ჭონქაძის ქუჩაზე, მ. თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობის დემონტაჟზე მერიამ ნებართვა 2 მაისს გასცა. შენობის დემონტაჟი დაწყებულია.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შენობის დემონტაჟის საკითხი განხილული იყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეც. საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.
შენობის მფლობელი და დამკვეთია ორგანიზაცია შპს „ასტორია“. ის, თუ რა იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ცნობილი არაა. „ლიბერალი“ დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს, მაია თვალიაშვილს.
„რაც გაკეთდება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს უკეთესს მომავლისთვის, ქალაქისთვის. ის იქნება ბევრად უფრო ლამაზი. ვიფიქროთ მხოლოდ დადებითსა და პოზიტივზე“, - თქვა მაია თვალიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ იანვარში შენობაში გაჩნდა ხანძარი. როგორც შსს-ში „ლიბერალს“ მაშინ განუცხადეს, დამწვარი იყო 100 კვ. მ. შენობა, რომელშიც არც ელექტროენერგია იყო და არც გაზი, ხანძრის მიზეზი საზოგადოებაში კითხვებს აჩენდა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში იმავე შენობაზე 2017 წლის მარტში შევიდა მოთხოვნა დემონტაჟის ნებართვის შესახებ, რაზეც ინვესტორს უარი განუცხადეს.
ცირა ელისაშვილის თქმით, საეჭვოა, რომ ხანძარი შენობაში, რომელსაც არ აქვს ელექტროენერგია და გაზი, უარის მიღების შემდეგ გაჩნდა.
„ვარაუდის დონეზე უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ ეს ხანძარი დემონტაჟის უარის მიღების შემდეგ მოხდა, და მოხდა იმ შენობაში, რომელშიც არ არის ელეტქროენერგია, გაზი, არავინ ცხოვრობს და უბრალოდ დაკეტილია“, - აცხადებდა ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი „ლიბერალთან“.
შენობის კონსტრუქციული დასკვნა ეკუთვნის გოჩა გეთიაშვილს. დასკვნაში წერია, რომ შენობის ვიზუალური დათვალიერებისას მრავალ ადგილას შეინიშნება საძირკვლებისა და კედლების დეფორმაცია, დახრილი გამჭოლი ბზარებით და შესაძლებელია, მცირე სეისმური ბიძგების შემთხვევაში მათი მდგრადობის დაკარგვა.
თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, ორი წლის წინ შეიქმნა თბილისის განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციის ფარგლებში სარეკომენდაციო სია შედგა, იმ შენობების ჩამონათვალით, რომლებსაც უნდა მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ სიაში თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრიც მოხვდა.
ელისაშვილი: საეჭვოა, რომ ხანძარი დემონტაჟის უარის მიღების შემდეგ გაჩნდა