იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. ისინი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას აპროტესტებენ.
როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იუწყება, საპროტესტო აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე გაკეთებული არჩევანი ხელისუფლების დირექტივას წარმოადგენს. „ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება", - მიიჩნევს ხატიაშვილი.
როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, იგი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავს.
„ფეოდალის წინააღმდეგ აქციები იქნება. ივანიშვილი მტერია. სოფრომაძის, თოდრიას და ევა გოცირიძის [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრები] გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. შერჩევითი სამართალია", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ ხალხს მოუწოდეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლონ.
მურუსიძის კანდიდატურას საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე 14 მოქმედი წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი.
მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ვადა მომავალი წლის აპრილში ეწურება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით [რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს], სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.