„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ეს თავად „მარშისა“ და რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მოთხოვნა იყო.
სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მისი საპრეზიდენტო პროგრამა ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლე პენის პროგრამის მსგავსი იქნება
„ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა იქნება დაახლოებით ისეთი, როგორი საპრეზიდენტო პროგრამაც ჰქონდა მარინ ლე პენს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, უბრალოდ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობასთან მისადაგებული“, - უთხრა „ლიბერალს“ სანდრო ბეგრაძემ
ბრეგაძის დაპირებები დისკრიმინაციულ მიდგომებს შეიცავს. მისი თქმით, მისი საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები იქნება:
„სამხედრო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ამ ნეიტრალიტეტზე დამყარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; აგრეთვე, იქნება მიგრაციის ტალღის შეჩერება; საემიგრაციო კანონის უკიდურესად გამწვავება და აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების მიღების აკრძალვა; აგრეთვე, იქნება გარყვნილებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღება; აგრეთვე, საბანკო ტერორის შეჩერება ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე; ქართული მიწის გაყიდვის შეჩერება, ესეც საკანონმდებლო დონეზე და კიდევ საკმაოდ ვრცელი პროგრამა იქნება, რომელზე მუშაობასაც ჩვენი სპეციალისტები მალე დაიწყებენ“, - განუცხადა ბრეგაძემ „ლიბერალს“.
ბრეგაძის თქმით, პროგრამის პრეზენტაცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება, შემდგომში სპორტის სასახლეში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ სტადიონზე წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება.
12 აპრილს სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ 30 აპრილიდან მათი დაკავებული თანაგუნდელების გათავისუფლების მოთხოვნით „სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებას აპირებს. „რუსთავი 2-თან" გამართული აქციის დროს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ძალადობის, ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებებით „ქართული მარშის" 7 წევრი დააკავეს.
როგორ ეხმაურებიან ინტერნეტში სანდრო ბრეგაძის შესახებ „ქართული მარშის“ პოსტს
ბიოგრაფია
- 2017 წლიდან სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერია. მოძრაობის, რომელიც ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.
- 2014 წლის 2 ოქტომბერიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
- მანამდე ბრეგაძეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
- 1999-2004 წლებში სანდრო ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინებიდან“.
სანდრო ბრეგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.