
გორში იოსებ სტალინის გარდაცვალების 65 წლისთავის აღსანიშნავად, სტალინისტები და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას მოითხოვენ.
„დღევანდელ დღეს, 1953 წლის 5 მარტს, გარდაიცვალა კაცობრიობის უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ადამიანი, რომელმაც შეძლო, შეექმნა სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. განავითარა ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. მისცა საშუალება თითოეულ მცხოვრებს, ჰქონოდა განათლების, ჯანმრთელობის გაკაჟების, არსებობის საშუალება. სამუშაო ადგილებით იყვნენ უზრუნველყოფილები ადამიანები. მან მოახერხა ფაშიზმის დამარცხება. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სტალინის გარდაცვალებას" - განაცხადეს აქციაზე დემონსტრანტებმა.
აქციის მონაწილებმა სტალინის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც პანაშვიდს გადაიხდიან.
„რადიო თავისუფლების" შეკითხვაზე, თუ როგორია მათი პოზიცია არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რომელიც დღემდე არ გადმოუსვენებიათ, „კომუნისტური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი პასუხობს.
„დიდ გაუგებრობაში ვართ მოხვედრილები ჩვენც და ჩვენი ძმებიც. ცუდი საქმეები კეთდება ორივე მხრიდან. მიუღებლად მიმაჩნია ის, რომ ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე გადმოუსვენებელია. ეს ყოვლად უმსგავსი საქციელია, რა პოლიტიკური ძალაც უნდა იდგეს ამ ანტირელიგიური საქციელის უკან" - ამბობს ლურსმანაშვილი.
მან ასევე განმარტა, რომ პარტია გეგმავს, სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დააყენოს.