Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ბესო ხუციშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

25 მაისი, 2016 17:21

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბესო ხუციშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, „თეთრი ხმაურის მოძრაობას" დაუკავშირდა ბესო ხუციშვილი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ტერორისა და დაშინების გზით აიძულა მისი მეგობრის, ლაშა ბახუტაშვილის დაჭერის თანამონაწილე გამხდარიყო.

მათი თქმით, ასევე აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბესო ხუციშვილის უსაფრთხოება. ხუციშვილის აღიარების შემდეგ შესაძლოა, ლაშა ბახუტაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულება (0,00009 გრ. ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი) ეჭვქვეშ დადგეს.

„ლიბერალთან“ საუბრისას EMC-ის იურიტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ ხუციშვილის ვიდეოში პირდაპირ არის მითითება სამართალდამცველთა დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ბახუტაშვილის საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი. 

„თუ გამოძიება აქტიურად და ეფექტიანად წარიმართება და დადგინდება პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებები, თავისთავად ამას გავლენა ექნება ბახუტაშვილის საქმეზე. იქმნება ეჭვი, რომ პოლიციელები ამ საქმეშიც  კანონს მიღმა იყვნენ. შეიძლება, რომ ბახუტაშვილის საქმეში ჩატარებული სამართლებრივი მოქმედებები, ჩხრეკა-ამოღება თუ სხვა, კანონის არსებითი დარღვევით წარიმართა. რაც ნიშნავს იმას, რომ ამოღებული ნივთიერება შესაძლოა გაბათილდეს და ის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ“, - ამბობს იმნაძე.

ბატუხაშვილის ადვოკატ ნინო გელაშვილის თქმით, არსებობენ ბახუტაშვილის დაკავების მოწმეები.

„დაკავების დღეს მთელი დღის განმავლობაში ბახუტაშვილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მასთან იყვნენ სტუმრები, რომელთა მოწმის სახით დაკითხვაც შესაძლებელია.

29 სექტემბერს, როცა ხუციშვილმა ნარკოტიკული საშუალება უკვე დაამზადა, პოლიციის თანამშრომელი გამოჰყვა მას, რომ ბესოს მისთვის დაეძახა და შემდეგ ნარკოტიკი გადაეცა. იმის გამო, რომ სიბნელე იყო, ბესომ ქუჩის კვეთისას ამ ნივთიერების სანიაღვრე არხში ჩაგდება მოახერხა. შესაბამისად, ლაშასთან ფაქტის გარეშე მივიდა. როგორც კი ლაშა გამოვიდა, ეგრევე დააკავეს. ანუ ბახუტაშვილს დაკავების მომენტში ნარკოტიკი თან არ ჰქონია, თუმცა ბრალი შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წაყენებული“, - აღნიშნავს ადვოკატი და დასძენს, რომ ბახუტაშვილის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ შპრიცი იქ დაახვედრეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ საქართველოში „ნარკოპოლიტიკა არის სისტემური ჩაგვრის მექანიზმი სახელმწიფოს ხელში“.  

„წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნაში ხდება ათასობით ადამიანის კრიმინალიზაცია, მათი ჩაგვრა, შანტაჟი. ბესოს შემთხვევა იმის ერთ-ერთი მაგალითია, თუ რა მეთოდებით ცდილობენ ძალოვანი სტრუქტურები ადამიანების დაშანტაჟებას. ალბათ დრო მოვიდა იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს და საზოგადოებამ ამ ადამიანების გამო სოციალური პასუხისმგებლობა გაინაწილოს. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აქტივობა, რათა ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მომდინარე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია მოვახდინოთ“, - აცხადებს „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა.

მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი

ლაშა ბახუტაშვილი 2013 წელს 0,00009 გრ. (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (ე.წ. კრაკადილი) შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დეზომორფინის რა რაოდენობა ითვლება მცირედ, კანონით დადგენილი არ არის, ამიტომ 0.00009 გრ. ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აქვს წარდგენილი და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ საუბრისას ბესო ხუციშვილი ამბობს:

„2013 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიცია მესამე თუ მეოთხე დღეს დამადგა. გამოვედი გარეთ, გაჩერდა თეთრი „შკოდა". მომმართეს სახელით და გვარით. თქვეს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოდან იყვნენ. წამიყვანეს განყოფილებაში, მითხრეს, რომ ლაშა ბახუტაშვილი უნდა დაგვაჭერინოო. თუ არ დაგვაჭერინებ, სამი შვილი გყავსო, წამალს დაგიყრითო. ოჯახის წევრები რომ არ ეხსენებინათ, ჩემი თავი ჯანდაბას, შვილები ახსენეს. ისე იყო ნათქვამი, რომ აუცილებლად გამკეთებლები იყვნენ, მაგათ ადამიანობის არაფერი ეტყობოდათ.

თვითონ მირეკავდენენ, ჩავდიოდი, ვხვდებოდი ხოლმე ვაგზალზე. მანქანით მივყავდი ხოლმე აფთიაქში და ნარკოტიკის გასაკეთებლად საჭირო წამლებს ყიდულობდნენ. მეუბნებოდნენ, ვინმემ რომ არ გაგაჩეროს და არ დაგიჭიროს, სახლამდე უნდა მიგიყვანოთო. დრო ერთ თვემდე გავწელე. მაგრამ მერე უკვე ვეღარ გავძელი. ყოველდღე მოდიოდნენ, მოჰქონდათ წამალი, მეუბნებოდნენ, მოხარშე წამალი, დაგვაჭერინეო. 20-40 ლარს მაძლევდნენ ხოლმე, რომ წამალი მეყიდა...

ლაშას ვიცნობ 1990-იანი წლებიდან, კარგი ურთიერთობა მქონდა. შევცდი რა, ძალიან შევცდი, იმ დონეზე მივედი თავის მოკვლაც მინდოდა.

ბოლოს, იმ დღეს, როცა ლაშა დაიჭირეს, ორნი იდგნენ სტადიონთან. მესამე იმ ოთახში იდგა, სადაც ვხარშავდი. აკონტროლებდა, კიდევ რომ არ გავპარულიყავი. რომ მოვხარშე მერე ჩავედი ლაშასთან, ამოვიყვანე ზევით, და მერე... მერე ლაშა დაიჭირეს. ლაშას დაჭერის შემდეგ მეც შემომივარდნენ სახლში, დამიჭირეს მეც, სამი თვე მომისაჯეს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^