
„უსაფრთხოების კუთხით, სანამ მოძრაობა აღდგება, გმირთა მოედნის ესტაკადა ტექნიკურად უნდა შემოწმდეს და დასკვნა დაიდოს“, - ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე „ლიბერალს“ თბილისის სტიქიის მიზეზებზე, აღდგენით და პრევენციულ ღონისძიებებზე ესაუბრა.
ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე უნდა შეიკრიბოს სახელმწიფო კომისია და კომპლექსურად განიხილონ ეს პრობლემა.
„არ გამოვა ისე, თითქოს აქაა ერთი მხარე, ერთი მიზეზი, ერთი ფაქტორი. პრობლემა კომპლექსურია, ისევე, როგორც ურბანისტიკის დისციპლინაა კომპლექსური. ურბანისტიკა დისციპლინათაშორისი დარგია და ბევრ რამეს მოიცავს, დაწყებული სამართლით“, - ვარდოსანიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ისიც, რომ გენერალურ გეგმაზე წყლის დაცვის ზოლი, რომელიც მდინარე ვერეს ეკუთვნოდა დატანილი არ იყო და კატეგორიულად აკრძალული არ იყო იქ მშენებლობები.
„ალბათ, უნდა აიკრძალოს ასეთი დაუსაბუთებელი ცვლა ზონებისა, რეკრეაციული იქნება ეს, საზოგადოებრივი, სატრანსპორტო თუ სხვა. ეს ყველაფერი არის კომპლექსური საკითხი. ამის გადამწყვეტი იქნება სახელმწიფო კომისია“, - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
ურბანისტი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მერიის სამსახურებისა და ცენტრალური სამინისტროების სერიოზული რეორგანიზაცია და ურბანისტულმა პრობლემატიკამ ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა გადაინაცვლოს, რომელიც უკვე კონცეპტუალურ, ნორმატიულ და საკანონმდებლო დონეზე მიხედავს ამ პრობლემებს.
„მარტო თბილისში კი არაა ეს პრობლემა, აღმოსავლეთ საქართველოც განიცდიდა ანალოგიურ მოვლენებს, მართალია იქ მსხვერპლი არ იყო, მაგრამ მინიშნება იყო იმისა, რომ მისახედია ეს ყველაფერი. კომპლექსური პროგრამა უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მოეწყოს თბილისის საინჟინრო გენერალური სხდომა თავისი სამუშაო პროცედურებით, თავისი სამოქმედო გეგმით. ეს ვერ დაელოდება მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმას“, - ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ობიექტური ფაქტორებიც, რომლებზეც აზრი მეტეოროლოგებს უნდა ვკითხოთ.
მისი შეფასებით, 13 ივნისის ღამის წვიმა არ იყო ჩვეულებრივი ძლიერი წვიმა და ამაზე უფრო კომპეტენტური აზრი მეტეოროლოგებს ექნებათ.
„მათ აქვთ ბუნებრივი მოვლენების კლასიფიკატორი. რა იყო ეს ნალექები. არის ამისი მეთოდოლოგიები, მეტეოროლოგები გვეტყვიან, რასთან გვქონდა საქმე. ჩემი აზრით, წვიმა, მართლაც, ისეთი იყო, რომ ამის გათვლა ძნელი იყო თავიდან. მგონია, რომ უნდა დავიწყოთ მეტეოროლოგების დასკვნიდან და დანარჩენი საკითხები ამას მიებმება“, - ურბანისტი რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზეც საუბრობს და პრევენციისთვის ჰიდროგეოლოგების ჩართულობას მიიჩნევს საჭიროდ.
„ვარაზისხევის ქვეშაც მილშია მოქცეული მდინარე ვერე. ცოტა რომ დაცხრება ჯერ ბუნება და შემდეგ ვნებათაღელვა, უფრო კომპლექსურად იქნება ეს ყველაფერი შესასწავლი. ეს იქნება იმ გენერალური სქემის ერთი ნაწილი. ჰიდროგეოლოგები უნდა ჩაერთონ ამაში, საინჟინრო ჰიდროგეოლოგიის სპეციალისტები. საქართველოში არსებობდა ამ დარგის სკოლები, ყველა დარგში გვყავდა ექსტრა კლასის სპეციალისტები, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ნეო-ლიბერალური ხედვის გამო დაანგრია სკოლები და თითო-ოროლა სპეციალისტი თუ დაგვრჩა. ასე რომ, ესეც ჩასადები იქნება სახელმწიფო პროგრამაში - აღორძინება საინჟინრო აზრის, საინჟინრო ხელოვნებისა და საინჟინრო პროფესიის“, - უთხრა „ლიბერალს“ ლადო ვარდოსანიძემ.