Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N5

19 სექტემბერი 2019

ინგლისიდან საქართველოში რამ დაგაბრუნათ? ვერ დარჩით? - მეკითხებიან და ალბათ შენც საყვედურით გკითხავენ ხოლმე, ამიტომ მინდა ამაზეც მოგწერო. 

საქართველოს ისტორია - ეს არის ისტორია თავისუფლების სიყვარულზე, ისტორია შეუპოვრობაზე, ღირსებასა და მომავლის რწმენაზე. დასავლური ცივილიზაციის „ყურესა ამა ქვეყნისა“ მყოფნი, არაერთგზის დახოცილები, დაობლებულები და გაძარცვულები, მაინც ჯიუტად, დაუცხრომელი ჟინით ვეშვებოდით უკან, ბარში კავკასიონიდან, გამოვდიოდით ველებზე ტყეებიდან და ვაგრძელებდით ბრძოლას წართმეული თავისუფლებისთვის. კვლავ აღვადგენდით ციხე-ქალაქებს, ეკლესია-მონასტრებს, კვლავ სიამაყით ვშლიდით დაფლეთილ, სისხლით გაჟღენთილ, თავისუფლების დროშას. 

როდესაც ახლახან სტადიონზე ხუთჯვრიან დროშას ვაფრიალებდით და თავისუფლებას ვუმღეროდით, იცოდე, რომ ეს დროშა არ იყო ხუთჯვრიანი უბრალო თეთრი ნაჭერი და ეს ჰიმნიც - ჩვეულებრივი სიმღერა. ეს სწორედ ის სისხლით გაჟღენთილი დროშაა და იმ თავისუფლების სადიდებელი, რომელსაც მილიონობით ამ მიწაზე მცხოვრები ადამიანი შეეწირა. 

შემიძლია წარსულზე კიდევ ბევრი მოგწერო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცი - შენზე ეს ჯერ ვერ იმოქმედებს, ჯერ პატარა ხარ ამისთვის... 

არ მინდა წარსულზე საუბარი იმ მიზეზითაც, რომ ამან ჩვენს დღევანდელობაში დამახინჯებული სახე მიიღო. ისტორიის გადახედვის მნიშვნელობა სადღეგრძელოებში წარსულით ტრაბახამდე დაეცა. სუფრაზე წარსულით ვიბაქიბუქებთ, ნათელ მომავალს „ვუწინასწარმეტყველებთ“ შვილებს და აწმყოში, ის, რაც ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა, იმავე რესტორნის გარეთ ვანადგურებთ ყველაფერს, რასაც ვეხებით. ბუნებრივი პირობებით, კულტურით ძალიან მრავალფეროვანი, ყოველმხრივ მდიდარი ქვეყანა, დღეს სტაგნაციური, თავისუფლების დათმობის გზაზე მდგარი, ნახევრად სახელმწიფოა. თითქოს წარსულს ჩაჰბარდა ვაჟკაცობაც, თავმოყვარეობაც და შრომისმოყვარეობაც. 

მაგრამ ისიც იცოდე, რომ თუ უფრო ყურდღებით დააკვირდები, თუ ზედაპირულად არ შეხედავ, ამ ქვეყანაში აუცილებლად აღმოაჩენ უამრავ ადამიანს, სივრცეს და განწყობას, თავს რომ შეგაყვარებენ. დაიმახსოვრე, რომ წყლის ზედაპირზე ძირითადად ნაგავი ცურავს და ოქრო ყოველთვის ფსკერზეა. მის აღმოჩენას, ზედაპირზე ამოტანას და მოვლას მონდომება სჭირდება.

თუ ეს არავინ გააკეთა და ყველამ დატოვა საქართველო, რადგან სხვაგან უკვე აღმოჩენილი და ზედაპირზე ამოტანილი სიკეთეებით ტკბობა უფრო იზიდავს, საცოდაობა არ იქნება მთელი იმ თავდადების, შრომის და მომავლის იმედის ფუჭად ქცევა, რამაც ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში იდენტობის ეს უწყვეტი ჯაჭვი გადმოგვაბარა? 

საცოდაობა და უსამართლობა არ იქნება ეს იმის შემდეგ, რაც ჩვენ, სრულიად დაუმსახურებლად, დაბადებიდანვე, მზამზარეულად გადმოგვეცა - ენა, ღირებულებები, უნიკალური კულტურული და ისტორიული საყრდენი, საძირკველი, რომელზეც ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე თამამი მშენებლობის დაფუძნება შეიძლება? 

გადმოგვეცა ადგილი, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას და გამბედაობას, ვიხეტიალოთ სხვაგან იმ იმედით და განცდით, რომ, თუ მოგვესურვება და როცა მოგვესურვება, ყოველთვის შევძლებთ უკან, „შინ“ დაბრუნებას?

ჩვენ არ დავბრუნებულვართ საქართველოში იმისთვის, რომ შენ ათი საუკუნის წინანდელ მიღწევებსა და „მომავალში“ აყვავებულ საქართველოზე დამაიმედებელი სადღეგრძელოები გასმენინო. ჩვენ დავბრუნდით, რომ ყოველდღიურად, ჩვენი საქმის კეთებით ამოვიტანოთ ზედაპირზე ყველანაირი სიკეთე, რაც ამ ქვეყანას გააჩნია და უკვე მართლა დამსახურებული სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველოს შვილები ვართ.

წარმატებები,

მამა 

მამის ბლოგი - წერილი N4

რესან ქიქავა - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი;
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^