Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის შეფასება

01 მაისი, 2015 20:54

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების წლიური შეფასების წინასწარი ანგარიში  დღეს „ევრაზიის  თანამშრომლობის ფონდმა“ წარმოადგინა.  

პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა 2014 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით ყველა ძირითადი საჯარო უწყების საქმიანობა შეაფასეს. ასევე ისაუბრეს იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც სურსათის სფეროში რეფორმის განხორციელებას უშლის ხელს.

ანგარიშის წინასწარი ვერსიის მიხედვით, სურსათის უვნებლობა გულისხმობს ვეტერინარულ შემოწმებას, მცენარეთა დაცვას, სურსათის ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის სხვადასხვა გზით შეცდომაში შეყვანისგან დაცვას, ანუ მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად ახდენს გავლენას უვნებელი სურსათის მოწოდებასა და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე.

ანგარიშის მომზადების პერიოდში „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ ინფორმაცია შეკრიბა განსხვავებული ჯგუფებისგან, როგორც საჯარო უწყებების, ისე ფოკუსჯგუფების საშუალებით. მაგალითად, გამოკითხეს მეწარმეები, რომელთაც ინსპექტირება ჩაუტარდათ, სპეციალისტები, კერძო ლაბორატორიის წარმომადგენლები, მომხმარებელი ზოგადად და კონკრეტულად ისეთებიც, რომელთაც სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

ანგარიშის მიხედვით, სტაბილურად მაღალია სავარაუდო ინფექციური  წარმოშობის დიარეების რაოდენობა.

„აღსანიშნავია, სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის, შიგელოზის, ბრუცელოზისა და სალმონელოზის შემთხვევების მატება. 2014 წელს აღინიშნა გარდაცვალების 4 ფაქტი, 2013 წელს - 1, ხოლო 2012 წელს - 8. სურსათთან დაკავშირებული ერთეული შემთხვევების (გარდა ბოტულიზმისა და შიგელოზისა) საკვებთან/წყალთან დაკავშირება პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე  დაყრდნობით ხდება.  

დიარიისა და მოშხამვის შემთხვევებში, თუკი ადამიანის მდგომარეობა მძიმე არ არის, მოქალაქეები უმეტესად არ მიმართავენ ექიმს. შესაბამისად, ასეთი შემთხვევები არსად ფიქსირდება, რაც კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ ვერ ასახავს სტატისტიკური მონაცემები  ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ამავე მიზეზის გამო, მსგავსი დაავადებების მხოლოდ 10% აისახება განვითარებული ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებშიც. გარდა ამისა, სტატისტიკაში ვერ აისახება ისეთი ტიპის დაავადებები, რომლებიც სურსათთან არის დაკავშირებული, მაგრამ შედეგები ვლინდება წლების განმავლობაში და რთულია მათი ამა თუ იმ სურსათთან დაკავშირება", - ნათქვამია ანგარიშში.

წინასწარ ანგარიშში საუბარია, რომ სურსათის უვნებლობის რეგულირების მხრივ 2014 წელი  მნიშვნელოვანი იყო. გაუმჯობესდა  სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი - „სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, ასევე -  სურსათის უვნებლობის სააგენტოს საქმიანობა, გაიზარდა კონტროლის მასშტაბი, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ კოდექსში რამდენიმე ხარვეზი რჩება. მაგალითად, 2020 წლამდე სახელმწიფო კონტროლი  არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო შეღავათიანი რეჟიმი ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სურსათის წარმოება/დისტრიბუციაში ჩართული სუბიექტების უმრავლესობა ფიზიკური პირი ან მცირე მეწარმეა, ამ რეგულაციით მნიშვნელოვანწილად კონტროლს მიღმა რჩება საქართველოს სასურსათო ბაზრის დიდი სეგმენტი, რაც  სურსათის უვნებლობის  უზრუნველყოფას ახლო მომავალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს".

სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებლობა განაწილებულია ორ სხვადასხვა უწყებას - სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს (საბაჟო საზღვარზე) შორის. როგორც ფონდში ამბობენ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, უმჯობესია, რომ მხოლოდ ერთი უწყება, ამ შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტო იყოს პასუხისმგებელი სახელმწიფო კონტროლზე.

ხარვეზებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სურსათის კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, ძირითადად, არაადეკვატურია. ერთი მხრივ, კანონის დამრღვევს შეიძლება გაცილებით იაფი დაუჯდეს ამ ჯარიმის გადახდა, ვიდრე კანონიერი მოთხოვნის შესრულება, მეორე მხრივ, ერთი და იმავე დარღვევისათვის მცირე და მსხვილი საწარმოს ერთი და იმავე თანხით დაჯარიმება მსხვილ საწარმოებს  უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნის.

სურსათის სფეროში რეფორმის შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი, ასევე, სურსათის უვნებლობის კუთხით, მეწარმეთა  და მომხმარებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაორგანიზებული გარე ვაჭრობა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების რეგულირების სფეროს განეკუთვნება, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია სურსათის უვნებლობის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და მათ მიმართ საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„2014 წელიც ისე მიიწურა, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკები სათანადო, მეცნიერულ დონეზე არ შეფასებულა, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია სანდო სახელმწიფო რეგულურების სისტემის ფორმირებისათვის,“ - ნათქვამია ანგარიშში.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში“ ამბობენ, რომ წარმოდგენილი ანგარიში წინასწარია. ფონდი აგროვებს შენიშვნებს ანგარიშის თემაზე მომუშავე კომპეტენტური ორგანიზაციებისგან და მზად არის ყველა რელევანტური შენიშვნის გასათვალისწინებლად, რის შემდეგაც ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოიცემა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^