Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - აქცია ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის წინააღმდეგ

08 მაისი, 2017 16:46

ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის წინააღმდეგ ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - ასე აფასებს  ჭართლიდან, ფასანაურიდან და ხანდოდან ჩამოსული მოსახლეობა პროექტს, რომელიც, მათი თქმით, განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. 

დაბა ფასანაურის მკვიდრი ირმა აფციაური „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ  ტერიტორია, რომელზეც პროექტი შენდება, მეწყერსაშიში ზონაა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის რისკს ზრდის. 

„ცოცხლად დავიმარხებით. წვიმის დროს უნდა გვეშინოდეს, რადგან სახლების თავზე კლდეებია გაშიშვლებული. ნიადაგი გამოფიტულია და ისედაც ლოდები ცვივა ჩვენს ეზოებში. ახლა უკვე ნიაღვრების გვეშინია, რადგან ტყე მასობრივად იჩეხება. ჟინვალის წყალსაცავმა დიდი დანესტიანება გამოიწვია და ნაკადები გაააქტიურა. დიდი დაქანების ფერდობებია და ძალიან საშიშია" - ამბობს აფციაური. 

მისი თქმით, სხვადასხვა უწყებას, მათ შორის საქართველოს მთავრობას და ენერგეტიკის სამინისტროს უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მისი განმარტებით, ორიოდე კვირის წინ ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასა და მშენებარე კომპანიის მუშებს შორის ჩადგნენ. 

„200-მდე პოლიციელი იყო მოსული. თავდასხმა იყო მოსალეობაზე, უცბად შევარდნენ. მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ელოშვილმა თქვა, მე სახელმწიფო ვარ და 15 მეტრში გავატარებთ ამ პროექტსო. კორდონის მეორე მხარეს ტრაქტორები მუშაობდნენ" - ამბობს აფციაური „ლიბერალთან" საუბარში. 

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ენერგოტრანსი" ახორციელებს, რომელიც სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შვილობილი კომპანიაა. ამ უკანასკნელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განთავსებული არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.

„შემდომ ეტაპზე, განსაზღვრულია ხაზის დაკავშირება რუსეთის ენერგოსისტემასთან; შესაბამისად, სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ. ქვესადგურის მოწყობა და ხაზის გადაყვანა 500 კვ. ძაბვაზე. მისი გამტარუნარიანობა იქნება 1100 მგვტ. რაც შექმნის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და ირანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ენერგეტიკულ მაგისტრალს და ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობასა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს, რუსეთს, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსა და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ქვეყნებს შორის" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

11 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ" გარემოს დაცვის მინისტრის მიერ პროექტზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაასაჩივრა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა პროექტმა გააჩინოს, სათანადოდ არ არის შესწავლილი. 

„პროექტით არ იყო გათვალისწინებული ელექტრომაგნიტური ველისგან დაცვის ღონისძიებები. არ იყო რისკები სათანადოდ შესწავლილი, თუმცა სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის ნაწილია. დღეს გაუქმებულია ის რეგულაცია, რომელიც სპეციალური დაცვის ზონას აწესებდა ადამიანებისთვის. მოქმედი ნორმა გადამცემ ხაზს იცავს ადამიანებისგან და სწორედ ეს ნორმაა გამოყენებული. როცა 30-მეტრიან დერეფანზე მიუთითებენ, ეს ელექტროგადამცემი ხაზის დასაცავადაა. ძველი ნორმა ითვალისწინებდა 240-მეტრიანი დაცვის ზონას და იგი 2007 წელს გააუქმეს, რადგან სხვა კანონში უნდა ასახულიყო. თუმცა ასე არ მოხდა" - ამბობს „ლიბერალთან" საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე. 

შეკითხვაზე, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს შესაბამისი ელექტროგადამცემი ხაზი, გუჯარაიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მეცნიერებს ერთიანი მოსაზრება არ აქვთ, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წინდახედულობის პრინციპით ხელმძღვანელობს.

„არსებობს 30 000-ზე მეტი კვლევა, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს, კიბო, ლეიკემია, ნეიროდეგენერაციული პროცესების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი ბავშვებში. რადგან ამ საკითხზე არ არსებობს შეთანხმება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ იგი მაქსიმალურად შრს იყოს დასახლებული ტერიტორიისგან" - ამბობს გუჯარაიძემ. 

„მწვანე ალტერნატივის" სარჩელის განხილვა სასამართლოში 22 მაისს განახლდება. 

ელოშვილი: მოსახლეობას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ხელის შეშლის უფლება არ აქვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^