„ჩვენს რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ, დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ - კომუნიზმი. ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან“, - ლევამ ვასაძემ ფილარმონიაში ოჯახის მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
გამოსვლის დროს ლევან ვასაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ საქმიანობასაც შეეხო.
„რელიგიის თავისუფლების ნაცვლად გამუდმებული და შეუქცევადი შეურაცხყოფა და შეტევები ჩვენს ისედაც გაწამებულ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაზე, მის პატრიარქზე, მის სამღვდელოებაზე, მის ქადაგებაზე, მის მრევლზე. შეტევები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც დააფუძნა და რომლებსაც აფინანსებს დასავლეთი ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც პროპაგანდისა და დასაქმების მეშვეობით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია განათლებისა და დასაქმების ალტერნატიული წყაროები და რომელიც 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული ციზმის სულში და ილუზორული თავისუფლების ყალბ დაპირებაში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ოჯახის მსოფლიო კონგრესს, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ლევან ვასაძის მოწვევით იმართება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ესწრება. კონგრესს ასევე ესწრება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ოჯახების მსოფლიო კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და საზოგადოებაში ოჯახის შესახებ სოციალურად კონსერვატული, რელიგიურ შეხედულებებზე დაფუძნებული ღირებულებების გავრცელებასა და ოჯახის ფენომენის ტრადიციონალისტური გააზრების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ოჯახების მსოფლიო კონგრესს მყარი ურთიერთობები აკავშირებს ამერიკის ულტრამემარჯვენე რელიგიურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: „concerned women for America” “Focus on the Familiy” „Americans United for life” ასევე ევროპის ისეთ ულტრამემარჯვენა პარტიასთან, როგორიცაა საფრანგეთის ეროვნული ფრონტი.
ორგანიზაცია 1997 წლიდან მთელ მსოფლიოში მართავს კონფერენციებსა და ღონისძიებებს.
ოჯახების მსოფლიო კონგრესი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მთავრობის გავლენიან წარმომადგენლებსა და ორი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევისა და ვლადიმის იაკუნინის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან.
ოჯახების მსოფლიო კონკრესმა მოსკოვში ორი მასშტაბური ღონისძიება გამართა. მათგან ერთ-ერთი, მოსკოვის დემოგრაფიული სამიტი - 2011 წლის ივლისში.
მეორე მასშტაბური ღონისძიება, საერთაშორისო ფორუმი: „დიდი ოჯახი და კაცობრიობის მომავალი” რუსულმა მხარემ 2014 წლის სექტემბერში გამართა. კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო მოსახლეობას, წინ აღუდგეს ლგბტ თემისთვის მინიჭებულ უფლებებს და “გაერთიანდეს საფრთხესთან საბრძოლველად, რომელიც კაცობრიობას გადაგვარებით ემუქრება, წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოს მიერ მართული იდეოლოგიით უხეშ ჩარევას ადამიანების პირად ცხოვრებაში, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანებს თავს მოახვიოს განსხვავებული სექსუალური ცხოვრების სტილი და ჩაუნერგოს უმცირესობის პრეფერენცია უმრავლესობაზე. “