რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უკრაინის იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას, იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქე და მსჯავრდებული ნადეჟდა სავჩენკო გადაეცეს მათ.
„რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო ფაქსით მოთხოვნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროსაგან იმ დოკუმენტების შესახებ, რომლითაც უნდა უზრუნველყონ ის, რომ განიხილოს ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემა უკრაინის ხელისუფლებისათვის, რათა მან თავისი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით უკრაინაში მოიხადოს", - ციტირებს ინტერფაქსი.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვის ვადები მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციით განსაზღვრული არ არის.
1983 წლის კონვენციის თანახმად, სახელმწიფომ, რომელიც მოითხოვს რუსეთისაგან თავისი მსჯავრდებული მოქალაქეების დაბრუნებას, უნდა ცნოს რუსეთის სასამართლოს განაჩენი.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნადეჟდა სავჩენკო დასთანხმდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თხოვნას, შეეწყვიტა შიმშილობა.
22 მარტს როსტოვის ოლქის სასამართლომ უკრაინელ სამხედრო მფრინავ და დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასა და არაკანონიერი გზით რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ედებოდა.
ნადეჟდა სავჩენკო უარყოფს ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ის ტყვედ ჩავარდა ერთი საათით ადრე რუსი ჟურნალისტების სიკვდილამდე, ამიტომ შეუძლებელია, იყოს დანაშაულის მონაწილე.
ნადეჟდა სავჩენკო ასევე ამტკიცებს, რომ ის ძალით წაიყვანეს რუსეთში, რაც მისი თქმით, არ შეიძლება მიიჩნიონ საზღვრის უკანონო გადალახვად.