15 ნოემბერს ვერაზე „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე დაჭრეს. როგორც „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში გია ეძგვერაძე წერს, ინციდენტი „კამპუსის“ ორგანიზებით მოწყობილ საჯარო ლექციაზე მოხდა, რომელიც მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარეობდა.
„კამპუსის“ ტერიტორიაზე კეთილად დაშვებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მოწვეული ლექტორების ლექციებზე „არევა“ დაიწყეს და გამოსვლები ჩაშლის ზღვარზე მივიდა. ბოლო ლექციაზე ასეთი უსიამოვნო ინცინდენტების დროს წყობიდან გამოსულმა ცენტრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მიშა ხუნდაძემ (უკეთილესმა და უწესიერესმა ადამიანმა!) მკაცრად მოსთხოვა მოზარდებს სალექციო სივრცის დატოვება. „ბავშვები“ (ქართულ რეალობაში ხომ ბავშვად მანამდე რჩები, სანამ დედა ცოცხალი გყავს) გაიქცნენ და თავის დამცველ ვაჟკაც-ბედოვლათებს შესჩივლეს - „კამპუსში“ გვაგინეს და გამოგვყარეს სატანისტებმაო! ჰოდა, ერთ-ერთი ყველაზე გულგამოდებული „ქრისტიანი“ მებრძოლი დანით მოვარდა - „მიშა ვინ არიო?“ კიოდა და მიშას დანახვისთანავე გულის არეში დანა ჩასცხო, მიუხედავად იმისა რომ, მიშას, ცოლი გადაეფარა!“, - წერს ეძგვერაძე.
„ლიბერალი“ შსს-ს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს.
„მილორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ცხელ კვალზე არის დაკავებული პიროვნება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.
რაც შეეხება რელიგიურ-იდეოლოგიურ მოტივს, რომელზეც გია ეძგვერაძე წერს და „სტუდიო კამპუსის“ წევრებიც საუბრობენ, შსს-ში ამბობენ რომ დამამძიმებელი გარემოებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.
„საქმე ამ დროისთვის არ გადაკვალიფიცირებულა. რა თქმა უნდა, გამოძიების მსვლელობისას შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს“, - ამბობენ შსს-ში.
15 ნოემბრის ინციდენტზე წერენ „სტუდიო კამპუსის“ Facebook გვერდზეც:
„როგორც ჩანს, „უბანში“ არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად, მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე. არატოლერანტული დამოკიდებულება გადაიზარდა აგრესიაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. ცივი იარაღით, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო კამპუსის დირექტორმა, მიხეილ ხუნდაძემ. საბედნიეროდ, მიშა გადარჩა და მძიმე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება.
უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი მომხდარს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრიმინაციას და ძალადობას ზოგადად მსგავსი ნიშნის მატარებელი ნებისმიერი თავისუფალი სივრცის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინციდენტი არა მხოლოდ ერთი „უბნის“, არამედ საზოგადოების პრობლემაა. კამპუსი აცნობიერებს, რომ ის მახინჯი, იდეოლოგიზებული ინტერპრეტაციის მსხვერპლია, რომლის უკან „სოციალური ნორმის“ დამცველი, მოძალადე დისკურსი დგას.
…
მიუხედავად „უბანში“ არსებული ნეგატიური განწყობისა, უნდა აღინიშნოს, რომ „უბნელი“ ახალგაზრდობის კეთილგანწყობილი ნაწილი დაინტერესებული იყო ჩვენი საქმიანობით და აქტიურად ერთვებოდა მუშაობის პროცესში.
…
კამპუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცნობიერებულად წყვეტს ფუნქციონირებას.
ამჟამად ჩვენ ალტერნატიული სივრცის ძიების პროცესში ვიმყოფებით.
სივრცის მოძიებისთანავე გაცნობებთ ახალ ადგილმდებარეობას, სადაც კამპუსი განაახლებს მუშაობას.
მადლობას გიხდით თანადგომისთვის“.