Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იანგული ისევ დაბრუნდა

27 სექტემბერი 2014

“ალჟირში არავინ ამბობს - „მოდი, წავიდეთ საცურაოდ“, არამედ ამბობენ  - “მოდი, ცურვას მივეცეთ”, - წერს ალბერ კამიუ თავის 1936 წელს დაწერილ ესეიში “ზაფხული ალჟირში”. ზაფხული საქართველოშიც ისეთივეა, როგორც კამიუს მიერ აღწერილ ალჟირში - გარუჯული ოქროსფერი სხეულებით, მზის ჩასვლის და მეგობრებთან ურთიერთობის დაუღალავი ტკბობით. თუმცა საქართველოში მიჩვეულნი ვართ, რომ ყოველი ზაფხულის ლხინისათვის ზღვის ღმერთს პოსეიდონს რამდენიმე ადამიანი უნდა შევწიროთ. რამდენიმე დღის წინ  საინფორმაციო საშუალებებმა შეგვატყობინეს ლაშა სულაკაურის ზღვაში დაკარგვის შესახებ. ასევე, აგვისტოს ბოლოს, ზღვაში ოპერატორი გიორგი ბერიძე დაიღუპა. მდინარეებში, ტბებში და ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულების ამბები, სახელის და გვარის გამოცხადების გარეშე, საინფორმაციო საშუალებების ერთწუთიანი ყურადღების ღირსი თუ ხდება.

ქართული ზაფხული კამიუს ალჟირული ზაფხულივით მესამე მსოფლიოს ზაფხულია. მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობა და ტრაგიკული სიკვდილის ყოველდღიურობაა.

არადა, მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას არც დიდი სახსრები სჭირდება და არც დიდი ფანტაზია. ეს ადგილობრივი თვითმართველობების და ცენტრალური ორგანოების პოლიტიკის საკითხია. დასავლეთ ევროპის ან ჩრდილო ამერიკის სანაპიროზე ერთხელ გავლაც საკმარისია, რომ დაინახო უსაფრთხოების ზომები ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად:

1. სანაპიროების დაყოფა ოფიციალურ და არაოფიციალურ საცურაო ადგილებად.

2. ოფიციალურ სანაპიროებზე გარკვეულ საათებში მაშველების დაყენება.

3. არასანქცირებულ და საფრთხის მომცველ სანაპიროებზე ბანაობის აკრძალვა და ჯარიმების დაწესება.

4. საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი აქტიური საგანმანათლებლო კამპანია შესაძლო საფრთხეების შესახებ.

 5. სანაპიროებზე ტრანსფარანტების დაყენება, სადაც აღწერილია საფრთხეები და მითითებულია ინფორმაცია მაშველთა სამსახურის შესახებ.

6. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა სტატისტიკის წარმოება, ტენდენციებისათვის თვალის დევნება და საჯარო მსჯელობა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

7. უამინდობის  შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოპოვება, საზოგადოებაში გავრცელება და უსაფრთხოების ზომების  გაძლიერება.

პირველ და მესამე მსოფლიოს ერთნამეთისგან ის ნაბიჯები განასხვავებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შედის. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთმანეთისგან განასხვავებს ორ სამყაროს - სამყაროს, სადაც მოზარდს მშვიდად უშვებ სანაპიროზე გასართობად, და სამყაროს, სადაც მეგობრების ბათუმში გაცილებისას წინასწარ გეშინია მრავალი წლის წინ წაკითხული ნოდარ დუმბაძის სიტყვების გახსენების: “მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა...ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული Hellados წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილივით შევვარდი სახლში... - რა მოგივიდა, ბიჭო? - მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა. - დეიდა ნინა... იანგული დაბრუნდა... - ვუთხარი მე. მერე დავიჩოქე მის წინ, კალთაში თავი ჩავუდე და მწარედ ავტირდი.” 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^