ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ქართული სიმღერის სწავლა გადავწყვიტე. ვიდრე მასწავლებელს ვიპოვნიდი, ვისმენდი და ვისმენდი... მერე მასწავლებლებიც გამოჩნდნენ. რამდენიმე სიმღერა ვისწავლე. ერთხელაც „ბატონებო“-ს სწავლა შემოგვთავაზეს, ძალიან ლამაზი ვერსია იყო. სინამდვილეში, „ბატონებო“-ს ყველა ვარიანტი მომწონდა, რაც კი მოსმენილი მქონდა. მაგრამ ამ სიმღერის სწავლაზე მაინც უარი ვთქვი, რადგან ბატონები წარმართობიდან შემორჩენილი ბოროტი ძალები მეგონა და აბა, იმათ სიმღერას ხომ არ ვიმღერებდი?! არადა, ძალიან მომწონდა და სიამოვნებითაც ვუსმენდი... ძალიან გავწვალდი. ასეთი ლამაზი და თანაც ბოროტი სულების სიმღერა! გადავწყვიტე, გადამეგდო, მაგრამ ვერ ვქენი, ვერ გავიმეტე... ფიქრი დავიწყე. მართალია ვერაფერი მოვიქრე, მაგრამ შეკითხვა კი ჩამომიყალიბდა: თუკი მართლა ასეთი ბოროტები და ბავშვების მკვლელები არიან ეს ბატონები, მაშინ ასეთი ტკბილი სიმღერები რატომ მიუძღვნეს მათ? ბოლოს უკვე პასუხსაც აღარც ვეძებდი.
ბატონების შესახებ ამბები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემონახული. ეს ამბები უცნაურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ერთი მხრივ ითვლება, რომ ბატონები ავადმყოფობის გამომწვევი ბოროტი სულები არიან. სხვადასხვა ბატონები სხვადასხვა ავადმყოფობას იწვევენ. მაგალითად: წითელა ბატონები, ყვავილ-ბატონები, ქუნთრუშა ბატონები. შავი ჭირიც ბატონებია ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით. ბატონებს გაბრაზება ახასიათებთ და ხშირად კლავენ კიდეც ავადმყოფს (მიჰყავთ), რომელსაც შეეყარნენ. ამიტომ ბატონების გაბრაზებას ყველა ერიდება, და თან ერთი სული აქვთ, რომ სახლიდან გაისტუმრონ.
სრულიად განსხვავებული სურათი იხატება „ბატონების“ სიმღერების ტექსტების მიხედვით. სიმღერებში ბატონებს მწყალობლებს ეძახიან. თვითონ ბატონები თავის თავზე ამბობენ, რომ და-ძმანი არიან, ჩიტსაც კი არ ააფრენენ, ბავშვი არ დაუწვენიათ (ალბათ ავადმყოფი ბავშვი იგულისხმება)... ერთი სიტყვით, არავის არაფერს უშავებენ, არც ადამიანს, არც ძაღლსა და არც ჩიტს.
ბატონების სახლში შემოსვლა (დაბრძანება) უხარიათ. მათ გზას ლოცავენ და ია-ვარდებით რთავენ. პატივსაცემი ადამიანის მიერ გასავლელი გზის მორთვა, როგორც ჩანს, მიღებული მოვლენა იყო ძველ სამყაროში. იერუსალიმში შესვლისას, იესოს გზის მორთვაც კმარა მაგალითად. საქართველოში, მიცვალებულის დაკრძალვისას, სახლიდან სასაფლაომდე გზაზე ყვავილებს აბნევენ...
აი, ბატონების სიმღერის ერთი ტექსტი:
ბატონებო, მწყალობლებო
(მისამღერი:
ნანინავ და ბატონიებო ნანასა,
დატკბით ტკბილად ბატონო)
თქვენი გზა დაილოცება
თქვენსა გზასა ვუფენ ვარდსა
შვიდნი და-ძმანი დავდივართ
შვიდ სოფელს მოვეფინებით.
ისე შევედით სოფელში
ჩიტიც არ აგვიფრენია
ბავშვიც არ დაგვიწვენია.
ამ ბატონების დედასა,
წინ უდგას ოქროს აკვანი,
შიგ უწევს ბატონიშვილი
ხანდისხან გადაარწევენ.
ია ვკრიფე, ვარდი ვშალე
წინ ბატონებს დავუყარე.
საინტერესოა წესები, რომელსაც „ბატონებშეყრილი“ ადამიანის ოჯახის წევრები იცავენ. სახლში, სადაც ბატონები არიან დაბრძანებული, არ შეიძლება დათრობა, ყვრილი და ჩხუბი, არ შეიძლება სისხლის დაღვრა (ქათმის ან რამე ცხოველის დაკვლა, მაგალითად). სახლი ირთვება იებითა და ვარდებით (ეს ბატონების საყვარელი ყვავილებია) და წითელი ნაჭრებით. კეთილსურნელებისთვის წვავენ ნიგვზის ლებნებს, მღერიან „ბატონებო“-ს. ავადმყოფის ყველა სურვილი უნდა შესრულდეს, რადგან ის „ბატონია“ და მისი გაბრაზება არ შეიძლება. ახლა ალბათ აღარ, მაგრამ ადრე სახლში იწვევდნენ „ბატონების მსახურს“, რომელიც შუამავალი იყო ბატონებსა და ოჯახის წევრებს შორის. ის ურჩევდა ოჯახის წევრებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. როგორც წესი, ის კარგი მეფანდურეც იყო და ბატონების საამებლად მღეროდა „ბატონებო“-ს. ავადმყოფთან მოდიოდნენ მნახველები... ერთი სიტყვით, სახლში ბატონების დაბრძანება, მართალია, შიშნარევი, მაგრამ მაინც დღესასწაული იყო.
აი, მოკლედ ყველაფერი, რაც უცებ გამახსენდა ბატონების შესახებ. დიდი ხნის მანძილზე, ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარი იყო. მაგალითად: ბატონები კეთილები არიან თუ ბოროტები? რა საჭიროა ბატონების მსახური, როცა ისედაც ყველამ იცის, როგორ მოიქცეს და სიმღერაც შეიძლება სხვას უფრო კარგად გამოსდიოდეს.... არადა, ძალიან მაინტერესებდა ეს მოვლენა. რამდენ დროს და მტრობას გაუძლო! მართლმადიდებელი ეკლესია მათ ბოროტ ძალებად თვლიდა, კომუნისტური ხელისუფლება - სულელურ ცრურწმენად... ალბათ ძალიან შეიცვალა კიდეც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა საიდუმლო მიმზიდველობა და შიშნარევი სიხარული. თუნდაც ის სიმღერები რად ღირს, რომელთა მიზეზიც ბატონებია.
ახლა ცოტას გადავუხვევ თემიდან. სტუდენტობაში ერთი თამაში მიყვარდა ძალიან. შევეცდები აღვწერო: ფურცელზე ვავლებ რამდენიმე ხაზს. ზოგი სწორია, ზოგი მრუდე, მოკლე, გრძელი... მოკლედ, რასაც მინდა იმას დავჯღაბნი და მოწინააღმდეგეს გადავცემ. მან კი ამ ფურცელზე ისეთი ნახატი უნდა შექმნას, რომ ჩემს მიერ დაჯღაბნილი არც ერთი ხაზი და წერტილი ზედმეტი არ აღმოჩნდეს.
ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამოცანას. წარმოვიდგინოთ, რომ ფურცელზე რაღაც იყო დახატული და რაღაც მიზეზების გამო, წაიშალა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი და სურათი ამის მიხედვით უნდა აღვადგინოთ. მხოლოდ ორი პირობაა აუცილებლად დასაცავი:
1) სურათი აზრიანი უნდა გამოვიდეს, ერთი მთლიანობა და სასურველია, ლამაზიც;
2) ყველა ფრაგმენტი ორგანულად უნდა ჩაეწეროს მასში, ზედმეტი არაფერი უნდა იყოს;
რატომ გავიხსენე ეს თამაში? ის ინფორმაცია, რაც ბატონების შესახებ გვაქვს, ძალიან ჰგავს ჩვენი თამაშის „ფრაგმენტებს“. ახლა სურათია აღსადგენი. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ძალიან ართულებს ჩვენს ამოცანას. წარმოვიდგინოთ, რომ მას შემდეგ რაც ნახატი წაიშალა, ვიღაცამ „იცელქა“ და ფურცელზე დარჩენილ ფრაგმენტებს რაღაცეები დაუმატა. ახლა ჩვენ ისიც უნდა გამოვიცნოთ, თუ რა არის ნამდვილად სურათიდან დარჩენილი და რა - დამატებული, ანუ გადასაყრელი. რთულია, მაგრამ ცდა მაინც შეიძლება. მესმის, რომ შესაძლოა, სულ სხვა სურათი შემომეხატოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სინამდვილეს ძალიან არ ავცდები, რადგან ეს ორი პირობა საკმაოდ ძლიერია (შეგიძლიათ ფურცელზე მოსინჯოთ). თანაც, აღდგენილი სურათი ისეთი გამოვიდა, რომ სხვა მნიშვნელოვანი რამეებიც, ქართული ყოფიდან, შეიძლება მის ფრაგმენტებად გამოჩნდეს (მაგალითად ნადი, ჯვარის ყანა, ხემხვივანი...)
წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში არის ადამიანთა ჯგუფი, თემი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო (მაგალითად რელიგიური შეხედულებების) იდევნება. იქნებ ხელისუფლებამ ახალი რელიგია დაამკვიდრა, ისინი კი ძველის ერთგულნი დარჩნენ...სავარაუდო მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ეს ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად იყოფა და უკაცრიელ, ძნელად მისასვლელ ადგილებში სახლდება. გარდა იმისა, რომ მათ თავიანთი რელიგიური შეხედულებანი აქვთ, ისინი, პითაგორელების მსგავსად, დახელოვნებული მკურნალებიც არიან და მუსიკოსებიც. სხვაც ბევრი განსაკუთრებული ცოდნა და უნარი აქვთ. მათი ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება „კანონიერი“ მოსახლეობის ცხოვრების წესისგან. შესაძლოა, არავითარი დევნა არ ყოფილა. უბრალოდ ადამიანთა ჯგუფმა, ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული ცხოვრების წესისა და რელიგიური შეხედულებების გამო, თვითონ გადაწყვიტა ძირითადი მოსახლეობისაგან მოშორებით დასახლება. ერთი კი არის, რომ ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და სოფელში საიდანღაც მოდიოდნენ. ყველა სიმღერაში ასეა.
თედო სახოკიას მიერ ჩაწერილ ერთ ლეგენდაში, ზღვაში სათევზაოდ გასულ მეთევზეს ნავში ჩაეძინება. დინება ნავს ერთ კუნძულთან მიიყვანს. კუნძულზე ბატონები ცხოვრობენ, სადაც რძის მდინარეები და თაფლის ნაკადულები მოედინებიან. რას შეიძლება ნიშნავდეს ბატონების ქვეყნის ეს დახასიათება?
ეს სიმბოლოები ძველ აღთქმაშიც გვხდება. ამ სიტყვებით უხასიათებს ღმერთი მოსეს აღთქმულ ქვვეყანას, სადაც მან ეგვიპტიდან გამოყვანილი თანამოძმეები უნდა მიიყვანოს. რა თქმა უნდა, იქ მისულ ხალხს, არც რძის მდინარეები დახვედრიათ და არც თაფლის ნაკადულები. რძეც და თაფლიც წყალობის სიმბოლოებია და ამ ნათქვამით ღმერთი თავის ხალხს “ წყალობის“ ქვეყანაში დასახლებას ჰპირდება. სინამდვილეში, ამ ქვეყანას გეოგრაფიული მისამართი არა აქვს. ის შეიძლება ყველგან არსებობდეს, ოღონდ მასში ურთიერთობები წყალობის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. სხვა საქმეა, თუ როგორ გაიგო მოსემ ღმერთის ნათქვამი.
ერთი აუცილებელი განმარტება
რძე და თაფლი წყალობისა და სიხარულის სიმბოლოებია, ხოლო სისხლი, ცრემლი და ოფლი მსხვერპლისა და უბედურების. რა არის წყალობა? წყალობა ისეთი ურთიერთობაა, რომლის ყველა მონაწილე ბედნიერია. წყალობა მიმღებსაც უნდა ახარებდეს და გამცემსაც. ალბათ წყალობის ყველაზე კარგი მაგალითი დედისა და ჩვილის ურთიერთობაა. დედა გამღებია, ის აძლევს ჩვილს რძეს, ათბობს, უმღერის... ჩვილი მიმღებია. ის დედისგან იღებს საკვებს, სითბოს და ორივე ბედნიერია. თუ ურთიერთობის დროს ვინმე უბედურია, ეს უკვე მსხვერპლია. როცა ადამიანი უვლის ძროხას, კვებავს, ბანს, უშენებს ბოსელს (ბებიაჩემი ძროხას ელაპარაკებოდა და უმღეროდა ხოლმე) და მერე მისგან რძეს იღებს, ეს წყალობაა. თუ, რა თქმა უნდა, ხბოსაც საკმარისად აჭმევს, ძროხას არ ცემს და მზრუნველად ექცევა. მაგრამ თუ ადამიანი დაკლავს ძროხას, რათა მისგან ხორცი მიიღოს, ეს უკვე მსხვერპლია. ადამიანსაც და ცხოველსაც რძე იმისთვის ეძლევა, რომ სხვას მისცეს. და ამ გაცემით ის გახარებულია. ამ რძის გაუცემლობა ავადმყოფობას იწვევს. არც სისხლი და არც ხორცი გასაცემად არავის არ ეძლევა. თუ ხორცის მისაღებად ცხოველს დავკლავ, მისი ნების წინააღმდეგ ვმოქმედებ, ვტანჯავ მას. მე მინახავს დაკვლისას ატირებული პირუტყვი. ეს, რა თქმა უნდა, მსხვერპლია.
წყალობისა და მსხვერპლის ერთმანეთისგან გარჩევა ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებშიც შესაძლებელია და ძალიან მნიშვნელოვანი. თუ, მაგალითად, მე ვინმეს შოკოლადის ფილას ვჩუქნი იმიტომ, რომ მინდა გავახარო და მე თვითონაც მიხარია, მაშინ ეს წყალობაა. მაგრამ თუ იმისთვის ვჩუქნი, რომ ხვალ მისგან მივიღო რამე, ან წესის გამო (მაგალითად: ოჯახში ხელცარიელი მისვლა არ შეიძლება), ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს მე არ მიხარია, მაშინ ეს მსხვერპლია. სახარებაში გარკვევით წერია (ძველ აღთქმაშიც): „არა მნებავს მსხვერპლი, არამედ მხოლოდ წყალობა“. აბელის და კაენის ამბავიც სინამდვილეში ისაა, რომ ღმერთს მოსწონს აბელის ძღვენი (წყალობა) და არ მოსწონს კაენის მსხვერპლი. ასეა სპტუაგინტაში, თუმცა ბიბლიის მასორეტულ რედაქციაში, კაენისა და აბელის ქმედება ერთიდაიმავე სიტყვითაა გადმოცემული და აღარ არის გასაგები, რატომ მოიწონა ღმერთმა ერთი და რატომ დაიწუნა მეორე.
სამწუხაროდ, დიდი ხანია მიმდინარეობს მცდელობა, რომ სიტყვები "წყალობა" და "მსხვერპლი" სინონიმებად გადააქციონ. კიდევ უარესიც: სიტყვა "წყალობამ" თითქოს დამამცირებელი ელფერი შეიძინა. მაგალითად, სასულიერო პირი ან საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი ადვილად, საკუთარი ღირსების შეგნებით იტყვის: შემომწირე 200 ლარი. მაგრამ თუ ის იტყვის: მიწყალობე 200 ლარი, თითქოს ის ამით უღირს მდგომარეობაში იყენებს თავს, მათხოვრის მდგომარეობაში. არადა, აღთქმული ქვეყანა წყალობის ქვეყანაა, და არა მსხვერპლის. თუ მე მსხვერპლი მირჩევნია წყალობას, ესე იგი, ნაჩუქარი არ მომწონს, წართმეული კი მხიბლავს.
ახლა ისევ ბატონებს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ცხოვრობდნენ ეს „კანონგარეშე“ ადამიანები უკაცრიელ, მივარდნილ ადგილებში. ცხოვრობდნენ თემებად და მათი თემის წესრიგი წყალობის პრინციპებზე იყო დაფუძნებული. არ ნადირობდნენ, არც შინაურ ცხოველს კლავდნენ. საკვებად რძესა და კვერცხს სჯერდებოდნენ. მცენარეებიც მოჰყავდათ... აგროვებდნენ სამკურნალო ბალახებს... მათი ურთიერთობებიც წყალობის პრინციპების მიხედვით იყო აგებული: არავის არაფერს აძალებდნენ, არ ჩხუბობდნენ, რასაც აკეთებდნენ, მხოლოდ სიხარულით აკეთებდნენ. ბევრს და ტკბილად მღეროდნენ, ერთმანეთს ბატონს ეძახდნენ. როცა „კანონიერ“ მოსახლეობაში ვინმე ავად გახდებოდა, და ვერ შველიდნენ, მაშინ ბატონები ახსენდებოდათ. ახსოვდათ, რომ ბატონებს კურნების განსაკუთრებული უნარები ჰქონდათ. ბატონებთან ურთიერთობისთვის მათ შუამავალი სჭირდებოდათ და თითქმის ყველა სოფელში ჰყავდათ „ბატონების მსახური“, რომელმაც ბატონების საცხოვრებელიც იცოდა და ბატონებიც ენდობოდნენ. ეს ადამიანი (ის შეიძლება კაციც ყოფილიყო და ქალიც) ეხმარებოდა ავადმყოფის ოჯახს, რომ მათ ბატონებისთვის ასატანი წესრიგი დაემყარებინათ ოჯახში (თუ, რა თქმა უნდა, ოჯახი გადაწყვეტდა ბატონების მოწვევას): არ დამთვრალიყვნენ, არ ეჩხუბათ, არ დაეკლათ ცხოველი, არ ენადირათ, ერთმანეთს და ბატონებს სიყვარულით და მზრუნველობით მოჰკიდებოდნენ. სიმღერებსაც ასწავლიდა, საბატონო საჭმელების მომზადებასაც... მოკლედ ყველაფერს, რასაც დღესაც ასრულებენ ოჯახები, როცა მათთან ბატონები დაბრძანდებიან. კი ბატონო, მაგრამ თვითონ ბატონების მსახურმა საიდან იცოდა ეს ყველფაერი? საიდან იცოდა მათი ადგილ-სამყოფელი? შესაძლოა, ის შემთხვევით მოხვდა ბატონების სოფელთან და ბატონებმა ისტუმრეს ის. მასაც მოეწონა იქაური ცხოვრება, მათი გულშემატკივარი და პატივისმცემელი გახდა, მაგრამ სამუდამოდ ბატონებთან დარჩენა ვეღარ გაბედა, ან ბატონებმა არ დაიტოვეს და თავის სოფელში გამოისტუმრეს. შუამავალი ხომ საჭირო იყო. მისი შუამავლობით ბატონები ავადმყოფის ოჯაში დაბრძანდებოდნენ და ავადმყოფის მკურნალობას იწყებდნენ. ოჯახი საბატონო წესებს იცავდა და ხშირ შემთხვევაში, ძალიანაც მოსწონდა. ასე ვრცელდებოდა ხალხში წყალობის კანონები. ავადმყოფის განკურნების შემდეგ ბატონები მიდიოდნენ. ოჯახს და სოფელს თან უხაროდა ავადმყოფის განკურნება და თან გული სწყდებოდა ბატონების წაბრძანების გამო. რჩებოდა ბედნიერი ცხოვრების გამოცდილება, მადლიერება... რჩებოდა განცდა, რომ ბატონების წესებით ცხოვრება კარგია და თანაც შესაძლებელი. ბევრი რამ გადმოიღეს ბატონების წესებიდან და თავიანთ ცხოვრებაში დაამკვიდრეს. თანამგრძნობები და მიმდევრები ძალიან გაუმრავლდათ, რამაც ხელისუფლება შეაშინა. დაიწყო დიდი დევნა, რაც ბატონების განადგურებით, ან მათი ქვეყნიდან გაძევებით დასრულდა.
ხალხი მაინც განაგრძობდა ბატონების წესების შესრულებას. ვინმეს ავადმყოფობის დროს ისევე იქცეოდნენ, როგორც ბატონებისგან ახსოვდათ. თუმცა, ავადმყოფის განკურნებას ხან ახერხებდნენ და ხანაც - ვერა. სოფელში ბატონების მსახური კვლავ ჰყავდათ, ოღონდ ვისთან უნდა ეშუამავლა? ბატონები აღარ იყვნენ.
გავიდა ხანი. ავადმყოფთან ბატონების წარმოსახვითი მობრძანება თანდათანობით გადაიზარდა რწმენაში, რომ ბატონები კეთილი სულები არიან. რომ ვინმეს ავადმყოფობისას სახლში ეს სულები უნდა მოიწვიო და ისინი იზრუნებენ ავადმყოფის გამოჯანმრთელებაზე. ბატონების მსახურს შუამავლის ფუნქცია დაუბრუნდა...
მოსახლეობის ეს რწმენა და ბატონების სიყვარული კვლავაც აშინებდა ხელისუფლებას და მან ბატონების წინააღმდეგ იდეოლოგიური ომი წამოიწყო: ოფიციალური რელიგიის მსახურებმა დაიწყეს ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ბატონები ბოროტი სულები არიან, რომ ისინი იწვევენ ადამიანის დაავადებას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილსაც... შიში წარმატებით ჩაითესა. თუმცა, სიყვარული და პატივისცემაც ვერ აღმოიფხვრა. და მივიღეთ ის, რაც დღეისთვის შემოგვრჩა: წინააღმდეგობრივი შეხედულებები. ერთის მხრივ, ბატონები ბოროტები არიან, აავადებენ და ხოცავენ ადამიანებს და მეორე მხრივ, ბატონები მწყალობლები არიან, არავის არაფერს უშავებენ, ავადმყოფებს კურნავენ, თვითონაც ბედნიერები არიან და სიხარული მიაქვთ ყველგან, სადაც კი მივლენ.
საინტერესო სურათი გამოგვივიდა, ბატონები ადამიანები იყვნენ და ძირითადი მოსახლეობისგან მოშორებით, თემებად ცხოვრობდნენ. არავის აწუხებდნენ. თუ მათი დახმარება დასჭირდებოდა ვინმეს, მიდიოდნენ და ეხმარებოდნენ. თუმცა, მასპინძელ ოჯახს ბატონების სტუმრობის განმავლობაში გარკვეული წესები უნდა დაეცვა. ამ წესების შესრულება კი ძალიან სასიამოვნო იყო
ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი ხოლმე, ბებიასთან. ჩემ გარდა იქ იყვნენ ჩემი ძმა და დეიდაშვილები. ერთხელაც, ერთი ჩემი დეიდაშვილი ავად გახდა. წითელა ბატონები აღმოაჩნდა. სახლში ყველაფერი შეიცვალა. ავადმყოფის ოთახი ლამაზად მოირთო წითელი ნაჭრებითა და სურნელოვანი ვარდებით. უკვე ზაფხული იყო და იები აღარ ყვაოდნენ, მაგრამ ოთახში იის ფოთლები დააწყვეს. საოცარი სურნელი ტრიალებდა. ბავშვები შეგვკრიბეს და „ახალი წესები“ აგვიხსნეს. გაგვაფრთხილეს, რომ ეს წესები აუცილებლად უნდა დაგვეცვა, რათა ბატონები არ გაგვებრაზებინა. მე ან ავადმყოფის ოთახში ვიყავი, ან ახლად გაშლილ ვარდებსა და იის ფოთლებს ვეძებდი ეზოში. მახსოვს, ისე მომეწონა ეს ყველაფერი, რომ როცა ავადმყოფი გამოჯანმრთელდა (ანუ როცა ბატონები წაბრძანდნენ), ბებიას ვკითხე, თუ შეიძლებოდა, რომ ისევ ისე გაგვეგრძელებინა ცხოვრება. ეს თხოვნა უფრო იყო, ვიდრე შეკითხვა. რა თქმა უნდა, უარი მივიღე, ბებიაჩემი წესების შეცვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ მე ნამდვილად ძალიან მომეწონა „ბატონების წესებით“ ცხოვრება და დღესაც მომწონს.
შესაძლოა, ჩემს მიერ აღწერილი სურათი ბატონების ცხოვრების შესახებ შორსაა სიმართლისაგან. შესაძლოა, ისინი ადამიანები არც იყვნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი რამ უდავოა - ბატონების წესებით ცხოვრება (სიმღერის გარეშეც კი), ადამიანში ბედნიერების გამოცდილებას ტოვებს (ერთ-ერთი მაგალითია ქვიშის ზღაპრები, იების სურნელი). ალბათ ამიტომაც გაუძლო ამ ჩვეულებამ ამდენ დროსა და განსაცდელს. ამიტომ ვერ გაიმეტა ხალხმა გადასაგდებად ვერც ის და ვერც მისი მსგავსი სხვა ჩვეულებები: ნადი, ჯვარის ყანა, ხემხვივანი..... (სულ ცოტა ხნის წინ ისინი ცოცხლები იყვნენ). მთავარი, რაც ამ ჩვეულებებს ახასიათებს ისაა, რომ ყველა მათგანი წყალობის პრინციპზეა დაფუძნებული. ბატონების სახლში დაბრძანების შემდეგ, ოჯახის წევრები რამდენიმე აკრძალვას იცავენ. იკრძალება ჩხუბი, ყვირილი, დათრობა, ძალადობა, სისხლის დაღვრა.... მოკლედ ეს მსხვერპლის აკრძალვაა. სამაგიეროდ წახალისებულია ზრუნვა, არა მარტო ავადმყოფზე, არამედ ერთმანეთზეც. მოკლედ წახალისებულია წყალობა. ამ წესებით ორგანიზებული ურთიერთობის მონაწილენი ზრუნავენ პირველ რიგში ავადმყოფზე. მაგრამ ამ დროს არ შეიძლება ვინმეს იძულება. თუ რამე საქმეა გასაკეთებელი, ვერავის ვერ დაავალდებულებ, მხოლოდ თხოვნა შეიძლება. ავადმყოფზე უნდა იზრუნონ ერთმანეთზე ზრუნვასთან ერთად. თუ, მაგალითად, ავადმყოფისთვის ვარდებია დასაკრეფი, არ შეიძლება, რომ მის დას ან ძმას ჩხუბითა და მითუფრო, „მიტყეპით“ ვაიძულოთ ამის გაკეთება. ეს ბატონებს არ მოეწონებათ და გაწყრებიან. ბატონები არ მიიღებენ იმის სამსახურს, ვისაც თვითონ არ უხარია ეს სამსახური.
ზუსტად ასევეა ნადშიც. ნადის დროს ადამიანები იკრიბებიან თავიანთი მეზობლის მისახმარებლად. მათი მიზანი, მაგალითად, ყანის გათოხვნაა. ამ დროსაც ყოვლად დაუშვებელია ვინმეს იძულება. პირუტყვიც კი არ უნდა დაიტანჯოს. რაც გაკეთდება, მხოლოდ სიხარულით შეიძლება გაკეთდეს. ყოფილა შემთხვევები, რომ ნადში შეკრებილ ადამიანებს მუშაობა არ დაუწყიათ, რადგან მომღერლებს დააგვიანდათ. გრილი დილა მოლოდინში გაუტარებიათ და მხოლოდ მომღერლების მოსვლის შემდეგ დაუწყიათ საქმე, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეში მოუწევდათ მუშაობა. რა თქმა უნდა, ნადის წევრების მიზანი ყანის გათოხვნაა, მაგრამ იმ პირობით, რომ თვითონაც უხარიათ. ისინი ცდილობენ ერთმანეთის გახალისებას, ეხმარებიან ერთმანეთს... მოკლედ ზრუნავენ ერთმანეთზე. ნადის მასპინძელი ყველაზე მეტი მონდომებით ზრუნავს მონაწილეებზე, სთავაზობს ღვინოსა და საჭმელს. საქმის დასრულების შემდეგ კი ერთად ლხინობენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ნადის მომწევი თავის დამხმარეებს ჯერ ქვრივის ან მოხუცის ყანაში შეუძღვებოდა და როცა იქ მორჩებოდნენ საქმეს, მხოლოდ შემდეგ გადავიდოდნენ თავისაში... საქმეც კეთდებოდა და ყველანი ბედნიერები იყვნენ. აქ აღწერილი სურათი არაა მხოლოდ ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი. მე თვითონ მიმიღია მონაწელეობა ნადში საქართველოს რამდენიმე კუთხეში. საქმიანობა სხვადასხვა იყო, მაგრამ განწყობა, რაც ჩემი აზრით მთავარია, ყველგან ისეთი, როგორც ჩემს საყვარელ სიმღერა „საბრალო დედაბრისაშია“.
საბრალო დედაბრისასა თაგვნი ყანასა მკიანო; |
წყალობის მსოფლმხედველობა მყარად იყო ფესვგადგმული საქართველოში და ეს ბატონებმა გააკეთეს. თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა, ეს ჩვენი მსჯელობისათვის გადამწყვეტი არ არის.
„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“
ალბათ ცრურწმენა შეგვიძლია დავარქვათ იმას, რა სახითაც ბატონებმა დღემდე მოაღწია ჩვენამდე. მგონი, არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მართლა არსებობდა თუ არა ოდესღაც „ბატონების თემი“. ბოლოს ის მაინც ცრურწმენად იქცა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც ძვირფასი იყო ადამიანებისთვის საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. და ახლაც ძვირფასია იმათთვის, ვისაც ახსოვს ის ატმოსფერო, რომელიც სუფევდა იმ სახლში, სადაც ბატონები „დაბრძანდებოდნენ“. ეს იყო ნამდვილი წყალობის სამყარო. ბატონების სახლში ყოფნის დროს იკრძალებოდა მსხვერპლი და სახლში წყალობა ისადგურებდა. ამის ერთ-ერთი შედეგი ის იყო (ჩემი აზრით, მთავარი შედეგი), რომ ადამიანებს ბედნიერების გამოცდილება ეძლეოდათ: სახლში სიმშვიდე, სიხარულია (თუმცა შიშნარევი, ავადმყოფის გამო), სიმღერა, იისა და ვარდების და „ბაქმას“ (ბაქმა-ნიგვზის ლებნებია, რომელსაც კეთილსურნელებისთვის წვავდნენ) სურნელი... ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს, სადღესასწაულოდაა მორთული: წითელი ნაჭრები, წითელი განათება, ვარდის თაიგულები... ყველა ავადმყოფის გახარებას ცდილობს: თავს ევლებიან, ეთამაშებიან, ნუგბარს სთავაზობენ, უმღერიან.... ავადმყოფის გახარება მთავარია, მაგრამ ერთმანეთსაც მზრუნველად ექცევიან ოჯახის წევრები თუ სტუმრები. შინაური ცხოველებისთვისაც დღესასწაულია: მათ არავინ დაკლავს ბატონების იქ ყოფნისას, არც არავინ დაუყვირებს და სცემს.... ეს ყველაფერი (გარდა ცხოველების დაკვლისა და სმისა) სხვა დროსაც ასე ხდება, მაგრამ ახლა ამაზე განსაკუთრებულად ფიქრობენ, განსაკუთრებით ინდომებენ წყალობის წესების აღსრულებას... ყველაფერს საკრალურობის ნიშანი ადევს.
შედეგად, ყველა ბედნიერია.
სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ჩვენ წყალობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვქონდა. ამის დადასტურებაა ბატონებთან დაკავშირებული წესები, ნადი, სტუმარ-მასპინძლობა... რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რა იყო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი და რა - მეორეხარისხოვანი. რას შეელეოდნენ ადვილად და რას არ დათმობდნენ არაფრის ფასად. მაგრამ ეს ყველაფერი ოდესღაც იყო და დღეს ამისგან თითქმის არაფერია დარჩენილი. დღეს ჩვენთვის ნადი და სტუმარ-მასპინძლობა დრომოჭმული ტრადიციებია, ბატონები - ცრურწმენა... მათგან მხოლოდ სიმღერები დაგვრჩა: ნადურები, იავნანები, ბატონების ნანები...და ჩვენს ცხოვრებაში მათთვის კონცერტების გარდა არც დარჩა ადგილი. ადგილი, სადაც ისინი ქმედითნი და მნიშვნელოვანი იქნებოდნენ. წავიდა მათი დრო? აღარ არიან მნიშვნელოვანი? რითი ვაფასებთ მათ მნიშვნელოვნებასა თუ უმნიშვნელობას? ბაზრის მოთხოვნებით? ვითომ არაფერია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რასაც ვერ გავყიდით? გასაგებია, რომ ეს ცივილიზაცია „ბაზრის პრინციპებზეა“ აგებული, მაგრამ ბაზარს რატომ უნდა მივცეთ იმის გადაწყვეტის უფლება, თუ რა არის ჩვენთვის ძვირფასი და საკრალური (ამ ცივილიზაციას თუ დავეკითხებით, საკრალური არც არსებობს)?
ბაზრის პრინციპების მიხედვით, რასაც ფინანსური მოგება არ მოაქვს, ყველაფერი დროის უაზრო ფლანგვაა. თურმე, დასვენებაც მხოლოდ იმას ჰქვია, რასაც ვიღაცა ეძახის დასვენებას: კლუბებში სიარული, მოგზაურობა, ფიტნეს კლუბში სიარული.... დასვენებაში აუცილებლად ფული უნდა გადავიხადოთ. მოგზაურობისას სასტუმროში უნდა დავიძინოთ. აბა, რა სისულელეა უცხო ადამიანის სახლთან „მასპინძელოს“ დაძახება? ყველაფერი დათვლილი უნდა იყოს - შრომაც და დასვენებაც.
მაგრამ დათვლილი ვერ აბედნიერებს ადამიანს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ბედნიერება მხოლოდ იმ სამყაროში არსებობს, სადაც დათვლა აკრძალულია. რაც მართლა გვიხარია, თუნდაც სასტუმროში ან რესტორანში, ისაა, რაც დათვლილის მიღმა არსებობს. დღეს ჩვენ იმის გაგებაც გვიჭირს, თუ რა ვერ აიტანა „თავსაფრიან დედაკაცში“ დედამ შვილისგან. რატომ წავიდა ის სახლიდან? მხოლოდ იმიტომ, რომ შვილმა დაუთვალა ის, რასაც ის უკეთებდა დედას და შეადარა ერთ საცოდავ წინდას. როგორც კი ასეთ რამეს დაითვლი, წყალობის სამყარო დანგრეულია. სახლი მაშინვე „დედინაცვლის საბრძანებლად“ იქცევა და იქ წყალობის ადამიანისთვის ადგილი აღარაა. ამიტომაც მიდის ეს დამარცხებული დედაკაცი ქალაქში, მსხვერპლის სამყაროში და იქ მათხოვრობს, ანუ წყალობას ითხოვს. დედაკაცი მხოლოდ წყალობით არსებობს, მაგრამ ქალაქს არ შეუძლია იმდენი წყალობის გაცემა, რომ მან იქ სიცოცხლე შეძლოს. ამიტომაც მალევე კვდება. რომ არა ნიკო ლორთქიფანიძის ავტორიტეტი, ეს მოთხრობა ალბათ დასაცინი იქნებოდა. ნიკო ლორთქიფანიძისთვის კი, ეს დედაკაცი ისეთი ვინმეა, რომელსაც თავისი „მარკოზი და იოანე გამოუჩნდება“. ნიკო ლორთქიფანიძე მომსწრეა იმ საშინელი დროისა, როცა წყალობა სახლიდანაც კი გაგდებულია. სახლი კი ის უმცირესი სოციუმია, სადაც შესაძლებელის წყალობა სუფევდეს. ამას დასტირის ეს არამტირალა კაცი ასე ცხარედ.
ახლა მთავარი:
„ჩვენი ცივილიზაცია“ მსხვერპლის პრინციპებზეა დაფუძნებული. ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. რეალობაში, სადაც წყალობა დიდ სისულელედ ითვლება ან სისუსტედ. მაგრამ იქნებ შესაძლებელია „წყალობის პატარა კუნძულების“ შექმნა? თუ მოვინდომებთ, ეს ნამდვილად შესაძლებელია და ამას არც ხელისუფლების ნებართვა სჭირდება და არც ვინმეს დარწმუნება. საკმარისია, წყალობის პრინციპების მნიშვნელობას ვაფასებდეთ და ვეცადოთ, როგორც შეგვიძლია, ისე განვახორციელოთ.
მაგალითად ასე: წარმოიდგინეთ, რომ მაისის პირველი კვირა „ბატონების დღესასწაულია“. ეს დღესასწაული საოჯახოა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ოჯახი ისე იქცევა, თითქოს მათ სახლში ბატონები დაბრძანდნენ. ისინი თავს კი არ იტყუებენ, რომ სახლში ვინმე ავადაა და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ შესაძლოა ავადმყოფი „ბატონებმა წაიყვანონ“, არამედ იმიტომ, რომ უნდათ ამ ერთი კვირის განმავლობაში ბატონების, ანუ წყალობის წესებით იცხოვრონ. ამ დღეებში სახლი ია-ვარდებითაა მორთული. მღერიან ბატონების ნანებს (თუ სიმღერა არ შეუძლიათ, მაშინ ჩანაწერებს ისმენენ, არ ჩხუბობენ, არ კლავენ შინაურ ცხოველებს (არ ყიდულობენ ხორცს) და ხორცის ჭამისგან თავს იკავებენ, არ სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, განსაკუთრებულად ზრუნავენ ერთმანეთზე, წვავენ სურნელოვან ბაქმას (ან სხვა რამეს), ამზადებენ განსაკუთრებულ საჭმელს (რძის პროდუქტებით და თაფლით): ხაჭაპური, ფხლოვანები, ხავიწის გულიანი ქადები, ხაჭოსა და ყველის ხინკალი, პიტნაში გადაზელილი სულგუნი.... ბევრი სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება. მთავარია, საზეიმო განწყობა იმის გამო, რომ ამ დღესასწაულის განმავლობაში სახლს სახლობა დაუბრუნდა, ის წყალობის სამყაროდ იქცა.
სხვა მხრივ სახლი ჩვეულებრივად ცხოვრობს. ოჯახის წევრები დადიან სტუმრად და იღებენ სტუმრებს. ერთი უხერხულობა, რომ სტუმრებს ღვინის გარეშე უნდა გავუმასპინძლდეთ, ალბათ შესაძლებელია, რომ ავუხსნათ მათ, რატომ.
დღესასწაულის დადგომამდე დიდი სამზადისია: სწავლობენ ბატონების ნანებს, ამზადებენ საჩუქრებს: ქოთანში გახარებული სურნელოვანი ვარდები და იები, სურნელოვანი ზეთები და საკმეველი, „საბატონო ნუგბარები“...
მესმის, რომ ეს ადვილი საქმე არაა. ოჯახის წევრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრები და ამას ვერავის ვაიძულებთ, თუნდაც ხათრით (ეს წყალობა აღარ იქნება). მაგრამ შეგვიძლია, მხოლოდ ჩვენ მოვიქცეთ ასე. არა მგონია, რომ ასეთმა საქციელმა ვინმე გააღიზიანოს.
თუ ეს მოხერხდება, ამ ოჯახის წევრები ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ. დაინახავენ, რომ ყველაზე ბუნებრივი და უბრალო ქცევაა სინამდვილეში ბედნიერების მიზეზი.
ასეთი“კუნძულები“ შეგვიძლია სხვაგანაც მოვაწყოთ. მაგალითად ლაშქრობებზე. უბრალოდ ლაშქრობისას ეს წესები უნდა დავიცვათ. დარწმუნებული ვარ, სხვა რამეების მოფიქრებაც შეიძლება, თუ სურვილი იქნება.
საქართველოში „ბატონების წესებით“ ცხოვრება უჩვეულო არაა. სულ ცოტა ხნის წინ ყველა ოჯახი იცავდა ამ წესებს, როცა სახლში „ბატონები დაბრძანდებოდნენ“. მაგრამ ის მაინც იძულება იყო. იძულება შიშით. ეს კი ნამდვილი დღესწაული იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი სურვილით გავაკეთებთ ამას. იმის შეგნებით, რომ წყალობის კანონებით ცხოვრება მნიშვნელოვანი რამეა.
საქრთველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ჩვენი სიმღერებიც ამ სულისკვეთების შედეგია.
რა თქმა უნდა, რასაც ვწერ, ჩემი სუბიექტური ხედვაა. მე არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ. უბრალოდ მინდა ჩემთვის უძვირფასესი რაღაცეები გავუზიარო მკითხველს. ვინ იცის, იქნებ მათი შინაგანი ხმა (გულისხმა) დაეთანხმოს იმას, რაც აქ წერია.