პერსონაჟები წიგნებში ცხოვრობენ, წიგნები ჩვენს სამყაროში. თუმცა ისეც ხდება, რომ პერსონაჟი მხატვრულიდან რეალურ სამყაროში მკვიდრდება, მკითხველი კი გამოგონილ, წარმოსახულ რეალობაში არჩევს ცხოვრებას.
რეალურსა და ირეალურ სამყაროს შორის არსებული ზღვარი საკმაოდ მკრთალია და ამაში ყოველ ხუთშაბათს, 18 საათზე, გადაცემა „წიგნების“ მოსმენისას დარწმუნდებით.
წლებისა და საუკუნის წინანდელი ლიტერატურული გზავნილები, ლექციები ქართულ ლიტერატურაზე, ძველი და თანამედროვე კლასიკა, თანამედროვე პროზა, მუსიკა, მხატვრობა და ცენზურა ლიტერატურაში, ლიტერატურა კი კინოში - ამ და სხვა თემების შესახებ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერძენიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობს.
საუბარი კონკრეტული წიგნისა თუ ავტორის შესახებ, იმ ეპოქის მიმოხილვა, რა დროსაც ნაწარმოები იქმნებოდა, მწერლობაში არსებული ტენდენციებისა თუ მიმდინარეობების გამოკვეთა, იმ უცნობი დეტალებისა და პარალელების ხაზგასმა, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოებსა და მოვლენასთან პირდაპირ ან ირიბ კავშირშია, ერთგვარად აერთიანებს და სწორად ალაგებს ლიტერატურული ფაზლის იმ ნაწილებს, რომელსაც თავად ნაწარმოებში ვერ ამოიკითხავთ.
„ვეფხისტყაოსანი", „სიბრძნე სიცრუისა", „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", „ალუდა ქეთელაური", „ილიადა" და „ოდისეა", „სოკრატეს აპოლოგია", „მედეა", „ანტიგონე", „გარგანტუა და პანტაგრუელი", „ღვთაებრივი კომედია", „მეფე ლირი", „ფაუსტი", „დონ კიხოტ ლამანჩელი", „დანაშაული და სასჯელი", „ეშმაკნი", "„მობი დიკი", „სიკვდილი ვენეციაში", „პროცესი", „ოსტატი და მარგარიტა", „მისტერიები", „ტრამალის მგელი", „უცხო", „შავი ჭირი", „ხმაური და მძვინვარება", „ვიქნები თუნდაც განტენბაინი", „დუბლინელები", „1984", „ნანკინელი ქრისტე", „პატრიოტიზმი", „მარტოობის ასი წელიწადი", „ვარდის სახელი", „თამაში ჭვავის ყანაში", „გზაზე", „მებრძოლთა კლუბი", „მე წითელი მქვია", „ელემენტარული ნაწილაკები" - ეს გადაცემა „წიგნებში" განხილული იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოსმენაც „ჯეოსელის" და რადიო „შოკოლადის“ Facebook-ის გვერდებზე შეგიძლიათ.
რადიოგადაცემების პარალელურად „წიგნები“ მსმენელთათვის და ზოგადად, წიგნის მოყვარულთათვის, შეხვედრებსაც მართავს. „წიგნებისა“ და მკითხველის კომუნიკაციას გადაცემის სპონსორი კომპანია „ჯეოსელი“ უზრუნველყოფს. პირველი ორი შეხვედრა თბილისსა და ბათუმში შედგა. თბილისში გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ლევან ბერძენიშვილმა გერმანულ ლიტერატურაზე ისაუბრა, ბათუმის ინტერაქციული ლექციის თემა კი „ზღვა და ლიტერატურა" იყო. მსმენელთან შეხვედრების ფარგლებში მომდევნო ლექცია ქუთაისში გაიმართება.
გადაცემა „წიგნებს“ რადიო შოკოლადი და „ჯეოსელი“ წარმოგიდგენთ. ერთად ვიმეგობროთ წიგნებთან!