Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხოლოდ შრომა და საქმე ამარცხებს ოკუპაციას

09 ივლისი 2019

627 წლის შემოდგომაზე თბილისს ხაზარები და ბიზანტიელები შემოადგნენ. დაიწყო ბრძოლა ქალაქისთვის, თუმცა თბილისის აღებას ბოლო არ უჩანდა, ხოლო მისი დამცველებისგან - დაცინვას... დამპყრობლებმა დიდი ზარალი ნახეს და ილაჯგაწყვეტილებმა ამჯობინეს ქალაქს გასცლოდნენ. ამ დროს თბილისის დამცველებმა საიდანღაც უზარმაზარი გოგრა მოიტანეს, ზედ ხაზართა მთავარსარდლის, ჯიბღუ ხაკანის დამახინჯებული სახე გამოსახეს და ციხის გალავანზე დადეს: „აი თქვენი მეფე-ხელმწიფე, მობრუნდით, თაყვანი ეცითო“ - მისძახოდნენ ისინი უკანდახეულებს და თან გოგრას შუბით ჩხვლეტდნენ. ასევე მასხრად აუგდიათ ბიზანტიელთა კეისარი: „დასცინოდნენ, აგინებდნენ, ბილწსა და მამათმავალს ეძახდნენ“. ქართულ წყაროს შემოუნახავს ცნობა, თუ როგორ აგინებდნენ ჰერაკლე კეისარს: „ვაცისა წუერი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს...“ სამწუხაროდ, დაცინვას და მასხრად აგდებას უკვალოდ არ ჩაუვლია...

ერთი წლის შემდეგ ხაზარებმა თბილისი აიღეს, ველური სისასტიკით გაჟლიტეს ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. „როდესაც შეწყდა ხმა ტირილისა და ვაებისა აღარავინ გადარჩა ცოცხალი, მაშინ მათაც გაიგეს, რომ დაძღნენ მათი მახვილნიც“. ხაზარებს ხელში ჩავარდნიათ თბილისის მმართველები, მათ შორის ვარსამუსე ქართლის მთავართა სახლიდან. დატყვევებული მთავრები ერთმორწმუნე კეისრისთვის მიუგვრიათ, რომელმაც მათ ჯოჯოხეთური სატანჯველი გადაუწყვიტა. უბედურ ტყვეებს ჯერ თვალები დათხარეს, მერე ჩამოახრჩვეს, ამის შემდეგ ტყავი გააძვრეს, თივით გატენეს და იმავე კედლიდან გადმოკიდეს, საიდანაც ერთი წლის წინ თბილისელები დამპყრობლებს დასცინოდნენ და უშვერად აგინებდნენ... ეს ჩვენი მძიმე ისტორიაა, ისტორია რომელიც „გვიყვარს“, გვეამაყება, თუმცა არ ვიცით და, აქედან გამომდინარე, მისგან ვერაფერს ვსწავლობთ...

საერთო ისტერიითა და მჯიღის ცემით შეწუხებულმა დღეს ჩემს ფეისბუქგვერდზე მოკრძალებულად შემდეგი რამ ვიკითხე: „ოკუპირებული და ორად გაყოფილი გერმანია როგორ გაერთიანდა? იყო მიტინგები, ყვირილები, გინებები ან ლოზუნგები სსრკ ოკუპანტია? თუ იყო შრომა, ეკონომიკური წინსვლა, დიპლომატია და ჩუმი სამზადისი გაერთიანებისთვის? ნიშნისმოგებით კი არ ვამბობ, მართლა მაინტერესებს, ამ ექსპერტების ქვეყანაში იქნებ ვინმემ ამიხსნას გერმანიის ანტისაოკუპაციო მოდელის ეფექტი“.

ამ ჩემს გულწრფელ კითხვას ბევრმა უპასუხა, თუმცა მათ შორის ყველაზე საგულისხმო ჩემთვის საკმაოდ პატივსაცემი და გონიერი მეგობრის პრივატული წერილი აღმოჩნდა. ის მისაბუთებს, რომ გერმანიაში ყოფილა დიდი ანტისაოკუპაციო მიტინგები, 1945-1955 წლებში კი დასავლეთ ნაწილიდან გატაცებებიც მომხდარა... მას არ შევდავებივარ, რადგან მივხვდი, რომ პროტესტის მსგავსი ფორმა ორად გაყოფილ სახელმწიფოში მართლაც იარსებებდა, თუმცა ეს პროტესტი მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული იქნებოდა. ამასთანავე, ჩვენგან განსხვავებით, გონიერმა და პრაგმატულმა გერმანელებმა დამანგრეველი დამარცხება ყველაზე ეფექტურად გადალახეს, ეს გზა შრომაზე, პროფესიონალიზმზე, დროის პრაგმატულ ხარჯვაზე, შენებაზე გადიოდა... ამიტომაც ვიცი, რომ დღევანდელ საქართველოს ბევრი გამარჯვება სჭირდება! გამარჯვება სპორტში, მედიცინაში, თეატრში, მათემატიკაში, ბირთვულ ფიზიკაში და ა.შ. მხოლოდ შრომა და საქმე ამარცხებს ოკუპაციას, რადგან მსოფლიო ისტორიამ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრუნების ორად ორი გზა იცის, ეს არის, თავდადებული შრომა ან თავგანწირული ბრძოლა. დანარჩენი ლირიკაა და გულში მჯიღის ცემა!

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^