Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია" - ბახალას საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა

24 ნოემბერი, 2017 17:54

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბახალას საქმის" განხილვა გაგრძელდა. სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა შეთანხმებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს შეუძლია მიიღოს, ამ შემთხვევაში არის გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობა.

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნარკოტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა). 

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბახალას ადვოკატმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტმა, გიორგი მახარაძემ ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. ერთ-ერთი ამგვარი საკითხი, საქმის მთავარი მოწმის, ტაქსის მძღოლის, მიხეილ ბრეგაძის სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ [ჩხრეკისას] ის გიორგი გიორგანაშვილისგან დაახლოებით 1 მეტრის დაშორებით იდგა და ხედავდა ჩხრეკის მიმდინარეობას. დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე მან განმარტა, რომ მას არ დაუნახავს, რომ რომელიმე პოლიციელს გიორგი გიორგანაშვილისგან ნარკოტიკული საშუალება ამოეღო. მან ეს განმარტა ნათლად და გასაგებად.

დაცვის მხარისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ მოხდა ნეიტრალური მოწმის, მიხეილ ბერიძის გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკაზე დასწრება. მათი თქმით, მართალია, მიხეილ ბერიძის მიმართაც ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებებიდანაც ირკვეოდა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. შესაბამისად, არ იქნებოდა გამოძიებისთვის ხელისშემშლელი, გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკას მიხეილ ბერიძეც დასწრებოდა.

„ყველაზე მეტად დაცვის მხარეს აკვირვებს ის გარემოება, რომ გამოძიებას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ, დაენიშნა გენეტიკური, ან თუნდაც დაქტილოსკოპიური კვლევა ამოღებულ ნივთმტკიცებაზე და ობიექტურად ეცადა დაედგინა, მართლა ჰქონდა თუ არა გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება. ანუ საქმე გვაქვს ან საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციის ნაკლებობასთან, ან კიდევ სხვაგვარ დაინტერესებასთან გიორგი გიორგანაშვილის მიმართ, რაზეც ასევე მოგახსენებთ“, - განაცხადა ადვოკატმა პროცესზე.

დაცვის მხარისთვის კიდევ უფრო გასაკვირია თუ რატომ არ გაიჩხრიკა გიორგი გიორგანაშვილის საცხოვრებელი სახლი. მათი თქმით, ცხადია, როდესაც პირს აკავებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ეს უკანასკნელი თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდეს ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებას. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, მით უმეტეს, ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე გამომძიებლებს არც კი უჩნდებათ ამგვარი ეჭვი.

„თუმცა, რომელ ბინის ჩხრეკაზეა საუბარი, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი გიორგანაშვილის სამგზავრო ჩანთა, რომელიც, როგორც პროცესზე გამოირკვა, მას თან ნამდვილად ჰქონდა და ტაქსის მძღოლმა, მიხეილ ბერიძემ მოწმის სახით დაკითხვისას თავადვე დაადასტურა, რომ თვითონ მოათავსა ტაქსის საბარგულში, ისიც კი არ გაჩხრეკილა გამომძიებლების მიერ“, - აღნიშნავს ადვოკატი.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოწმე ჯაბა ხულორდავას ჩვენებაზე.

სწორედ ჯაბა ხულორდავას ინფორმაციის საფუძველზე მოხდა შემდგომ გიორგი გიორგანაშვილის დაკავება. ხულორდავამ, სასამართლოში დაკითვხვისას განაცხადა, რომ ის ირაკლი ქორიძის დავალებით წავიდა თურქეთში, სადაც შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც მას  ნარკოტიკები გადასცა. როდესაც ხულორდავა თბილისში ბრუნდებოდა, ისიც გააჩერეს თბილისის შემოსასვლელთან. ხულორდავამ განაცხადა, რომ მის მანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებები ირაკლი ქორიძეს, გიორგი გიორგანაშვილსა და მას ეკუთვნოდა.

დაცვის მხარის პოზიციით, ჯაბა ხულორდავას მიერ დასახელებულ საქმესთან გიორგი გიორგანაშვილს კავშირი არ აქვს. მათი თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული საქმეები ერთმანეთისგან გამოყოფილია. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ ჯაბა ხულორდავას ჩვენება არ უნდა გაითვალისწინოს.

„ჯაბა ხულორდავას ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის რელევანტური სასამართლოს მიერ განსახილველი სისხლის სამართლის საქმესთან და ასეც რომ ყოფილიყო, მისი ჩვენება არ არის გამყარებული ობიექტური, ხელშესახები სხვა რაიმე მტკიცებულებით“, - განაცხადა ადოკატმა მახარაძემ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჯაბა ხულორდავას პირდაპირი დაინტერესება გააჩნდა ამგვარი ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რადგან მას პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან დაბალ სასჯელზე შეუთანხმდა პროკურატურა და მათ შორის გაფორმდა კიდეც შესაბამისი საპროცესო შეთანხმება.

„მიმდინარე წლის აგვისტოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ჯაბა ხულორდავასთან და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც, პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან კარგი შეთანხმებაა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯაბა ხულორდავას დაკითხვა და იმ დაუსაბუთებელი ფაქტების მტკიცება, რომელიც განსახილვევ სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ მოვისმინეთ, გახდა იმ ხელსაყრელი საპროცესო შეთანხმების საფუძველი, რომელიც შედგა პროკურატურასა და ჯაბა ხულორდავას შორის“, - განაცხადა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე.

ბახალას სასამართლო სხდომა 21 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო მომდევნო პროცესზე ბრალდებულის დასკვნით სიტყვასა და მხარეების საბოლოო სიტყვას მოისმენს.

ბახალას საქმე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^