შემდეგ, გიორგი გაბუნიას უხამსი და უადგილო განცხადების მერე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ტელეჟურნალისტის კრიტიკით ისევ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
უცნაური ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანი, რომლის ხელმოწერა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და სამართლებრივად გადამწყვეტი როლი ჰქონდა 20 ივნისს დატრიალებულ მოვლენებში, კვლავ მიმართავს საზოგადოებას და მაინც ინარჩუნებს გარკვეულ ადგილს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში (სულ რომ არაფერი ითქვას ვითომ მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ღონისძიების ფარგლებში კომუნისტური პარტიის წევრის საქართველოში ჩამოყვანის და სრულიად მონური ვითომ სტუმარმასპინძლობის გაწევის თაობაზე).
მაგრამ კობახიძის დამნაშავეობის საკითხმა თითქოს მიიძინა საზოგადოების ცნობიერებაში. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განსახილველი თემები არსებობს, ვიდრე კობახიძის გამოჩენა-არგამოჩენაა. ცხადია, უფრო პრიორიტეტული საკითხები ყოველთვის წინა პლანზე უნდა იყოს წამოჭრილი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა?
ზოგადად, ქართველებს გვახასიათებს მაქსიმალიზმი: პოლიტიკოსებს ხან მესიასავით ვადიდებთ, ხან კი იუდასავით ვკიცხავთ, ხოლო პრობლემა ისაა, რომ ოქროს შუალედის დაჭერა არ ვიცით, ან არ გვინდა. საკითხი ან მთლიანად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ან საერთოდ უგულებელყოფილი რჩება.
თუკი საზოგადოებაში არ ჩნდება იმის მოთხოვნა, რომ კობახიძისნაირმა პოლიტიკოსმა საერთოდ აღარ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესებში, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ კობახიძის გამოჩენა, წესით და რიგით, მთავრობისთვისაც არ უნდა იყოს ხელსაყრელი. და საზოგადოება მართალი იქნება, როცა ერთ დღესაც მოუტრიალდება მმართველ პარტიას და ჰკითხავს, თუ საერთოდ რა უნდა კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში.
სამწუხაროდ, შეჯანჯღარების გარეშე მთავრობა არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის ინტერესებს არ შეესაბამება, მაგრამ სჭიროა ქვეყნისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან კობახიძე მხოლოდ ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ გადააყენეს.
ჩვენც გვიკვირს და გვაღიზიანებს ის, თუ რატომ გვექცევა მთავრობა როგორც ცხვრის ფარას.
მთავრობას, ალბათ, ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ სიტყვა „მინისტრი“ ლათინურად მსახურს ნიშნავს და არა ბატონს. მაგრამ, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონ უნდა გვახსოვდეს, რომ მინისტრების და, ზოგადად, მთავრობის ყველა წევრის ფუნქცია ქვეყნის და, შესაბამისად, ხალხის ინტერესების დაცვაა.
პოსტკოლონიურ ქვეყნებში, სამწუხაროდ, მთავრობას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხშირად აღფრთოვანებით შესცქერის, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს უნდა დამთავრდეს. უნდა ჩამოიშალოს ის მოჩვენებითი პიედესტალი, რომელზეც ჩვენ თვითონ შევასკუპებთ ხოლმე მთავრობას.
ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ძალით „ასხდებოდნენ კისერზე“ და მონურ მორჩილებაში ჰყავდათ. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე ჩვენ თვითონ „ვისვამთ მთავრობას კისერზე“, რაც მერე რევოლუციით ან დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე მთავრობის შეცვლით მთავრდება.
რაც არ უნდა განათლებული ან ყველანაირი სიქველით აღსავსე მთავრობა გვყავდეს, ის ადრე თუ გვიან „გაიხრწნება“ და ურჩხულად იქცევა, თუკი ჩვენ (მოსახლეობა) მას მუდმივი ყურადღებისა და კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ. ამხელა ძალაუფლების ქონა, რაც ქვეყნის მართვას გულისხმობს, არის ძალიან დიდი გამოწვევა თუნდაც ყველაზე გამოცდილი და კეთილშობილი ადამიანისთვისაც კი, ხოლო, როცა მთავრობაში მეტწილად გაუნათლებელი და უპრინციპო პოლიტიკოსები არიან, მათი „გაფუჭების“ შესაძლებლობა გაცილებით უფრო მაღალია და შედეგიც უფრო საზარელია.
ყველამ კარგად იცის (გულის სიღრმეში მაინც), რომ ამქვეყნად არავინ არაფერს არ გაძლევს, არ გჩუქნის. თუკი ინდივიდუალური ადამიანის /// რომელიმე ინდივიდის ცხოვრებაში შეიძლება იყოს „გამონათებები“, როცა ეს წესი ირღვევა, პოლიტიკაში ის მუდამ უცვლელი რჩება. მოსახლეობა კი არ უნდა ელოდოს მთავრობას, რომელიც მას კარგად და პატივისცემით მოექცევა, არამედ თვითონ უნდა „გამოძერწოს“ მოცემული რეალობიდან სასურველი შედეგი.
თუკი მთავრობა გვექცევა როგორც ცხვრის ფარას, ეს ისევ და ისევ ჩვენი ბრალია, რადგან „თუ მონა ხარ, მონა ისევ საკუთარი“ ნებით ხარ.