Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

14 ოქტომბერი, 2016 20:01

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მუსლიმმა თემმა სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობაში ლოცვა აღავლინა, პოლიციამ ნაგებობის კარი და ფანჯრები აჭედა. მუსლიმი მოსახლეობის თქმით, ამ წუთებშიც ნაგებობის ირგვლივ პოლიციის ყვითელი ზოლია შემოვლებული და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადავო შენობაში მუსლიმების მიერ ლოცვის დაწყებაზე დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ქრისტიანი მოსახლეობა უკმაყოფილოა. მან სახალხო დამცველს მოუწოდა, გამოეძიებინა, ვინ ცდილობდა პროვოკაციის მოწყობასა და ადგილობრივი ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებას.

„სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადავო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში", - თქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

მეუფის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხეში, სადავო შენობაში ლოცვა არ გაიმართება, თუმცა, დღეს იქ ჯამბულ აბულაძე ავიდა და ლოცვა მაინც ჩაატარა. მეუფემ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება ადიგენში, სოფელ მოხეში. 

მოხის მკვიდრი ოთარ მიქელაძე „ლიბერლათან“ საუბარში ჰყვება, რომ რამდენიმე დღეა, მუსლიმებმა სადავო ნაგებობაში ლოცვა პროტესტის ნიშნად დაიწყეს. უკვე მეორე წელი სრულდება მას შემდეგ, რაც სადავო ნაგებობის წარმომავლობის დასადგენად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში კომისია შეიქმნა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას დასკვნა ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. ჯერ კიდევ მაისის თვეში „ლიბერალისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კომისიას ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა არც კი დაუწყია.

ოთარ მიქელაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ მოუწოდა პოლიციას შენობის აჭედვისკენ.

„ამოვიდნენ, ყვითელი ლენტები შემოავლეს. კარები და ფანჯრები ჩახერგეს. რამდენიმე მანქანით იყვნენ. როგორც ვიცი, ჩვენი ლოცვის გამო პროტესტი გამოთქვა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ", - ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, გუშინ მუსლიმ მოსახლეობასთან შესახვედრად რელიგიის სახკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები მივიდნენ და მუსლიმებს სთხოვეს, დროებით ლოცვა შეეწყვიტათ.

„გვითხრეს, რომ პრობლემა მოგვარდება და დროებით ლოცვა უნდა შევწყვიტოთ. ადრეც იძლეოდნენ ასეთ დაპირებებს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ", - ამბობს მიქელაძე „ლიბერალთან“ საუბარში.

მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ადამ შანთაძე ამბობს, რომ სადავო ნაგებობის საკითხზე შექმნილი კომისია საკითხს დაჩქარებული წესით შეისწავლის.

„მოგეხსენებათ, წელიწადზე მეტია, კომისიაა შექმნილი და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ წარმოვადგენთ მუსლიმი მრევლის მხარეს და ვიცავთ მათ ინტერესებს. ჩავედით და მოსახლეობას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდეთ. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ზაზა ვაშაყმაძემ მათ პირობა მისცა, რომ ახალციხეში კომისია შეიკრიბება და პრობლემის გადაყვეტაზე დაჩქარებული წესით იმუშავებს“ - უთხრა „ლიბერალს“ ადამ შანთაძემ.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, მოუწოდა თუ არა მოსახლეობას, ლოცვა დროებით შეეწყვიტათ, შანთაძე პასუხობს, რომ მათ მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებისგან, რასაც შესაძლოა, გართულებები გამოეწვია.

„ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიცია კანონის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებს. სამინისტროში არ განმარტავენ, თუ რის საფუძველზე აჭედა პოლიციამ სადავო ნაგებობის კარი.

სოფელ ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ მიტროპოლიტის პრესკონფერენცია მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

მისი თქმით, მიტროპოლიტის ნათქვამი, თითქოს აბულაძემ აღავლინა ლოცვა სადავო ნაგებობაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს პიროვნება, მოყოლებული სოფელ ჭელაში მინარეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან, უშუალოდ ხელმძღანელობდა ხელმოწერების შეგროვებას, აქციებისკენ მოუწოდებდა ადამიანებს. დღეს პირადად ჩემს დისკრედიტაციას ცდილობდა, იმიტომ რომ მათ მე ჩამოვხადე ნიღაბი. მოსახლეობის პროვოცირებას ცდილობენ. მათ მუსლიმების სიძულვილისკენ მოუწოდებენ. სიტუაცია ნორმალიზაციისკენ მიდიოდა, დღევანდელი პრესკონფერენციით კი თავდაყირა დააყენეს ყველაფერი“, - ამბობს აბულაძე.

იგი მიტროპოლიტი თეოდორესგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და არ გამორიცხავს, რომ პროცესები პოლიტიკურად იყოს მოტივირებული.

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^