მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას მხარდამჭერი აქცია დედაენის ბაღში დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში მოქმედი უსამართლო ნარკოპოლიტიკის მსხვერპლებს მხარს უჭერენ.
მსახიობი ხუთი თვის წინ დააკავეს ნარკოტიკული საშუალებისათვის, რომელიც მისი მეგობრების თქმით, მას არ ეკუთვნოდა.
გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"საქმეში ბახალას უდანაშაულობის დამადასტურებელი მრავალი არსებითი დარღვევა იკვეთება. ბოლო პერიოდის “ჩადების” გახმაურებული ფაქტების მსგავსად გიორგის საქმეშიც მხოლოდ პოლიციელები გვევლინებიან მოწმეებად. დაკავების მომენტში ის გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას. გიორგის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად კი ჩხრეკას ნეიტრალური პირი არ დაასწრეს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დაკავების დღიდან მას გარე სამყაროსთან კონტაქტის ყველა საშუალება აეკრძალა. ფიზიკური ტყვეობის გარდა ის 5 თვეა ინფორმაციულ ტყვეობაშიც იმყოფება. დღემდე, კომუნიკაციის ერთადერთი გზა მისი ადვოკატები არიან. გიორგი გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტულ ზეწოლაზე მიუთითებს, _" ამბობენ აქციის ორგანიზატორები.