„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" აცხადებს, რომ „მზიურის" ტერიტორიას განაშენიანების მორიგი საფრთხე ემუქრება.
ორგანიზაციის განცხადებით, შპს „პიაცა მზიური" წარმოდგენილი პროექტის მშენებლობას გეგმავს, 15761 კვ. მ, ტერიტორიაზე, რომელიც დაცული სარეკრეაციო ზონაა (რზ2), კანონი არ უშვებს მასშტაბური მშენებლობის შესაძლებლობას გამონაკლისის დადგენის გარეშე, ამასთან, აღნიშნული ტერიტორია თბილისის წყალდიდობის ერთ-ერთი ცენტრალური ზონაა და მასში მშენებლობის დაშვების შესაძლებლობის არსებობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს წყალდიდობის შედეგების გაუაზრებლობას მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
„მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი მოთხოვნა, 2013 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტმა (განაშნენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ) არაერთხელ უარყო, აღნიშნული ტერიტორიის სხვადასხვა მესაკუთრის მოთხოვნის საპასუხოდ. ბოლო უარყოფა, შპს „პიაცა მზიურმა" მიიღო.(იხილეთ განაცხადი # AR1495364). უარყოფის მიზეზად, საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობა და სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის დაუშვებლობა დასახელდა. საბჭო მოითხოვს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გენგეგმის ჯგუფის დასკვნებს მზიურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად უარყოფისა, საბჭოს რეკომენდაცია გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ხდება განახლებული განაცხადის ხელახლა წარდგენის საფუძველი, სადაც აღმოფხვრილი უნდა იყოს რეკომენდაციებით გათვალისწინებული ხარვეზები, თუმცა შპს „პიაცა მზიურმა" ხელახალი განაცხადი მოთხოვნილი დოკუმენტაციის გარეშე წარადგინა, პროექტის ესკიზი განახლებულ განცხადებაში უცვლელი სახითაა წარმოდგენილი. (AR1500509)", - ნათქვამია განცხადებაში.