Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინისტ კაცად ყოფნის ტვირთი

24 მარტი 2018

ყველა კაცი ერთნაირი არ არის.

კაცები ბევრნაირები არიან.

არიან კაცები, ფემინისტები, რომლებიც თან ქალების უფლებებს იცავენ და მათზე ძალადობენ.

არიან კაცები, რომლებიც საკუთარ საქმიანობასა და რეპუტაციას ფარად იყენებენ და ქალებს ფიზიკურად, კარიერულად თუ ემოციურად ანადგურებენ.

არიან კაცები, სანიმუშო ოჯახებიანები, მრავალშვილიანები, თითით საჩვენებლები, ფემინისტები, რომლებიც ბედს ყველა ქალთან ცდიან: განურჩევლად ასაკის, გარეგნობის, თანამდებობისა და სტატუსისა.

არიან კაცები, რომლებიც მოწყვლად ქალებს ირჩევენ მსხვერპლად. იმათ, შიშით და სირცხვილით ხმას რომ ვერასოდეს ამოიღებენ.

ისეთი კაცებიც არიან, ფემინისტები, რომლებიც ქალის თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას მიესალმებიან, მაგრამ ცოლად მაინც ქალიშვილები უნდათ.

ასეთ ფემინისტ კაცებს ბიჭებთან გავლილი თავისი გოგო შვილები არ უნდათ.

ასეთ კაცებს, ფემინისტებს, ვერ წარმოუდგენიათ, თუ მათ გოგო შვილებზე ვიღაცები ისევე იძალადებენ, როგორც თავად - სხვებზე.

ასეთ კაცებს, ფემინისტებს, არ სჯერათ, რომ Karma is a bitch.   

სევდიანია ასეთი კაცების ყოფა.

ისინი დროში, სივრცესა თუ ღირებულებებში არიან დაკარგულები და ამაოდ ჰგონიათ, რომ რეპუტაცია სამუდამოდ დაიცავთ.

სევდიანია ასეთი კაცების მუდმივი პარტნიორების ყოფაც.

მათაც ჰგონიათ, რომ ფართოდ დახუჭული თვალებით გადაარჩენენ ყველაზე მთავარს - ოჯახს, რომელსაც ოჯახის არსისა აღარაფერი სცხია.

სხვანაირი კაცებიც არიან.

სხვანაირი ფემინისტები, რომლებსაც უკვირთ, თუ სად იყვნენ ქალები აქამდე.

უკვირთ, რატომ ჰყვებიან ანონიმურად ამბებს ახლა.

უკვირთ და შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკობენ.

უკვირთ და მტკიცებულებებს ითხოვენ.

ითხოვენ რეალურ სახელებსა და გვარებს ქალებისას, რომლებმაც თუნდაც ვიწრო ჯგუფში ამ თემაზე ლაპარაკი გაბედეს.

ითხოვენ სახელებს ქალებისას, რომლებიც ბევრჯერ მოკვდნენ და გაცოცხლდნენ სახალხო დამცველთან ამ ისტორიების მოყოლისას.

ითხოვენ, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდება ქალისგან ძალადობის შესახებ ლაპარაკს.

ამ კაცებს, ფემინისტებს ქალების “სექსუალური შევიწროვება” ისევ ქალების მოგონილი ჰგონიათ და გულის სიღრმეში ფიქრობენ, რომ თუ ქალს არ უნდა, არაფერი მოხდება.

ამ კაცებმა, ფემინისტებმა, არ იციან, რატომ ჩუმდებიან ქალები.

ამ კაცებმა, ფემინისტებმა, არ იციან, რომ ქალებს სხვის გამო ეშინიათ. ეშინიათ მამის, ძმისა თუ ქმრის გამო, რომელიც ამ ამბავს “სხვანაირად” მოუვლის.

ამ კაცებს, ფემინისტებს, უკვირთ, რატომ აქვს გამძაფრებული რეაქცია ქალებს მათ ხუმრობებზე და უსამართლო ჰგონიათ ყველა შენიშვნა.

სევდიანია ასეთი ფემინისტი კაცის ყოფა.

სევდიანია, რადგან გარემოების გამო ფემინისტურ როლის მორგება უწევთ.

სევდიანია, რადგან ისეთი სტერეოტიპებით არის სავსე, დიდად რომ არ განსხვავდება იმ კაცებისაგან, რომელთა დაცინვაც კარგ ტონად მიიჩნევა “ელიტურ” საზოგადოებაში.

სევდიანია, რადგან დიდია ამბიცია ხალხის პროგრესულ ნაწილში ჩაწერისა.

კიდევ უფრო სხვანაირი კაცები არიან.

ალალი კაცები.

“გრუზინები.”

კაცები, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ რომ ქალი კაცის ერთადერთი უტვინო ძვლისგან არის შექმნილი.  

კაცები, რომლებიც ფემინისტობის სახელით არც საზიზღრობებს აკეთებენ და არც უკბილოდ ხუმრობენ, რადგან ქალის ჩაგვრა ნორმად მიაჩნიათ.

არ უყვართ ასეთი კაცები მოძალადე ელიტაში.

არც ქალებს უყვართ და არც ფემინისტ კაცებს.

ასეთი კაცების დაცინვით ისინი პროგრესულ საზოგადოებაში ერთ საფეხურით მაღლდებიან.

არ უყვართ ფემინისტ კაცებს ალალი კაცები. რადგან ისინი ღიად ამბობენ იმას, რასაც ფემინისტები ქალთა უფლებების ბრძოლის სახელით სჩადიან. 

ჰო, სევდიანია ფემინისტი კაცის ყოფა.

ორმაგ სტანდარტებში დაკარული მათი ნამდვილი ამბავი.

სევდიანია იმ უძილო ღამეებივით, რომლებიც, ალბათ, მათი გამოაშკარავებული კოლეგის შემდეგ დაუდგათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^