მემანქანეთა ყოველთვიურ ხელფასზე ქალაქის მერია და მემანქანეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. საზოგადოება ცდილობს, გაერკვეს, რომელი მონაცემია რეალური.
ამაში გასარკვევად „ლიბერალი" შეეცადა, დაედგინა, რა მონაცემებს ეყრდნობა მერია, როცა ამბობს, რომ მემანქანეთა ყოველთვიური ხელფასი 1400-1800 მდე მერყეობს და რას ეყრდნობიან მემანქანეები, როცა ამბობენ, რომ 250 კაცის ყოველთვიური ხელფასი ხელზე ასაღები 1 100–1 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რა მონაცემებს ეყრდნობა მერია?
დღეს ქალაქის მერმა ჟურნალისტებს, მისივე თქმით, მეტროს მემანქანეთა ანაზღაურების ამსახველი დოკუმენტიც მიაწოდა.
კალაძის თქმით, მემანქანეთა ხელფასი დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს.
დარიცხული ნიშნავს არა ხელფასის იმ ოდენობას, რომელსაც დასაქმებული იღებს ხელზე, არამედ გადასახადის ჩათვლით.
„ლიბერალი" სატრანსპოროტო კომპანიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა მონაცემები წარმოადგინა დღეს მერმა ბრიფინგზე.
„ეს არის წლების მიხედვით ჩაშლილი მათი ხელფასი, ოღონდ საშუალოა გამოყვანილი, რომელშიც შედის როგორც ხელფასი, ასევე ის ბენეფიტები, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები წლის განმავლობაში იღებენ. ეს არის საშუალო, ოღონდ არა ხელზე ასაღები, არამედ დარიცხული", - განუცხადეს „ლიბერალს“ სატრანსპორტო კომპანიაში.
კითხვაზე - გამოაქვეყნებს თუ არა კომპანია გვარების დასახელების გარეშე, მაგალითად, ბოლო თვის მონაცემს, თუ რამდენი ჩაერიცხა 250 ადამიანს ხელზე ასაღები ხელფასი? - მათი პასუხი იყო, რომ არ იციან, აქვს თუ არა კომპანიას ასეთი ინფორმაციის გაცემის უფლება.
რას ეყრდნობა მემანქანეთა ინფორმაცია მათი ხელფასების შესახებ?
რამდენიმე მემანქანემ „ლიბერალს“ აჩვენა საბანკო სახელფასო ამონაწერი, სადაც ჩანს, რა რაოდენობის ხელზე ასაღები ხელფასი დაერიცხათ მათ.