სხდომის პარალელურად საკრებულოს შენობის წინ „პარტიზანი მებაღეების“ აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების იმ გეგმას (გრგ) ეწინააღმდეგებიან, რომელზეც საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები მსჯელობენ. აქციის მონაწილეები იპოდრომზე მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევენ.
„ვაპროტესტებთ იპოდრომის ტერიტორიაზე 11 საცხოვრებელი სახლის გრგ-ს დამტკიცებას. ამხელა მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. მოვითხოვთ ჩვენი უფლების დაცვას, - ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ხეების ნაწილი უკვე მოჭრეს, გრგ-ს დამტკიცების შემთხვევაში, ეს გაგრძელდება და პროცესი შეუქცევადი გახდება“ - უთხრა „ლიბერალს“ პარტიზანმა მებაღემ, მარიამ ბაქრაძემ.
27 აპრილს იპოდრომის ტერიტორიაზე „პარტიზანი მებაღეები“ და ადგილობრივი მოსახლეობა ხეების მოჭრის შესაჩერებლად შეიკრიბა. მათ ტერიტორიაზე 17 ხის მოჭრა გააპროტესტეს. მერიის ინფორმაციით, 27 აპრილს „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია „გრინ-სითიმ“ თამარაშვილის N13-ში ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო.