Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამის ბლოგი - წერილი N7

19 ოქტომბერი 2019

ახლახან მეგობრები გყავდა სტუმრად, სიჩუმემ გამაკვირვა და შენს ოთახში შემოვიხედე. სამივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ტელეფონების ეკრანებს უყურებდით. როგორც იცი, ტექნოლოგიების სარგებელს კარგად ვხვდები, მაგრამ ახლა მინდა იმ დროზე მოგიყვე, როდესაც ეკრანის ნაცვლად ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით... 

ჩემს ბავშვობაში, სახლში დენი გრაფიკით მოგვეწოდებოდა და ზამთარში, თბილად ჩაცმულები, მთელი ოჯახი ძირითადად ერთ ოთახში ვისხედით და ვსაუბრობდით. ამ დროს ოჯახის წევრების ყურადღების მოპოვება არ მჭირდებოდა, ჩემს კითხვებს პასუხობდნენ, ჩემს სიხარულს და წუხილს იზიარებდნენ, ჩემს აზრს პატივს სცემდნენ... მეც ყურს ვუგდებდი მათ სიტყვებს, ვაკვირდებოდი ქმედებებს თუ გამოხატულ ემოციებს. გასართობად მეზობლის ბავშვები ქუჩაში ვიკრიბებოდით, ხან იქვე, სკოლის ეზოში ან რომელიმესთან სახლში ვთამაშობდით, ვხუმრობდით, ვკამათობდით, ვჩხუბობდით. 

ანუ, შინ თუ გარეთ ერთმანეთის ხასიათის, ფიქრების, გრძნობების და შესაძლო ქმედებების ამოცნობას, სიკეთის და ბოროტების გარჩევას, პატიებას, დათმობას, სოლიდარობას, სინანულს, მოკლედ - საკუთარ თავს და ერთმანეთთან ურთიერთობას ვსწავლობდით, ამ ურთიერთობებს ვაშენებდით.

ახლა ადამიანებს ერთმანეთისთვის ნაკლებად „სცალიათ“. თავისუფალი დრო „ხელსაწყოებმა“ შეჭამა, ურთიერთობები გაციფრულდა და საკუთარი და სხვისი ემოციების გაზიარება უფრო ხშირად სოციალურ ქსელში უხდებათ. 

არ ვიცი, ამის შედეგად მომავალში სამყარო როგორ შეიცვლება, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ შენი თაობისთვისაც, ჩემის მსგავსად, რა პროფესიისაც არ უნდა იყოთ, ადამიანებთან ურთიერთობის უნარის ქონა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება იქნება თქვენი წარმატების წინაპირობა. თქვენი ჯგუფელებიც, მასწავლებლებიც, ბიზნესის პარტნიორებიც, მომხმარებლებიც, კოლეგებიც, ხელმძღვანელებიც, მეზობლებიც, ხელქვეითებიც, ამომრჩევლებიც და, იმედი მაქვს, შეყვარებულებიც - ჯერ კიდევ ადამიანები იქნებიან. მათი ამოცნობა და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის შენება კი სწავლებადი უნარი და განვითარებადი, გრძელვადიანი პროცესია, რომელსაც ყოველდღიური ყურადღება და მონდომება სჭირდება.
 

მესმის, რომ დღეს ეს ურთიერთობები ფიზიკურთან ერთად ციფრულიც გახდა და ამიტომ მნიშვნელოვანია „ციფრული უნარების“ ქონაც. მაგრამ იცოდე, რომ ადამიანის ბუნებას, ხასიათს ვერ გააციფრულებ და, შესაბამისად, მას ეკრანიდან ვერ მისწვდები.

ამიტომ, გირჩევ ეკრანი გვერდზე გადადო, ადამიანებს თვალებში უფრო ხშირად ჩახედო და მათთან ჯანსაღი და ხალასი ურთიერთობების მშენებლობას მეტი დრო დაუთმო.

წარმატებები!

მამა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^