Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: საეჭვოა, რომ ხანძარი დემონტაჟის უარის მიღების შემდეგ გაჩნდა

08 იანვარი, 2018 16:52

თბილისში ჭონქაძის #21-ში მ. თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობაში გუშინ ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დამწვარია დაახლოებით 100 კვ.მ.

თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, ორი წლის წინ შეიქმნა თბილისის განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციის ფარგლებში სარეკომენდაციო სია შედგა, სადაც იმ შენობების ჩამონათვალი იყო, რომლებსაც უნდა მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ სიაში თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრიც მოხვდა.

მისი თქმით, შენობა არის საბჭოთა პერიოდის, თუმცა ძირითადი ფლიგელი უფრო ადრინდელია.

„შენობა არის საბჭოთა პერიოდის, მაგრამ ძირითადი ფლიგელი უფრო ადრინდელია და ძალიან საინტერესოა, როგორც ჭონქაძის ქუჩაზე გამავალი ფასადი და ასევე ეზოს ფასადი. გარდა ამისა, არსებულ შენობას უკავია ქუჩის განაშენიანების მასშტაბი, რომელიც ჭონქაძის ქუჩისთვისაა დამახასიათებელი. ეს მასშტაბი გათვალისწინებული იყო საბჭოთა პერიოდშიც კი. შემდეგ ამ ძირითად შენობას მიემატა სხვა ფლიგელები და შედეგად შეიქმნა სამხატვრო სასწავლებელი“, - განაცხადა „ლიბერალთან“ ცირა ელისაშვილმა.

მისი თქმით, საპრივატიზაციო მოთხოვნებში დეტალები გარკვევით არ იყო აღნიშნული. მაგ: იყო მოთხოვნა, რომ ინვესტორმა პროექტში უნდა ჩადოს 10 000 000 ლარი; რომ უნდა იყოს 20-ნომრიანი სასტუმრო, მაგრამ ის, თუ როგორ უნდა აშენდეს სასტუმრო, ისტორიული შენობის დანგრევის თუ სხვა რამის გაკეთების ხარჯზე, არ იყო აღნიშნული.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში 2017 წლის მარტში შევიდა მოთხოვნა შენობის დემონტაჟის  ნებართვის აღების შესახებ, რაზეც ინვესტორს უარი განუცხადეს.

„ქ. თბილისში, ჭონქაძის ქ. N21-ში არსებული შენობების დემონტაჟის პროექტი განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი 12, 16.03.2017 წ.), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს ეთქვა უარი. რეკომენდაცია: „შენარჩუნდეს თოიძის სასწავლებლის ძირითადი შენობა. შესაძლებელია ეზოში არსებული გვიანდელი ნაგებობისა და სხვა ტექნიკური მინაშენების დემონტაჟი, თუ წარმოდგენილი იქნება ტერიტორიის სამომავლოდ განვითარების ესკიზი. სამსახურმა გაითვალისწინა საბჭოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს, მოქ. ვ.აბრამიშვილს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე“, - ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის წერილში.

ცირა ელისაშვილის თქმით, ინვესტორს აქვს კერძო ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა არ ექვემდებარება გამაგრებას და უნდა დაინგრეს. ელისაშვილის თქმით, ეს საკამათო საკითხია და დასკვნა არ არის სიღრმისეული.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დემონტაჟს ითხოვს საპროექტო ორგანიზაცია „დე-მარკი“, რომელმაც განახორციელა „მირზა შაფის“ პროექტი.

ცირა ელისაშვილის თქმით, საეჭვოა, რომ ხანძარი შენობაში, რომელსაც არ აქვს ელექტროენერგია და გაზი, უარის მიღების შემდეგ გაჩნდა.

„ვარაუდის დონეზე უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ ეს ხანძარი დემონტაჟის უარის მიღების შემდეგ მოხდა, და მოხდა იმ შენობაში, რომელშიც არ არის ელეტქროენერგია, გაზი, არავინ ცხოვრობს და უბრალოდ დაკეტილია.

მერიამ უნდა გააკეთოს განაცხადი, როგორი ტიპის განაშენიანება ელის ჭონქაძის ქუჩას, თუ მოხდება ამ შენობის დემონტაჟი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩა, სადაც, რა თქმა უნდა, არის ახალი ჩარევები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მასშტაბი, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ამ ქუჩაზე, არ იყოს სახეცვლილი“, - თქვა ელისაშვილმა.

საპროექტო ორგანიზაცია „დე-მარკში" ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ. 

ფოტო: fortuna.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^