Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"დედა ენა" და ძველი ნაბიჯი ხალხის განათლებაში

25 ივლისი 2019

იაკობ გოგებაშვილი წერილს - „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“ - შემდეგი სიტყვებით იწყებს:

„ჩვენში ახალი ნაბიჯი საზოგადო ასპარეზზედ ძალიან იშვიათი მოვლენაა. ჯეელი ამერიკა ყოველს სფერაში თვითეულ დღეს ახალს ნაბიჯს ადგამს წინა და მოძრაობს ორთქლ-მავალას სისწრაფით. ხნიერი ევროპა ყოველს წელს ცვლილობს ადგილსა წარმატების მოედანზედ და წინ მიისწრაფის იორღა ცხენის სიჩქარით მაინცა. ჩვენი ცხოვრება კი ვერასოდეს ვერ მოგაგონებთ ვერც ორთქლ-მავალას, ვერც ბედაური ცხენის სისწრაფესა, კუს ნაბიჯებით მოძრაობა - აი ალაბი, რომლითაც უნდა იზომებოდეს ჩვენის წარმატების სისწრაფე. მთელი ოცი და ორმოცი წელიწადი უნდა გულ-გაწვრილებით უცადოთ, რომ მოესწროთ რაიმე ნამდვილს ახალს ცდასა, საქმესა“.

დღეს, გოგებაშვილის წერილის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგ, ისევ ის პრობლემებია განათლების სფეროში, რაზეც გოგებაშვილი წუხდა. ისევ კუს ნაბიჯებით ვაგრძელებთ მოძრაობას, როდესაც სხვები არათუ ორთქლმავლის და ბედაური ცხენის, არამედ თვითმფრინავის და კოსმოსური „შატლის“ სისწრაფით ვითარდებიან. დღეს, 150 წლის შემდეგ, რაც გოგებაშვილმა „დედა ენა“ შექმნა, რათა შეგვძლებოდა ჩვენს ენაზე, ჩვენი თანამედროვეობის შესაბამისი განათლება მიგვეღო, კვლავ ვცდილობთ გოგებაშვილისეული „დედა ენა“ დავუბრუნოთ ისედაც დროს ჩამორჩენილ სასწავლო სისტემას. 

შეუძლებელია ამ სიტუაციის ირონიულობა და პარადოქსულობა თვალში არ გვხვდებოდეს. სახელმძღვანელოს, რომელიც ავტორმა თავისი პროგრესული თვალთახედვის და ქვეყნის ჩქარი განვითარების ხელშეწყობისთვის შეადგინა, საუკუნე-ნახევრის შემდეგ კვლავ ვაბრუნებთ, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად შეესაბამება ის დღევანდელობას და გოგებაშვილის თვალსაზრისს. ალბათ ყველა ვთანხმდებით, და თვითონ გოგებაშვილიც დაგვეთანხმებოდა, რომ სკოლებში „დედა ენის“ არქაული სახით დაბრუნება არ ხდება იმიტომ, რომ ვერ შევქმნით მასზე უკეთეს და თანამედროვეობაზე უკეთ მორგებულ სახელმძღვანელოს. მაშინ, რატომ ვაკეთებთ ამას? გვინდა პატივი მივაგოთ 150 წლის წინ წინ გადადგმულ ნაბიჯს ნაბიჯის უკან გადადგმით? გვინდა, რომ განზრახ უკან წავიდეთ იმ სამყაროში, სადაც ადგილზე გაჩერებაც კი უკუსვლის ტოლფასია? გვინდა, რომ კიდევ ოცი და ორმოცი წელიწადი ვუცადოთ გულგაწვრილებით რაიმე ახლის ცდას?

თავისთავად, „დედა ენა“ არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ დავუპირისპირდით ჩვენს მიწაზე ჩვენი ხალხის სხვა ენაზე ალაპარაკებას. ეს იყო დასაწყისი ქართულ ენაზე ახალი ცოდნის შექმნის, ნაბიჯი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. „დედა ენის“ და იაკობ გოგებაშვილის უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის განათლებაში მუდამ უნდა აღვნიშნოთ და არასოდეს დაგვავიწყდეს. მაგრამ, არ უნდა გავაკეთოთ ეს გოგებაშვილის იდეებთან და მომავლის თვალთახედვასთან დაპირისპირებით. პირიქით, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რატომ დაიწერა „დედა ენა“, რისთვის იბრძოდა გოგებაშვილი და ჩვენც მის იდეებს, მის წუხილს და მის პროგრესულ აზროვნებას უნდა ამოვუდგეთ გვერდში. 

დღეს აღარ ვინახავთ ინფორმაციას ქვის ტაბულებზე. არა იმიტომ, რომ ეს კაცობრიობისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი და ინოვაცია არ იყო. იმიტომ, რომ ქვის ტაბულებში ჩვენ არა ქვას, არამედ ქვაზე დატანილ ინფორმაციას მივიჩნევთ მნიშვნელოვნად. ინფორმაციის შექმნას, შენახვას და გავრცელებას წიგნების, გაზეთების და ინტერნეტის მეშვეობით განვაგრძობთ. სწორედ ეს არის ქვის ტაბულების ფუნდამენტური ფასეულობის ზეიმი და არა ინფორმაციის ქვაზე ამოტვიფვრა.

გვეუბნებიან, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ რამდენიმე თვეა ადაპტირდება. მაგრამ, როგორ უნდა მოხერხდეს საუკუნის წინ გამოცემული წიგნის ისეთი ადაპტირება, რომ ის დღევანდელობას მოერგოს, უცნობია, ალბათ შეუძლებელიც. ვერ შეიცვლება მასში გამოყენებული ენა, ილუსტრაციები, მეთოდები. რა თქმა უნდა, ის ფასეული, რაც გოგებაშვილის „დედა ენაშია“, უნდა შენარჩუნდეს და ეს ასეც ხდება. ის „დედა ენა“, რომლითაც აქამდე ასწავლიდნენ, ბევრ ასეთ ელემენტს შეიცავს. დღეს სახელმძღვანელოებს არ ქმნიან მხოლოდ ენათმეცნიერები. თანამედროვე სასწავლო მეთოდებში გათვალისწინებული და ინტეგრირებულია ფსიქოლოგების აზრი. მიუხედავად გოგებაშვილის პროგრესულობისა, ის ვერ მოახერხებდა „დედა ენაში“ ვერც ფსიქოლოგიური და ვერც სხვა, თანამედროვეობის შესაბამისი ასპექტების შეტანას. მის დროს ეს ყველაფერი უბრალოდ არ იყო განვითარებული.

ალბათ, „დედა ენის“ დაბრუნების გადაწყვეტილება მეტწილად პოლიტიკურია და მიზნად ისახავს დაგვანახვოს მმართველი ძალის პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი, რომელიც მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება იყოს გამოხატული, რადგან სიღრმე არ გააჩნია. პატრიოტიზმს, რომლის გამოხატვაც ფასადურად, „დედა ენის“ დაბრუნებით და გოგებაშვილის შეხედულებების სრული უგულებელყოფით ხდება.

ჩვენი პატრიოტიზმის და ეროვნული ფასეულობების გამოვლენა უნდა იყოს იმ დიდი იდეების განხორციელება, რაც გოგებაშვილისნაირმა დიდმა ადამიანებმა დაგვიტოვეს: ახალი მეთოდების დანერგვა განათლებაში; მასწავლებლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა; გოგებაშვილის, ვაჟას და ილიას პროგრესული იდეებისა და პრინციპების გათვალისწინება, რათა ჩვენი წარმატების სიჩქარე კუს ნაბიჯებით აღარ იზომებოდეს; არ გვეშინოდეს რაიმე ახლის ცდის; და რაც მთავარია, გადავდგათ ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში.

-------------

გუგა ვარდიაშვილი - ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მასწავლებელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^