საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტს Modem/art-ს უარი ეთქვა და ის ვერ მოხვდება მაუწყებლის საეთერო ბადეში. ამის შესახებ პროექტის ავტორმა თეონა ჯორბენაძემ „ლიბერალს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, საეთერო ბადეში ვერ მოხვდება კონკურსით შერჩეული სხვა პროექტებიც, საბავშვო გადაცემა „სუპერ გმირი" და სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის სერიალი „ლივლივი“.
პროექტი სამეტაპიანი კონკურსის გზით 12 კაციანმა ჟიურიმ შეარჩია. თეონა ჯორბენაძის თქმით, კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის წევრები პირადად შეხვდნენ გენერალურ დირექტორს.
„ჩვენ დაგვიბარეს შეხვედრაზე, აღმოჩნდა რომ ეს პორექტები გენერალურმა დირექტორმა დაამტკიცა, რადგან მან მოგვილოცა, გაგვაცნო კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე გვითხრეს, რომ პირველი სექტემბრიდან უნდა გამოვცხადებულიყავით და ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებებისთვის და სექტემბრიდან დავიწყებდით შეფუთვასა და პრომოზე მუშაობას.
ამის შემდეგ მე დამიბარეს ჩემ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რამდენჯერმე, სადაც განიხილებოდა უკვე წარმოებაში ჩაშვებული პროექტების დეტალები. ამ შეხვედრებს ესწრებოდა მთელი არხის მმართველი გუნდი“,-განაცხადა პროექტის ავტორმა თეონა ჯორბენაძემ.
მისი თქმით, ჯგუფის წევრები ამ პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდნენ სხვადასხვა შემოთავაზებებზე, რადგან იცოდნენ, რომ 1-ლი სექტემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან აფორმებდნენ ხელშეკრულებას.
24 აგვისტოს კი პროექტის ავტორმა თეონა ჯორბენაძემ მაუწყებლის მენჯმენტისგან წერილი მიიღო სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტი Modem art ვერ მოხვდებოდა საეთერო ბადეში, რადგან გენერალურ დირექტორს არ დაუმტკიცებია.
„ჩემი ჯგუფის 5 წევრი, ამ პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდა ყველა შემოთავაზებაზე. დაუწერელი კანონივითაა, რომ თუ ერთი ტელევიზიის სახეა წამყვანი, მეორე ტელევიზიაში ვერ იწყებს მუშაობას. მათ იცოდნენ რომ 1 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყვნენ სამსახურში. 24 აგვისტოს მივიღე წერილი, რომლის შინაანრსის გარკვევა არის ძალიან რთული. ერთადერთი რაც ნათლად წერია არის, ის რომ ჩემი გადაცემა გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული და გამარჯვებული არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ, რეკომენდაციის ხასიათისა იყო კომისიის მხრიდან.
ეს ყველაფერი შუქდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლით, მათ ეს ვიდეობი დღემდე უდევთ თავიანთ ოფიციალურ youtube არხზე, ტექსტებით, სადაც ნათქვამია, თუ როგორ შეხვდა მაღლაფერიძე გამარჯვებულებს და კითხვით ნიშანი, რომ კიდევ რამე ეტაპი უნდა გაიაროს ამ გადაცემებმა არ არსებობდა.
მთლიანად ეს კონკურსი იყო ფარსი, რადაგან მთლიანად გამარჯვებული 9 პორექტიდან 6 ძველია, ხოლო 3-დან 2 დაბლოკეს. ეს შეეხო საბავშვო გადაცემასაც და იგივე ბედი ეწია სერიალსაც, სანდრო ჯანდიერის პროექტს“,-განაცხდა პროექტის ავტორმა „ლიბერალთან“.
ამ საკითხზე „ლიბერალი“ ცდილობდა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლფარიძესა და სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელს პაატა ქურდაძეს, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად კონკურსი სამ აპრილს გამოცხადდა. ხოლო 21 ივნისს კომისიამ გამარჯვებული პორექტები გამოავლინა.