სანამ შახტი დალუქული იქნება, მეშახტეების ანაზღაურებას კომპანია უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ლიბერალს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. კომპანია „საქნახშირსა" და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები 2 დღე მიმდინარეობდა:
„ტყიბულის საწარმო არის კერძო კომპანია, რომელსაც საკუთარი ეკონომიკური გათვლა, მოგება და მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. კომპანიამ შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედებს.
რაც შეეხება მეშახტეების ანაზღაურების საკითხს, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც შახტა იქნება დალუქული, მეშახტეების ანაზღაურებას კომპანია უზრუნველყოფს", - წერია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის „საქნახშირის“ გადაცემის თემაზე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კონსულტაციები და სამინისტრო ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
კომპანია „საქნახშირში" შახტების დალუქვის პერიოდში კომპენსაციების გაცემის საკითხს არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, ამაზე მოლაპარაკებები მიდის და იმის თქმა ერთმნიშვნელოვნად, რომ სანამ შახტი იქნება დალუქული, კომპანია მეშახტეებს ხელფასს სრულად აუნაზღაურებს, ადრეა.
ამავე თემაზე: მეშახტეები კომპენსაციის საკითხზე პრემიერისგან გარანტიებს ითხოვენ