდეს, არასოდეს გასცე მოძალადე! იგროვე შენში პატარ-პატარა იმედგაცრუებები, სანამ საბოლოოდ ერთ დიდ მონსტრად არ გადაიქცევა და შიგნიდან არ გამოხრავს კანს, რომ თავისუფლება მანაც იგემოს. ნუ ეტყვი ქმარს, რამე არ მოხდეს. შენ გამო სისხლი არ დაიღვაროს. გაიხსენე, ყველა ომი ხომ ქალის გამო დაიწყო. სათნოებით მოუსმინე მეტრანახევრიან ფარისევლურ სადღეგრძელოებს და შემდეგ დინჯად აალაგე ნასუფრალი. არც მამას უთხრა, ცოდოა, ინერვიულებს ანდა შარში გაეხვევა კაცი. აიტანე ყოჩაღად და თუ მაინც და მაინც ვეღარ გაუძლებ ამდენ დამცირებას, ჩუმად იტირე. ღამე, ბალიშში თავჩაგრულმა, როცა ყველა კაცი დაიძინებს. უსამართლო მოცემულობად მიიღე, რომ ასეთია სამყარო. კაცების სამყარო. დაიჯერე, რომ ღმერთმა ყველაფერი სწორედ ასე დააწესა.

სამაგიეროდ სამზარეულოში დაიდგი პატარა ტელევიზორი და ნუ მოიკლებ საპნის ოპერების მადლს. უგულშემატკივრე ფატიმას და ხმამაღლა უყვირე ტელევიზორს, რომ მურადი მოღალატე და არაკაცია. იქნებ ფატიმა მაინც გადაარჩინო. შენი თავი კი მსხვერპლად შესწირე, შენ თავს ნუ დაეძებ. შენ ხომ ასე გასწავლა ყველამ, იცოდე შენი ადგილი და ნუ შეეპასუხები კაცს. გრძელი ენისთვის აუცილებლად მოგხვდება! თუ ერისგან და მერე ბერისგან. შესწირე მადლობა უფალს, რომ შერჩევითი აბორტის მსხვერპლი არ გახდი და გვარის გამგრძელებლით არ ჩაგანაცვლეს. ისმინე ჯვრისწერის დრო შეგონებანი, რომ უნდა იყო მონაი ქმრისა და პირნათლად შეასრულე ის. ვინ იცის, იქნებ საიქაოს მაინც გეღირსოს მოსვენება.

მოფერებით და ლავირებით ისწავლე ცხოვრება, ეგებ და გადარჩე. მანამდე კი შენ მაგივრადაც სირცხვილით მე დავიწვები. ქუჩაში ვეღარ ვივლი უწინდელი სილაღით და უფრო მეტად შემეშინდება ბნელი სადარბაზოების. შემეშინდება შენი ქმრის და მისი მეგობრების. შემრცხვება შენი უმოქმედობის. შემრცხვება, მაგრამ არ გავჩუმდები! დამეკარგება ნდობა კაცების და უფრო მეტად მდუმარე ქალების. პარანოიდულად ვეცდები მოვარიდო საკუთარი შვილი მასწავლებლებს, რომლებიც მაგიდის ქვეშ დახეულ ჯინსში გამოჩენილ “ნაზ კანს” ერჩიან. ჩავიცვამ ძაძებს, შავებს, რკინის ქალამნებს და ასე ვივლი ტელევიზიიდან ტელევიზიაში. შერცხვენილი და ფერდაკარგული. უკანასკნელ ძალას მოვიკრებ. დამცირებული ვილაპარაკებ იმაზე, რაც არ ჩამიდენია და მაინც მრცხვენია. მოვითხოვ სახელმწიფოსგან კანონის მიღებას, შენი შვილების დასაცავად და წავალ მერე სახლში, სინდისდამშვიდებული. სახლში მეც ვიტირებ, რადგან მანამდე გზაში გაბმული სიგნალით გამახსენებენ, რომ მე ქალი ვარ. ცოტა ნაკლები. არა, ბევრად ნაკლები. შემეშინდება და გამახსენდება, რომ მე კაცთა ვალი მაქვს, რომელიც დღენიადაგ სხეულით უნდა ვიხადო. ამეტირება, რომ მჭირდება ხარჭად  დავუდგე ყველა უფროსს თავის სარჩენად...

მე ცუდი ქალი ვარ ძალიან, ცუდი ქალი. ბოძზე გასაკრავი, ცოცხლად დასაწვავი ქალი. გარყვნილი ავანტიურისტი და ჩემი შურთ კაცებს. მოძალადე კაცებს! შურთ უარის თქმის ძალის. გამბედაობის. სიყვარულის ნიჭის. შურთ, რომ ვარ მამაცი და ძლიერი ქალი. სწორედ ჩემს სახარებას დაწვავენ, რადგან ბრმად სწამთ, რომ მეძავი ვერასოდეს გახდება ღმერთისთვის უფრო ახლობელი, ვიდრე თავად არიან. მე მარიამ მაგდალინელი ვარ. მოციქულთა სწორი!

მე ვარ დაუმორჩილებელი, როგორც ლილითი, მაცდური, როგორც ივდითი და ცოდვილი, როგორც ევა.

მე ქალი ვარ. სიცოცხლის დედა. მიყვარს შვილები და ჩემი ქმარი. ზოგჯერ აკრძალული სიყვარულითაც მიყვარს და მაინც მე ქალი ვარ. ლესბოსელი ან ტრანსგენდერი ქალი. ცოცხლად დამწვარი საკუთარ ბინაში და ნაწამები. შერცხვენილი ქალი ვარ და თქვენ არ იცით, რისი გაკეთება შეუძლია თავმოყვარე ქალს!

მე ვიქცევი ხმად და აღარ შემეშინდება, აღარ შემრცხვება და არ შეგევედრები, რომ არ მომკლა, არ გამაუპატიურო, არ შემავიწროვო, არ მიდარაჯო ბნელ სადარბაზოებში, ხალხით გავსებულ ტრანსპორტში, მიწისქვეშეთში, სახლში, ეზოში, ქუჩაში. მე ვარ ქალი და ერთ დღესაც აღარ შემრცხვება, რომ მეშინია იმიტომ, რომ გავბრაზდები!  ერთ დღეს, ვიცი, რომ შევძლებ და გადავირჩენ თავს. აღარ დავნებდები მეტ უსამართლობას და გეტყვი, რომ მეც ისევე მტკივა, მწყინს და განვიცდი, როგორც შენ. ან იქნებ უფრო მეტადაც იმიტომ, რომ შენ მოგეკუთვნა ეს სამყარო და მაინც ვერ მორევიხარ საკუთარ თავნებობას. უმსგავსობას. უზნეობას. მერჩი ყველგან, სადაც მომიხელთებ და ვერ მპატიობ, რომ ღმერთმა მეც შენს თანასწორად დამბადა. მომცა უფლება თავისუფლების.

მე თათია სამხარაძე ვარ, მე ვარ ყველა და არავინ ცალ-ცალკე. მე თქვენგან დამცირებული და გაბრაზებული ქალი ვარ და აღარ მეშინია ხმის ამოღების!  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^