ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებით ემუქრებიან.
„კურიერის" საგანგებო გამოშვებაში გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმიდან განზე გადგომას სთხოვენ, რის გაკეთებასაც არ აპირებს.
„მითხრეს, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას ხალვაშს მიაკუთვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც, თავისთავად, ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებ. ამის საპასუხოდ, მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და მათი ამერიკაში გაშვება ვერ მოვასწარი; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომლებიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება; არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის - სააკაშვილთან და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება. ამასთან, მე ვიქნები პერსონალურად განადგურებული კოლეგებისა და ქვეყნის თვალში" - თქვა გვარამიამ.
როგორც მან აღნიშნა, შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა ამაზე საჯაროდ საუბარია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა პირად კეთილდღეობასა და კომფორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე.
„მივმართავ ხელისუფლებას - ატვირთეთ, რაც გნებავთ. ჩემთვის ღრმად სულერთია. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადი ცხოვრებაა და არავის ეხება სხვას. თუ მე ვარ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლი, ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე" - თქვა გვარამიამ.
„რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი ხვალ, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.