განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.
როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.
როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.
„სკოლას ჰყავდა ძალიან დიდი ნაკადი არაქართულენოვანი მოსწავლეებისა, რომლებსაც დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში აფასებდნენ და შესაბამისი საბუთით უშვებდნენ. მაგალითად, მოსწავლეების რაღაც ნაწილი ერთ დღეში იყო შეფასებული ექვს საგანში და შესაბამისი საბუთით სკოლიდან გაშვებული, ზოგიერთი კი 1-2 თვეში გაუშვეს ამგვარად. ერთ ან ორ თვეში შესაძლებელია რომ მოსწავლე, რომელმაც ქართული არ იცის, მოვიდეს, ქართულიც ისწავლოს, მასალა დაძლიოს და შეფასებები მიიღოს? ავტორიზაციის ექსპერტებმა სამ დღეში 87 ფაქტი გამოავლინეს. განხილვისას თავად სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ის დამოუკიდებლად არ იღებდა გადაწყვეტილებას და დამფუძნებლებს უწევდა ანგარიშს.
გარდა ამისა, იყო წვრილ-წვრილი დარღვევები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, არსებული მოსწავლეების აღრიცხვასთან დაკავშირებით, მაგალითად იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ამორიცხულები იყვნენ სკოლიდან სემესტრის შუაში, მაგრამ იყვნენ შეფასებული წლის ბოლოს“,- განაცხადა რეზო აფხაზავამ.
მისივე თქმით, საბჭომ ასევე დააყენა საკითხი, რომ ცენტრმა კიდევ უფრო კარგად შეისწავლოს ეს საქმე და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამის ორგანოებს გადასცეს.
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ საბჭოს სხდომის ოქმი და დასკვნა 10 სამუშაო დღეში გასაჯაროვდება. ლიბერალი შეეცადა დემირელის სკოლის დირექტორს დაკავშირებოდა, თუმცა მას ამ დრომდე ტელეფონი გამორთული აქვს.
განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა